ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ბახმუტს არ თმობს, აფეთქება სევასტოპოლში და რუსეთის იერიში ხერსონზე


უკრაინის თავდაცვას ბახმუტის სტრატეგიული პოზიციები ისევ უჭირავს და მათ დათმობას არ აპირებს - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მეთაური. მანამდე რუსეთმა თქვა, რომ ის დაწინაურდა ბახმუტში, დონეცკის რეგიონის იმ ქალაქში, სადაც თვეზე მეტია მწვავე ბრძოლები გრძელდება.

"ჩვენ ვუტევთ მტერს, ხშირად მათთვის მოულოდნელად და [ფრონტის] სტრატეგიული ხაზები კვლავაც გვიჭირავს" - ამბობს ოლექსანდრ სირსკი, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური. მან განცხადება სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" კვირას, 23 აპრილს გამოაქვეყნა. სირსკის თქმით, "აქ ყველა გმირია. რუსები მძიმე დანაკარგებს განიცდიან... ჩვენ ვანადგურებთ მათ პერსონალს და მათ საიერიშო შესაძლებლობებს".

სირსკის კომენტარს რამდენიმე საათით წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ქალაქ ხერსონის დასავლეთ ნაწილში, ორ უბანში დაწინაურდა. ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მეთაურობს "ვაგნერის ჯგუფს", რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფებას, აცხადებს, რომ მისი ძალები თითქმის მთელ ქალაქს აკონტროლებენ.

მედიის საშუალებებს ამ ეტაპზე არცერთი მხარის მიერ გავრცელებული განცხადებების გადამოწმებაზე ხელი არ მიუწვდება.

დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა პავლო კირილენკომ 24 აპრილს თქვა, რომ რუსეთი ბახმუტს ინტენსიურად უტევს. მისი განცხადების მიხედვით, ბოლო 24 საათში იქ კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააიღუპა და ორი დაიჭრა.

პარალელურად, "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტები იუწყებიან, რომ 24 აპრილის დილით, ორი აფეთქების ხმა იყო რუსეთის მიერ კონტროლირებულ, ყირიმის პორტ სევასტოპოლში. მოსკოვის მიერ დანიშნული სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ ქალაქს ორმა უკრაინულმა დრონმა შეუტია. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ერთის ჩამოგდება შეძლო, მეორე კი თავისით აფეთქდა.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა "შეეცაადა იერიში მიეტანა" სევასტოპოლში მდებარე რუსეთის საზღვაო ძალებზე. მოსკოვის განცხადებით, მათ არა ორი, არამედ სამი დრონი ჩამოაგდეს.

ფრონტის ხაზებიდან ასევე ვრცელდება ცნობები, თითქოს უკრაინამ მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა, რომელსაც მანამდე რუსეთი აკონტროლებდა. კიევი აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ცნობებს არც მოსკოვის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ. ვლადიმირ სალდო "ტელეგრამზე" ამბობს, რომ რუსეთის ძალები ამ ნაწილს "სრულად აკონტროლებენ".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG