უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს იმ ლიდერებს მიმართა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის და სრულმასშტაბიანი ომის მიმართ ერთგვარ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ.
ზელენსკის მიმართვა მექსიკელი კანონმდებლებისადმი, აშკარა მინიშნება იყო ბრაზილიელ ლიდერ ლუის ინასიო ლულა და სილვაზე, რომელმაც უარი თქვა უკრაინას იარაღით დაეხმაროს. მან ომის დაწყებაში ორივე მხარეს - რუსეთსა და უკრაინას - დასდო ბრალი და წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ ქვეყნების გაერთიანებამ, მათ შორის ჩინეთმა და ბრაზილიამ, სამშვიდობო გეგმის ჩამოყალიბებით, მშვიდობის მიღწევაზე იმუშავოს.
მექსიკის ლიდერმა კი, ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა მართალია დაგმო ანექსია, მაგრამ უარი თქვა რუსეთზე ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ნეიტრალური პოზიციების მქონე ქვეყნების ლიდერები არცერთხელ არ ჩასულან ომის დღეებში უკრაინაში და არ უნახავთ რუსული აგრესიის შედეგები. ახლა კი ისინი "ერთგვარი პოპულიზმის ეგიდით აცხადებენ, რომ უკრაინა მშვიდობისთვის მზად არ არის".
ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა დიდი, მრავალეროვნული ფირმები, რომლებიც "მილიონებს აკთებენ რუსეთთან ვაჭრობით" და დასძინა, რომ მსოფლიო სავსეა "მოჩვენებითი და ორპირი" გარიგებებით.