კიევი აცხადებს, რომ რუსულ ძალებს, აღმოსავლეთის ბრძოლის ველზე, ქალაქ ბახმუტში გარკვეული მიღწევები აქვს. ამასთან, კიევი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსულ ძალებს კი მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს.
უკრაინული ძალები, ბახმუტში თითქმის ხუთი თვის განმავლობაში თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ „მტრის ძალებს გარკვეული წარმატება ჰქონდათ საკუთარ ქმედებებში, რომელიც მიზნად ქალაქ ბახმუტზე შეტევას ისახავდა. ჩვენი დამცველები იკავებენ ქალაქს და იგერიებენ მრავალ შეტევას.“
უკრაინის გენშტაბის ანგარიშში არ არის მითითებული რუსული ძალების მიღწევების დეტალები. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ რუსულმა ჯარებმა და „ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქალაქის სამხრეთში და სამხრეთ-დასავლეთში, გარკვეული ტერიტორიები დაიკავეს. ამასთან, მიმდინარე კვირაში, ქალაქის ჩრდილოეთით, დაქირავებულმა მებრძოლებმა ლითონის ქარხანა დაიკავეს.
ამ ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაკარგები გარდაუვალია, მაგრამ „მტრის მიერ განცდილი დანაკარგი გაცილებით მეტია.“
უკრაინის სამხედრო სპიკერმა, სერხიი ჩერევატიმ, უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას თქვა, რომ „ბახმუტი სამხედრო აქტივობის ექპიცენტრად რჩება.“