ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუქარესტი უარყოფს კიევის მტკიცებას, თითქოს რუსულმა დრონებმა იერიში რუმინეთზე მიიტანა


უკრაინის ხელისუფლების მიერ 4 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, რუსეთმა იერიში ნატოს წევრ ქვეყანაზე მიიტანა. საუბარია უკრაინის მისაზღვრე რუმინეთზე, სადაც კიევის მტკიცებით, რუსული დრონები აფეთქდა. კიევი ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიჰქონდა უკრაინულ პორტებზე.

„უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, გუშინ იზმაილის პორტთან რუსეთის მასიური თავდასხმის დროს, რუსული „შაჰიდები“ ჩამოვარდა და აფეთქდა რუმინეთის ტერიტორიაზე“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო და განმარტავს, რომ რუსეთის „სარაკეტო ტერორი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრიანას, არამედ მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის - ნატოს წევრ სახელმწიფოებს“.

„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის ფოტოსურათი, სადაც ჩანს აფეთქების მომენტი, თუმცა ამ დრომდე, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ფოტოს ნამდვილობას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს.

უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონებით იერიში მოხდა, ბუქარესტი უარყოფს.

„[რუმინეთის] თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს საჯარო ინფორმაციას, რომლის მიხედვითად რუსული უპილოტო თვითმფრინავები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“ - წერია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სააგენტო „როიტერი“ რუმინეთში დანიელა ტანასეს დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტის ადგილთან ახლოს ცხოვრობს. მან „როიტერთან“ საუბრის დროს თქვა, რომ გვიან ღამით ძალიან წვიმდა, გაიგეს აფეთქებებისა და საჰაერო სირენების ხმა, თუმცა - უკრაინის ტერიტორიიდან.

რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და თუ მასზე თავდასხმა მოხდება, ამოქმედდება მეხუთე მუხლი. ნატოს წევრ ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა კი ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. უკრაინელი დეპუტატი ოქსანა სავჩუკი ფიქრობს, რომ რუმინეთის უარყოფა შეიძლება იყოს ნატოს მცდელობის ნაწილი, თავიდან აიცილოს რუსეთთან პირდაპირი ომი, - წერს სააგენტო "როიტერი".

რუსეთმა უკრაინულ პორტებზე იერიშები ზაფხულში გააძლიერა, მას შემდეგ რაც კრემლმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა. ბოლო იერიშები გვიან ღამით მოხდა, რამდენიმე საათით ადრე, სანამ რუსეთისა და თურქეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართებოდა. ერდოღანი-პუტინის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაა. თავის დროზე უკრაინასა და რუსეთს შორის ეს შეთანხმება სწორედ ანკარას და გაეროს ჩართულობით შედგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG