ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონმა პარასკევს განაცხადა, რომ პრევენციულ ქიმიოთერაპიას გადის. პრინცესას განცხადებით, ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იანვარში ჩატარებული მუცლის ღრუს ოპერაციის შემედეგ გაკეთებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მას კიბო აქვს.
42 წლის ქეითმა, ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის მეუღლემ, იანვარში ორი კვირა გაატარა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მისმა ოფისმა განაცხადა, რომ არჩევითი ოპერაცია დაუზუსტებელი, მაგრამ არასიმსივნური მდგომარეობისთვის, წარმატებით ჩატარდა.
მაგრამ, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ის ფერმკრთალი და დაღლილი გამოიყურება, პრინცესა ქეითი ამბობს, რომ შემდგომი ტესტებით კიბო გამოვლინდა, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ძლიერდება.
„ამიტომ, ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ოჯახი ამას გაუმკლავდეს”, - ამბობს ქეითი 20 მარტით დათარიღებულ ვიდეოში.
ქეითის ოფისმა, კენსინგტონის სასახლემ განაცხადა, რომ კიბოს ტიპის შესახებ, რომელიც აღმოჩენილია, სხვა დეტალებს არ გაავრცელებს და თქვა, რომ პრინცესას სამედიცინო კონფიდენციალობის უფლება აქვს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქეითმა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია თებერვალში დაიწყო.
სასახლეში აცხადებენ, რომ პრინცესა, რომელიც ჯერ კიდევ ქალიშვილობის სახელით, ქეით მიდლტონად არის ცნობილი, აღდგომის შემდეგ, ოფიციალურ მოვალეობებს არ დაუბრუნდება. მაგრამ, ბოლო კვირების განმავლობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისმა არყოფნამ, ინტენსიური სპეკულაციები გამოიწვია. ქეითი საჯარო ღონისძიებებზე, შობის დღესასწაულის შემდეგ არ გამოჩენილა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ ქეითს უნდა დაეთმოს დაცული პირადი სივრცე და კონფიდენციალობის საშუალება, რათა ყურადღება გაამახვილოს მკურნალობაზე და ოჯახთან ერთად იყოს.
"უელსის პრინცესას აქვს მთელი ქვეყნის სიყვარული და მხარდაჭერა, ის განაგრძობს გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია სუნაკის განცხადებაში.