ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლეთი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას ცდილობს


Russia marks Victory Day with military parade in Moscow
Russia marks Victory Day with military parade in Moscow

მოსკოვში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ დასავლეთი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას ცდილობს.

„კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიის გამოყენება - მასშტაბური საინფორმაციო ომის ორგანიზებიდან ფერადი რევოლუციების პირდაპირ გაღვივებამდე, როგორც ამის გაკეთებას ცდილობს ახლა საქართველოში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "დსთ"-ს უშიშროებისა და სადაზვერვო სამსახურების 20-ე სხდომაზე.

რუსეთი იმედოვნებს, რომ "დასავლეთის მცდელობები, მოაწყოს საქართველოში "ფერადი რევოლუცია", ჩაფლავდება", - ამის შესახებ ამავე სხდომაზე განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა.

„დღეს თბილისი მორიგი ფერადი რევოლუციის მცდელობას აწყდება, უფრო სწორედ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. იმედს ვიქონიებთ, რომ ის ჩაფლავდება, როგორც მანამდე იშლებოდა დასავლეთის თავხედური მცდელობები, შეერყია ბელარუსი და ყაზახეთი“, - განაცხადა ნარიშკინმა.

მანვე დაამატა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „დაშორდა ულტრალიბერალურ დღის წესრიგს და შეუდგა ეროვნული ინტერესების, ტრადიციებისა და საქართველოს საზოგადოების ფასეულობების დაცვას“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ნარიშკინი ამბობდა, რომ დასავლეთის მცდელობის მიუხედავად, ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეებში, დარწმუნებული იყო, რომ ქართველი ხალხი „სწორ და ზუსტ არჩევანს“ გააკეთებდა.

26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ თვეში, მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა. მისი უფლებამოსილების ცნობა არჩევნების გასაჩივრებული შედეგების და საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტის შენობაში პოლიციის მრავალშრიანი კორდონის გაძლიერებული დაცვით შევიდნენ

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია. შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.

საქართველოს პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოება და ბარიერგადალახული ოპოზიციური ჯგუფები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ევროკავშირი საქართველოში „ფაქტების შემსწავლელი“ ტექნიკური მისიის გამოგზავნას აპირებს, საერთაშორისო პარტნიორები კი, გაყალბების „სერიოზული ეჭვების“ გამო, სადავო შედეგების მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG