რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. ეს, ბოლო ორ თვეში, ამ უწყების მიერ გაკეთებული მეორე მსგავსი განცხადებაა.
როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით, „თეთრ სახლში უკიდურესად უკმაყოფილო არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, "ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ მოხალისეს აგროვებენ ხმის მიცემის მიმდინარეობაზე მჭიდრო დაკვირვებისთვის, მათ უყენებენ ამოცანას, გამოავლინონ და დააფიქსირონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარდაუვალი ფაქტები“.
უწყების ცნობით, „თბილისის მაიდანზე“ გეგმავენ არჩევნების „გაყალბების მტკიცებულებების“ აღმოჩენას, არჩევნების შედეგების არაღიარების გამოცხადებას და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას. "ეცდებიან სამართალდამცავების პროვოცირებას, პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით".
„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ ამუშავებენ ვარიანტებს, ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე დაუნდობელი პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის გასაცემად", - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრის განცხადებაში.
რუსეთის სპეცსამსახურში ფიქრობენ, რომ საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შესწევს საპარლამენტო არჩევნებში ხალხის დამაჯერებელი მხარდაჭერის მიღების ძალა, „ვინაიდან, ამერიკელების მცდელობების მიუხედავად, ოპოზიცია დანაწევრებულია, სხვადასხვა ძალის მიერ შექმნილი კოალიციები კი - არამტკიცე. ის, რასაც ამერიკელები უფრთხიან, ხელს გაუხსნის მმართველ პარტიას, გააგრძელოს სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულებაზე“, - იუწყება რუსეთის საგარეო დაზვერვა და ამატებს, რომ ვაშინგტონში მსგავსი სცენარი მიუღებლად მიაჩნიათ, ამიტომ, „ამერიკელები არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში აპირებენ მასშტაბურად გაზარდონ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ „ქართული ოცნების“ ელექტორალური პოზიციები“.
საქართველოში შემოდგომაზე მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით რუსეთში ხშირად საუბრობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა 4 ივნისს განცხადა, რომ დასავლეთი ოქტომბრისთვის საქართველოში ახალი „მაიდნის“ მოწყობას ცდილობს.
ე.წ. "აგენტების კანონის" ხელმეორედ ინიციირების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოში „მაიდნის სცენარსა" და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
მსგავსი განცხადება სუსმა გასული წლის სექტემბერშიც გამოაქვეყნა.
ე.წ. "აგენტების კანონის" მიღების აუცილებლობას საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტით ხსნის.
მანამდე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსების მიმღები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ორჯერ ცდილობდნენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი "ქვეყანაში რევოლუციური სცენარების მხარდაჭერაში" დაადანაშაულა. ვაშინგტონმა თბილისის ბრალდებები უარყო.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აგვისტოს დასაწყისში, თბილისში ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ, "აბსოლუტური სიცრუეა“, თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა.