ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრუშევი: 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა ამერიკელებმა მოაწყვეს


ნიკოლაი პატრუშევი - რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე. ფოტო არქივიდან.
ნიკოლაი პატრუშევი - რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე. ფოტო არქივიდან.

გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი ამბობს, რომ „2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა“ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო.

„სიცრუე და პროვოკაციები - ეს ვაშინგტონისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების პოლიტიკის თანმდევია. კონკრეტულად ამერიკელებმა მოაწყვეს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. საქართველოს საქმეებში შეერთებული შტატების პირდაპირმა ჩარევამ გამოიწვია მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასვლა. ვიმედოვნებ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავისი ტანჯვით ამერიკელების ქმედებების საფასურს იხდის“, - თქვა პატრუშევმა.

რუსი ოფიციალური პირის სიტყვები ემთხვევა საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ "2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო".

2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება მოგვიანებით გაიმეორა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG