ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერაზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის“, - წერია განცხადებაში.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება“.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

XS
SM
MD
LG