საქართველოს მთავრობა სწავლობს სამი მსხვილი ირანელი ინვესტორის:, ფურია ნაიების, ჰოუშენგ ჰოსეინფორისა და ჰოუშენგ ფარსუდეჰის შესაძლო კავშირებს ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსთან (Army of the Guardians of the Islamic Revolution), რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
სამი ირანელი ბიზნესმენი, რომლებიც საქართველოში ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯიას“, ინვესტბანკს და სხვა ბიზნესებს ფლობენ, ოფიციალურ თეირანთან მჭიდრო კავშირში გავლენიანმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ დაადანაშაულა.
ამერიკული გამოცემა ამტკიცებს, რომ საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილი 150 მცირე თუ საშუალო კომპანია, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მიერ, მიზანმიმართულად, საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით არის დაარსებული. ნაიებმა და ჰოსეინფორმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, ფარსუდეჰმა კი ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ პუბლიკაციის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს და ირანის დაახლოებით, 150-მდე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საბანკო ანგარიშიც გაუყინეს.
„როგორც კი გაეროდან რეზოლუციის სახით შემოდის ეს სიები. თუ აღმოჩნდა, რომ ამ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აქვთ ჩვენთან საბანკო ანგარიშები, ეს ანგარიშები მოსამართლის გადაწყვეტილებით იყინება.
ეს არის გაეროს რეზოლუციების და შესაბამისი სანქციების აღსრულების მექანიზმი, რომელიც მოქმედებდა წინა ხელისუფლების ფარგლებში და მოქმედებს ეხლაც. ის ინფორმაციები, რაც ბოლო დროს გაჟღერდა ამერიკულ მედიაში ამჟამად მოწმდება.“
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 39 წლის, თეირანელმა ფურია ნაიებმა და 46 წლის, კანადაში მცხოვრებმა ჰოუშენგ ჰოსეინფორმა ბიზნესი საქართველოში 2011 წელს დაიწყეს. ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯია“ მაისში მათ, დუბაიში მცხოვრებ მოჰამად ბაგერ ნაჰვისთან ერთად დაარსეს.
მოგვიანებით, ნაჰვი ბიზნესიდან გავიდა. მის ნაცვლად მეწილე ირანელი ჰოუშენგ ფარსუდეჰი გახდა. დღეს „ფლაი ჯორჯიას“ 35 პროცენტს საქართველოს ოთხი მოქალაქე ფლობს, საკონტროლო პაკეტს კი ორი ირანელი.
2011 წლის აგვისტოში, ფურია ნაიები „ინვესტბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. საბჭოში ასევე შევიდნენ ფარსუდეჰი და ჰოსეინფორმი. ყოფილი საბჭოს დათხოვნის გადაწყვეტილება ინვესტბანკის ყველაზე მსხვილმა აქციონერმა, ლიხტენშტეინში დაარსებულმა KSN Foundation-მა მიიღო.
2011 წლის ოქტომბერში, ფურია ნაიები თეთრიწყაროს რაიონში მიწის მსხვილ ფართობებს დაეპატრონა. სოფელ ხაიშში მან 121 ჰექტარზე მეტი, სოფელ წინწყაროში კი 72 ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეიძინა.
სხვა ბიზნესებიდან, რომელშიც ეს ჯგუფი მონაწილეობს აღსანიშნავია ბიტუმის (ასვალტის) იმპორტი ირანიდან და ცხვრების ექსპორტი საქართველოდან ირანში.
ბოლო წლებში, მათ სხვა მსხვილი კაპიტალდაბანდების რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. თბილისში სურდათ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ შეძენა და კახი კალაძის „პროგრეს ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვა. ასევე უშედეგოდ სცადეს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დამკვიდრება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ირანის სამივე მოქალაქემ, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულის სენტ-კიტსის და ნევისის მოქალაქეობა მიიღეს, პროგრამით „ინვესტიცია მოქალაქეობის სანაცვლოდ“. მოქალაქეობა ამ ქვეყანაში აპლიკანტს 250 000-დან 450 000 დოლარამდე უჯდება.
თბილისში გამომავალი სპარსული ჟურნალის „არიანას“ მთავარი რედაქტორი, ბიზნესმენი სარა ღაზი ფიქრობს, რომ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ წერილმა და მასზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციამ, შეიძლება ირანულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე შეუქმნას.
„ირანული ბიზნეს კომპანიები, ცალკეული ირანელი მოქალაქეები, რომლებიც უკვე წლებია საქართველოში საქმიანობენ და ცხოვრობენ, იმედგაცრუებულები არიან. ჩვენ ყველანი საფრთხის მოლოდინში ვართ. ხომ არ მოხდება ჩვენი ბიზნესების და საქმიანობის შეზღუდვა?!
როდესაც ჩვენ საქართველოში მოვახდინეთ გარკვეული თანხის დაბანდება, აქაური ხელისუფლებისგან მივიღეთ პირობა, რომ ჩვენი ბიზნესები ამგვარი საფრთხეებისგან დაზღვეული იქნებოდა. დღეს კი ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ საფრთხე რეალურია, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უკვე შეიცვალა ან აწი შეიცვლება.“
საქართველო და ირანი უვიზო მიმოსვლაზე ზუსტად ორი წლის წინ შეთანხმდნენ. ამ ხნის მანძილზე, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ფაქტობრივად გაორმაგდა. თუ 2010 წელს, საქართველოში ირანულმა იმპორტმა 55 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე შარშან თითქმის 100 000 000 დოლარს მიღწია. 2013 წლის მაისის ჩათვლით კი, ირანიდან 38 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა.
პარალელურად, გაორმაგდა ექსპორტიც. 2010 წლის 14 000 000-დან ქართული ექსპორტი ირანში, 2012 წელს - 20 000 000 დოლარამდე გაიზარდა.
ჯერჯერობით, უცნობია, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება საქართველოში ირანული ბიზნესის მიმართ, იმ ფონზე, როცა ჯერ „უოლ სტრიტ ჯორნალმა“, შემდეგ კი „ფორბსმაც“ პრემიერ ივანიშვილის ახალი მთავრობა ფაქტობრივად პრო-ირანული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ორივე პუბლიკაციას „შეკვეთილი“ უწოდა.
კვირის დასაწყისში, ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტისას კი განაცხადა - რომ „ბირთვული იარაღი საშიშია! ჩვენ ვახორციელებთ გაეროს ყველა სანქციას და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა შევძლოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.