ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ აფეთქებდა ისრაელის ელჩს საქართველოში?!


პატრიარქი ილია მეორე, შიმონ პერესი და იცხაკ გერბერგი
პატრიარქი ილია მეორე, შიმონ პერესი და იცხაკ გერბერგი

საქართველოში ისრაელის ელჩის იცხაკ გერბერგის გამოძიებაში, ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინალისტებიც ჩაერთვნენ. ეს ინფორმაცია დღეს ისრაელის პრესით გავრცელდა.

გაზეთ „ედიოთ არხონოტის“ ცნობით, ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენლები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ. ექსპერტ-კრიმინალისტები საქართველოში ისრაელის ელჩის ავტომობილის აფეთქებისთვის გამიზნულ ასაფეთქებელ მოწყობილობას შეისწავლიან.

ავტომანქანა „ჰიუნდაი გეცში“, რომელიც საქართველოში ისრაელის ელჩს იცხაკ გერბერგს და მისი ოჯახის წევრებს ემსახურება, გუშინ დილით, ელჩის პირადმა მძღოლმა რომან ხაჩატურიანმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომანქანა საქართველოს მოქალაქის რომან ხაჩატურიანის საკუთრებაა და მისი სატელეფონო ზარის შემდეგ, სპეციალურმა სამსახურმა მოწყობილობა ადგილზე გააუვნებელყო.

არაოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის ელჩის იცხაკ გერბერგის გარდა, ამ ავტომობილით მისი მეუღლე შინი, და სამივე შვილი - 23 წლის იანივი, 18 წლის აიალა და 12 წლის ტომერიც სარგებლობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩვენებაში, მძღოლი რომან ხაჩატურიანი კერძოდ ამბობს

„სახლიდან დილით ცხრის ნახევარზე გამოვედი. ბავშვი 116-ე სკოლაში მივიყვანე და წამოვედი იქედან. ვმუშაობ საელჩოში და ავტომანქანა ამ ტერიტორიაზე დავაყენე. როცა ვაყენებდი მანქანას გავიგე რაღაც ხმა. გადმოვედი მანქანიდან და შევამჩნიე, რომ რაღაც მიკრული იყო მაგნიტით.“

ისრაელის ელჩის პირადი მძღოლის ჩვენების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ჰიუნდაი გეცზე“ ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესაძლოა, მძღოლის სახლიდან გამოსვლამდე დაამონტაჟეს; ანაც, მაშინ როცა ავტომანქანა 116-ე საშუალო სკოლასთან შეჩერდა.

116-ე სკოლა, „დინამოს“ სტადიონთან ახლოს, შოთა იამანიძის ქუჩაზე მდებარეობს. საქართველოში ისრაელის საელჩო კი აღმაშენებლის გამზირის 154 ნომერშია განთავსებული. ამ მისამართზე ისრაელის საელჩო და საკონსულო ერთი წლის წინ გადავიდა.

გაზეთი „მაარივი“ ისრაელის სპეცსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ თბილისში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა „ავტომანქანაზე პროფესიონალის დაყენებულია და ამასთან უნიკალურია. აქამდე ასეთი არ შეხვედრიათ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ საქმის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს

„გუშინ დილით ისრაელის საელჩოს ქართველი თანამშრომლის ავტომანქანაში აღმოჩნდა ბომბი. საელჩოს თანამშრომელმა ამის შესახებ პოლიციას აცნობა და პოლიციამ ბომბის გაუვნებელყოფა მოახდინა.

გამოძიება მიმდინარეობს და ვნახოთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ.“

ტერაქტის მცდელობა თბილისში, ისრაელში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვერონიკა ქობალიას ვიზიტს დაემთხვა. საქართველო-ისრაელს შორის უპრეცედენტო დიპლომატიური კრიზისის გამო, ბოლო თერთმეტი თვის მანძილზე, ეს ასეთი მაღალი რანგის ქართველი ჩინოვნიკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ისრაელში.

ქობალია ხმელთაშუაზღვის ტურისტულ გამოფენას ესწრება და უკვე შეხვდა ისრაელის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და გზების მინისტრს ისრაელ კაცემს. გუშინვე თელ ავივში ქობალიამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ტერაქტის გამოძიებას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კურირებს. საგარეო მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტერაქტის მცდელობის გამო კერძოდ აღნიშნა

„ჩვენი სამართალდამცავები ამ თემაზე მუშაობენ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი როგორც კი გამოძიება დასრულდება. იმედია, არავის არ გაქვთ ეჭვები რამდენად ეფექტურად მუშაობენ ჩვენი სამართალდამცავები.“

თბილისში ისრაელის ელჩის აფეთქების მცდელობაში ისრაელმა უკვე ღიად დაადანაშაულა ირანი. როგორც ცნობილია, ტერორისტებმა გუშინ დელიში ისრაელის საელჩოს კუთვნილი ავტომანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ინდოეთში ისრაელის სამხედრო ატაშეს მეუღლე დაიჭრა.

გაზეთი „ჰაარეცი“ წერს, რომ ორივე ტერაქტის უკან ირანის დაზვერვა დგას, რომელმაც ტერაქტები თბილისსა და დელიში ადგილობრივი ტერორისტული ჯგუფების მეშვეობით დაგეგმა. ოფიციალურმა თეირანმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო. საქართველოში ირანის სალჩომ კი კომენტარზე უარი განაცხადა.

XS
SM
MD
LG