ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა სამხედროებს საქართველოში ჩასვლა აუკრძალა


საქართველო პირველად მოხვდა იმ 36 სახელმწიფოსა და რეგიონს შორის, რომელიც ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა "შავ სიაში" შეიყვანა. შტაბი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურული ნაწილია, რომელიც ასეთი სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.

შავ სიაში მოხვედრილ ქვეყნებში გამგზავრება ისრაელის არმიის ოფიცრებსა და სერჟანტებს ოფიციალურად ეკრძალებათ. ახალი სპეციალური ბრძანება ამის თაობაზე უკვე გამოსცა ცაჰალის (Israel Defense Forces) გენერალური შტაბის ოპერატიულმა განყოფილებამ.

საქართველოს გარდა, შავ სიაში ასევე მოხვდნენ: აზერბაიჯანი, თურქეთი, ტაილანდის სამხრეთის რაიონები, ეგვიპტე, ტუნისი, იორდანია, ქაშმირი, ჩეჩნეთი და კენიის რამდენიმე რეგიონი.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შავ სიაში მოხვედრილ ქვეყნებში არსებობს მეოთხე დონის საფრთხე, რაც ისრაელის კანონმდებლობით მუდმივ პოტენციურ საფრთხეს ნიშნავს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო პირები არ იმყოფებიან. სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე ამბობს:

„ამჟამად ჩვენთან არანაირი საერთაშორისო წვრთნა არ არის, გარდა სამშვიდობო წვრთნებისა, სადაც ჩვენს გარდა, ამერიკელები იღებენ მონაწილეობას. მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დაწესდა ეს შეზღუდვა, როგორ შეირჩა ეს 36 ქვეყანა, ეს ალბათ, ისრაელის წარმომადგენელს უნდა ჰკითხოთ.“

ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში შეწყვიტა, მანამდე კი თელ-ავივი თბილისის მთავარი სამხედრო პარტნიორი იყო.

სხვადასხვა ცნობებით, ისრაელის არმიის 100-დან 1000-მდე სამხედრო ინსტრუქტორი წვრთნიდა ქართველ ჯარისკაცებს. მათ შორის, ყველაზე გამორჩეულები იყვნენ გენერალი ისრაელ ზივი და ბრიგადის გენერალი გალი გირში.

ისრაელის არმიაში 44 წლის გენერლის წარმატებული სამხედრო კარიერა ლივბანის მეორე ომის დროს დაშვებული შეცდომების გამო დასრულდა. მალევე გირშმა უსაფრთხოების სფეროში კერძო კომპანია - Defence Shield დაარსა და ყველაზე მსხვილი შეკვეთა სწორედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიიღო.

გენერალ გირშის გარდა, საქართველოსთვის იარაღის მოწოდებით იყვნენ დაკავებულნი, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რონი მილო და მისი ძმა შლომო მილო.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ხუთდღიან ომამდე რონი მილოს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის დავით კეზერაშვილის მრჩევლის სტატუსიც კი ჰქონდა. ძმებმა მილოებმა საერთო ჯამში საქართველოს 200 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდეს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ისრაელის ბოლო გადაწყვეტილება შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ყაიდას“ მუქარას უკავშირდებოდეს:

„ალ-ყაიდას განცხადება გახდა საფუძველი, ისრაელის ხელისფლების ამ გადაწყვეტილებისა. ალ-ყაიდამ განაცხადა, რომ დაგეგმა რიგ რეგიონებში ტერორისტული აქტები, მათ შორის ევროპაში, კავკასიაში, რუსეთშიც. აქედან გამომდინარე, პროფილაქტიკის მიზნით, ყველა ამ რეგიონში ისრაელის ხელისუფლებამ თავის ოფიცრებს იქ ჩასვლა აუკრძალა.“

მეორეს მხრივ, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში უმძიმესი კრიზისია. მიზეზი ბათუმში ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაპატიმრება და გასამართლება გახდა.

როგორც ცნობილია, კომპანია ტრამექსის მეპატრონე რონი ფუქსმა და მისმა პარტნიორმა იონასის კარდასოპულოსმა 2010 წელს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში 98 მილიონი დოლარი მოუგეს.

საპასუხოდ, საქართველოში ბიზნესმენები ქრთამის გადახდის გამო გაასამართლეს. 1 აპრილს, რონი ფუქსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 500 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა. ზეევ ფრენკელს 6 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა და ჯარიმა 100 ათასი ლარი.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი 27 ივლისს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც და საქმე უკვე უზენაეს სასამართლოში წავიდა. ბიზნესმენების ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ექსპერტი მამუკა არეშიძე დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან საქართველო ამ საქმეს წააგებს:

არჩილ კბილაშვილი: სასამართლოს ფაქტების დამახინჯებით არსებული მტკიცებულებების არასწორი კოლაჟით, ინფორმაციული მონაცემების გადადგილებით და არასწორი დალაგებით აქვს მცდარი დასკვნები გაკეთებული.

ამის გამო, სასამართლო თვლის, რომ ამ ადამიანების მხრიდან დანაშაული იქნა ჩადენილი. მეორეს მხრივ, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ამ ოპერაციის, როგორც სპეცოპერაციის ბუნებას ააშკარავებს.“

მამუკა არეშიძე: „რასაკვირველია საქართველოს ხელისუფლების ქმედება კრიტიკას იმსახურებს და ბევრ რამეში ხელისუფლების გამტყუნება შეიძლება, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და არც მეორე მხარე არის მთლად ბოლომდე მართალი.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სასამართლოზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, სამწუხაროდ, ეს სასამართლო გაგრძელდება და სავარაუდოდ წავა სტრასბუგშიც, სადაც ნამდვილად არ დამთავრდება ჩვენი მხარის გამარჯვებით.“

საქართველოზე უპრეცედენტო დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერების მიზნით, ოფიციალურმა თელ-ავივმა ჯერ კიდევ მარტში, დემონსტრაციულად გააუქმა ისრაელში პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის ვერონიკა ქობალიას დაგეგმილი ვიზიტები.

აპრილში, თელ ავივმა საქართველო უკვე იმ ქვეყნების შავ სიაში შეიყვანა, სადაც ტურისტებისთის მოგზაურობა სახიფათოა. 25 მაისს, კი ისრაელის ისტებლიშმენტი დემონსტრაციულად არ დაესწრო იერუსალიმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს. სადამდე მივა და რა ახალ ფორმებს მიიღებს კრიზისი ეს ახლო მომავალში უკეთ გამოჩნდება

XS
SM
MD
LG