ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საქართველოსთან წაგებულ საქმეებზე კომპენსაციას არ იხდის


აგვისტო, 2008
აგვისტო, 2008

საქართველომ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო სტრასბურგში, თუმცა მოსკოვს, ამ დრომდე არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. როგორ უნდა დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როცა ის აღარაა ევროსაბჭოს წევრი, ღია კითხვაა. ქართული ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებით, ამ საკითხზე არც საქართველოს ხელისუფლება არ აქტიურობს.

მას შემდეგ რაც რუსეთმა, უკრაინაში მისი ფართომასთაბიანი ომის გამო ევროსაბჭოდან გარიცხვას დაასწრო და შეაჩერა მისი წევრობა ორგანიზაციაში, ნებისმიერი დარღვევა, არაადამიანური ქმედება თუ მასობრივი დანაშაული, რაც კი შეიძლება რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპაციის ხაზთან ჩაიდინოს, საერთაშორისო სასამართლოში, სტრასბურგში, ვეღარ მოხვდება. ეს იმიტომ, რომ რუსეთი ევროსაბჭოს წევრი აღარაა და პასუხისმგებლობას თავს არიდებს. მათ შორის, იმ ვალდებულებების შესრულებისგანაც, რაც იმ პერიოდში დაეკისრა, სანამ ის წევრი იყო, 2022 წლის 16 სექტემბრამდე.

საქართველო-რუსეთს შორის, საერთაშორისო დავები, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2006 წლის დეპორტაციის საქმით იწყება. ამას მოჰყვა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ 2008 და 2018 წლებში შეტანილი ორი სარჩელი.

2006 წლის დეპორტაციის საქმეზე გამოტანილი სტრასბურგის განჩინება 2014 წლის 3 ივლისით თარიღდება. საბოლოო გადაწყვეტილება კი 2019 წლის 31 იანვარს გამოცხადდა, როდესაც რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დაევალა, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. ეს თანხა 1500 მოქალაქეს შორის უნდა განაწილებულიყო. რუსეთს ეს თანხა ჯერაც არ გადაუხდია.

რუსი მესაზღვრე გუგუტიანთკარში მავთულხლართის გაბმისას. 2019 8 აგვისტო
რუსი მესაზღვრე გუგუტიანთკარში მავთულხლართის გაბმისას. 2019 8 აგვისტო

2008 წლის ომის საქმეზე პირველი გადაწყვეტილება სტრასბურგმა 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანა, სადაც რუსეთის მხრიდან, "ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის" არაერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. მათ შორის, დამტკიცდა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის, წამების, ტყვეთა წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის, ძარცვისა და სხვა დარღვევები. რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის, ამ, რიგით მეორე საქმეზე, 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ, 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება რუსეთს, სტრასბურგმა 2023 წლის 28 აპრილს დააკისრა. რუსეთს არც ეს თანხა გადაუხდია.

2024 წლის 9 აპრილს კი სტრასბურგმა კიდევ ერთ სახელმწიფოთაშორის დავასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ეგრეთ წოდებული „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეზე საერთაშორისო სასამართლომ კვლავ რუსეთი დაადანაშაულა და სრული პასუხისმგებლობა დააკისრა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამ ფაქტების მიმართ ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისთვის, რაც „ბორდერიზაციის“ ფონზე მიმდინარეობს.

ამ უკანასკნელ საქმეშია შესული საქართველოს მოქალაქეების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები, რაზეც პასუხისმგებლობა, ასევე, რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

გორი, დაბომბილი სახლი, 2008
გორი, დაბომბილი სახლი, 2008

თუმცა, რუსეთი პასუხისმგებლობას ირიდებს. ამას მოწმობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშიც, სადაც 2023 წლის მდგომარეობით, რუსეთის მიერ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დინამიკაა ასახული. ამ მონაცემებით, რუსეთის ვალი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, 2 მილიარდი ევროა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა თვალყური ადევნოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. მან რუსეთს არაერთგზის შეახსენა ვალდებულებები. წევრ ქვეყნებს კი მოუწოდა, მოძებნონ ყველა ის შესაძლო გზა, რაც საქმეებზე რუსეთში გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის იქნება საჭირო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2024 იანვარში გამოქვეყნებული განცხადებით თქვა, რომ ამგვარი გზა, შესაძლოა, საერთო ფონდის შექმნა იყოს, სადაც რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულების სასარგებლოდ კომპენსაციის თანხები მობილიზდება.

„ამერიკის ხმასთან“ "საიას" იურისტმა, დავით ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი მექანიზმი, შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი იყოს.

რთული გზა სამართლის საპოვნელად
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:08 0:00

„რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოდან გარიცხეს, ამიტომ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვუჩივლოთ მას ევროსასამართლოში. დარღვევები გრძელდება, ვცდილობთ სხვა საერთაშორისო პლატფორმები გამოვნახოთ, რომ დაიწყოს აღსრულება. ჩვენი თვითმიზანი არ არის გადაწყვეტილების გამოტანა. ჩვენი მიზანია მოქალაქეებისთვის დადებითი მუხტის შექმნა და საქართველოს სახელმწიფოს პოზიციების გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომაც, მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს... ფინანსური აქტივები რუსეთის საზღვრებს გარეთაც აქვს, ვითხოვთ, შეიქმნას ორგანო, რომელიც ასეთ აქტივებს მოიძიებს და თანხის აკუმულირებას მოახდენს,“- აცხადებს დავით ჯავახიშვილი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

2023 წლის 6 ნოემბერს, როგორც ოჯახი და თვითმხილველები აცხადებენ, სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ეკლესიაში სანთლის დასანთებად მისული თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს. გინტურის ოჯახი აცხადებს, რომ არსებობს ვიდეო მასალაც, რომელიც გამიზნულ მკვლელობას ადასტურებს.

„ამ მთავრობის ხელში, გამორიცხულია, სამართალს მივაგნო, ამიტომ მინდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართო. მინდა, რომ გამოიძიონ, ვინ მოკლა ჩემი ძმა, რატომ მოკლა, მინდა, რომ დაისაჯონ ის რუსები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა,“- გვეუბნება გივი გინტური, თამაზ გინტურის ძმა.

ეგრეთ წოდებული "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი
ეგრეთ წოდებული "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი

გინტურის ოჯახის უფლებებს ანა გახოკიძე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ იურისტი იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სურს სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საქმის წაღება, ეს ამ დროისთვის შეუძლებელია. რუსეთი აღარაა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და არც იმ ვალდებულებებს იზიარებს, რასაც მისი წევრობა აკისრებდა, მათ შორის ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის დაცვას.

„სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ, გინტურის მკვლელობის საქმე ვერ მიგვაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წავიღოთ, რადგან საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები არ მოქმედებენ საკმაოდ ეფექტიანად და ოპერატიულად და არ იძიებენ საქმეს ისე, როგორც ამის შესაძლებლობას საქმის გარემოება იძლევა. მაგალითად, ძალიან სწრაფად მოხერხდებოდა მკვლელობის ჩამდენი, რუსი დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი ვინაობის დადგენა. ამის საშუალებას იძლეოდა ტელეგრამსა და სხვა სოციალური ქსელებში არსებული ვიდეო და ფოტო მასალები, მაგრამ საგამოძიებო სტრუქტურები აჭიანურებენ საქმეს. გონივრულ ვადას ვაძლევთ გამოძიებისთვის, მაგრამ, თუ სექტემბრისა და ოქტომბრისთვის საქმე წინ არ წავა, სარჩელს სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ წავიღებთ,“- ამბობს ანა გახოკიძე.

იუსტიციის მინისტრის ომის საქმეების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:42 0:00

„ამერიკის ხმა“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა იუსტიციის სამინისტროსგან კომენტარის მოპოვებას იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ამჟამად სტრასბურგში მოგებულ საქმეებთან მიმართებით და განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს რუსეთის იძულების კუთხით, გადაიხადოს კომპენსაციები. რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსგან კომენტარზე უარი მივიღეთ.

იუსტიციის სამინისტრომ, ამ საკითხზე პასუხი დაუბრუნა დეპუტატ თეონა აქუბარდიას. სწორედ მის კითხვებზე, იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული პასუხებიდან ირკვევა, რომ საქართველო-რუსეთს შორის მეორე სახელმწიფოთაშორის დავასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს 35 ათასამდე დაზარალებულის საილუსტრაციო ნუსხა აქვს წარდგენილი ევროსასამართლოში, შესაბამისი კომპლექსური მტკიცებულებებით, რომელიც შეეხება ევროკონვენციის დარღვევას.

გორი, 2008
გორი, 2008

რუსეთს, ამ დროისთვის 140 მილიონის ევროს ვალი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ამაში ჯერ კიდევ არაა შესული უკანასკნელი მოგებული სარჩელის თანხები.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც, ასევე მუშაობენ ომისა და სხვა საქმეებზე და უძღვებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების კერძო დავებს, აცხადებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციამ გადაიხადა კომპენსაციები ინდივიდუალურ დავებზე. მათ შორისაა 2006 წლის დეპორტაციის საქმეც. მაგალითად, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" გვეუბნებიან, რომ მათ ბენეფიციარებს, ამ საქმეზე კომპენსაციის თანხები ჩაერიცხათ. თუმცა რუსეთი სახელმწიფოთაშორის წაგებულ საქმეებზე დაკისრებულ თანხებს არ იხდის და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მას არ შეუსრულებია დაკისრებული პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG