დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი „აუკუსის“ საკითხებში იმუშავებს შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი 2024 წლის ნოემბერში აირჩევს.
კამერონმა ეს განცხადება 22 მარტს, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო უწყების მეთაურს ჰკითხეს, უქმნის თუ არა საფრთხეს დონალდ ტრამპის შესაძლო არჩევა ამერიკის პრეზიდენტად, „აუკუსის“ სამხედრო ალიანსს.
„დარწმუნებული ვარ ავსტრალიის მთავრობაც ასევე მოიქცევა. რასაც ჩვენ გავაკეთებთ არის ის, რომ ვიმუშავებთ იმასთან, ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის პრეზიდენტი“,- თქვა კამერონმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე დევიდ კამერონი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ავსტრალიელ კოლეგებს ხვდებოდნენ.
„აუკუსი“ (AUKUS - Australia, United Kingdom, United States) სამხედრო ალიანსია, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკაში შეიქმნა. ის ახლო პარტნიორებს - შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და ავსტრალიას - აერთიანებს.
რა არის აუკუსი, ვრცლად იხილეთ ჩვენს რეპორტაჟში.
ავსტრალიის მთავრობა ამბობს, რომ „აუკუსის“ ფარგლებში ქვეყანა მილიარდობით დოლარს დახარჯავს ნავსადგურების და გემთშენებლობის მიმართულებით.
Facebook Forum