შეერთებული შტატები ჰაიტიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციას აგრძელებს. ხუთშაბათს, 21 მარტს, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 90-ზე მეტი ამერიკელი გამოიყვანეს, რომელთა ნაწილი ფლორიდის შტატში, ნაწილი კი დომინიკის რესპუბლიკაშია გადაყვანილი. ამ დროისათვის, სულ ჰაიტიდან ამერიკამ 160-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა.
მიზეზი, რის გამოც ჰაიტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს მოქალაქეები გამოჰყავს, იქ მომხდარი სამოქალაქო არეულობაა, რომელიც კარიბის ზღვის ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პრობლემებით არის განპირობებული. ქვეყანაში ამ დროისთვის მოქმედებს რამდენიმე მსხვილი დამნაშავეობრივი დაჯგუფება, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს და ართულებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვედანტ პატელი განმარტავს, რომ სიტუაციის მონიტორინგი გრძელდება. მისი თქმით, ადგილზე ამერიკის საელჩო უსწრაფესად განიხილავს ყველა ამერიკელის შეტყობინებას, რომლებსაც აქვთ სურვილი დატოვონ ჰაიტი.
იქვე, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ამ ეტაპზე არ იმოგზაურონ ჰაიტიში. „ვიმეორებთ ჩვენს გზავნილს ამერიკის მოქალაქეებისთვის: ნუ იმოგზაურებთ ჰაიტიში“,- ამბობს პატელი.
ამერიკელთა ევაკუაციის პროცესი უმთავრესად კერძო კომპანიების ვერტმფრენებით მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ აქტიურად მუშაობს მოქალაქეების დასახმარებლად და მოუწოდებს მათ მეტი სიფრთხილისკენ.
Facebook Forum