ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: ვშიშობთ, ოფიციალური მონაცემები არ ასახავს ვენესუელელი ამომრჩევლის ნებას


შეერთებული შტატები სერიოზულადაა შეშფოთებული იმის გამო, რომ ვენესუელაში გამართული არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებული შედეგები, ხალხის ხმებს არ ასახავს - განაცხადა ორშაბათს, 29 ივლისს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ვენესუელის საარჩევნო ორგანოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნები მესამე ვადით მოიგო.

რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც ვენესუელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ბლინკენმა ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნების შეხვედრაზე განხილვა დისკუსია შეაჩერა, რათა ვენესულაში არსებული ვითარება განეხილა.

"სულ ცოტა ხნის წინ, ვნახეთ ვენესუელის საარჩევნო კომისიის განცხადება. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას, ან ხმებს", - თქვა ბლინკენმა.

ორშაბათს ბლინკენმა თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხმა დათვლილი იყოს სამართლიანად და გამჭვირვალედ, რომ საარჩევნო მოხელეებმა დაუყონებლივ გაუზიარონ ინფორმაცია ოპოზიციას და დამკვირვებლებს“, - თქვა ამერიკის პირველმა დიპლომატმა.

ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ არჩევნები ხმების 51%-ით მოიგო. თუმცა, ბევრი სხვა ეგზითპოლი ოპოზიციის გამარჯვებაზე მიუთითებს.

საარჩევნო საბჭო დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მას ხელისუფლება აკონტროლებს.

"ედისონ რისერჩის" გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატი გონსალესი 65%-ს, ხოლო მადურო 31%-ს მიიღებდა.

ვაშინგტონმა, რომელმაც 2018 წელს უარყო სოციალისტი ლიდერის მადუროს ხელახლა არჩევის შედეგების აღიარება, სანქციები შეამსუბუქა ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიაზე, გასულ ოქტომბერში, მადუროსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების საპასუხოდ.

მოგვიანებით, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები, ინკლუზიურ დემოკრატიულ კენჭოსყრას საფრთხეს უქმნიდა და საპასუხოდ სანქციების აღადგინა. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა სანქციების პოლიტიკას, შემდგომში, იმის მიხედვით განახორციელებდა, თუ როგორ ჩატარდებოდა არჩევნები ვენესუელაში.

XS
SM
MD
LG