ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სოციალისტური პარტია ემზადება, რომ ეროვნულ ასამბლეაზე კონტროლი მოიპოვოს. ვენესუელას პარლამენტი ქვეყნის უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტია.
არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შედეგები ისედაც ნათელია და ის ამერიკის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ უკვე გაყალბებულადაა გამოცხადებული.
მადურო, რომელსაც უკვე აქვს სასამართლოს, სამხედროების, პროკურატურის და სხვა ინსტიტუტების მხარდაჭერა, სავარაუდოდ, ეროვნულ ასამბლეასაც საკუთარი მხარდამჭერებით დააკომპლექტებს.
"სიმართლე ვერ დაიმალება", ამბობს ხუან გუაიდო, ვისი ოპოზიციური კოალიციაც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. "ვენესუელელების უმრავლესობამ ზურგი აქცია იმ თაღლითობას, რაც თვეების წინ დაიწყო", თქვა გუაიდომ ვიდეო მიმართვის დროს.
მიუხედავად ვენესუელაში არსებული პოლიტიკური არეულობისა, არჩევნები კვირას მაინც ჩატარდა. არჩევნებზე აქტივობა დაბალი იყო, თუმცა კარაკასში დიდი პრობლემები არ დაფიქსირებულა.
ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ, ახალი საარჩევნო კომისია დანიშნა. კომისიის წევრებს შორის კი სამი ისეთი წევრია, ვისზეც ამერიკას და კანადას სანქციები აქვს დაწესებული.
ტრამპის ადმინისტრაცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ისინი განაგრძობენ გუაიდოს მხარდაჭერას. კვირას განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. მან თქვა, რომ არჩევნები ვენესულეაში გაყალბდა. ევროკავშირმა უარი თქვა ვენესუელის არჩევნებზე დამკვირვებლები გაეგზავნა.
Facebook Forum