ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა და გერმანელთა შეხედულებები, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე


როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გერმანიაში, 2021 წელს ხესუფლების სათავეში ახალი მთავრობა, პრეზიდენტი და კანცლერი მოდიან. ორი ქვეყნის უერთიერთობების შესახებ, გერმანელი და ამერიკელი მოქალაქეების შეხედულებები კი კვლავ დაუბალანსებელია. ამერიკული ორგანიზაციის, პიუს კვლევითი ცენტრის და გერმანული კიორბერის ფონდის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობაა.

„ვიყუროთ წინ, არა უკან. მივცეთ ახალი სიცოცხლე, ენერგია, ჩვენს ურთიერთობას“ - განაცხადა რამდენიმე დღის წინს, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ. იმავეს აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: „კავშირის აღდგენის დროა“.

აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობები, მიმდინარე თვეში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 2021 წლის სამიტზე დასასწრებად, ბრიუსელში უკვე მიიწვია.

ევროლიდერების განცხადებებით, ნათელია, რომ ევროკავშირი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციასთან ნაყოფიერ მუშაობას გეგმავს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა ნატოს სამიტზე, ბრიტანეთი, 4 დეკემბერი, 2019.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა ნატოს სამიტზე, ბრიტანეთი, 4 დეკემბერი, 2019.

ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „პიუს“ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, 2020 წლის 22-28 სექტემბერს, 1 007 ამერიკელი, 10-17 სექტმებერს კი 1 005 გერმანელი გამოიკითხა.

იმ ფონზე, როცა გამოკითხულ ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობა ფიქრობს, რომ აშშ-გერმანიას შორის ურთიერთობა კარგია, საშუალოდ, 10-დან 8 გერმანელი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის უერთიერთობა ცუდ მდგომარეობაშია.

ორი ქვეყნის მოქალაქეების განწყობებს, პიუს კვლევითი ცენტრი, კიორბერის ფონდთან თანამშრომლობით, 2017 წლის შემდეგ იკვლევს. მას შემდეგ, იმ გამოკითხულ გერმანელთა წილი, რომელიც ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ცუდ მდგომარეობაშია, 23%-ითაა გაზრდილი. ამ საკითხის მიმართ, ამერიკელთა შეხედულებები შედარებით სტაბილურია.

ეს დასკვნები შესაბამისობაში მოდის „პიუს“ მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგებთან, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულმა გერმანელებმა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, აშშ ყველაზე ცუდად შეფასეს. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ აშშ პანდემიას ცუდად გაუმკლავდა. ამასთან, ამბობდნენ, რომ არ ენდობოდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ამ წლების განმავლობაში, უცვლელი რჩებოდა ერთი შეხედულება - ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პარტნიორი. ამერიკელები ასეთად ბრიტანეთს, გერმანელები კი საფრანგეთს ასახელებენ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 10-დან 1 ამერიკელი, გერმანიას ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პარტნიორად ასახელებდა და ეს დამოკიდებულება იდენტურია გერმანელებს შორისაც. თუმცა, აშშ-ის არჩევნების შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელთა 23% აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.

გარდა ამისა, ამერიკელები მთავარ პარტნიორად განიხილავენ გერმანიას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, თავისუფალი ვაჭრობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობა. თუმცა, ამ მწვავე საკითხების უმეტესობაში, აშშ-ს მთავარ პარტნიორად გერმანელთა მცირე ნაწილი ხედავს.

მაგალითად, გერმანელთა მხოლოდ 12% ამბობს, რომ გარემოს დაცვით საკითხებში, აშშ მთავარი პარტნიორია, მაშინ როცა იმავე საკითხზე, გერმანიას მთავარ პარტნიორად ამერიკელთა 76% მოიაზრებს. ამასთან, გერმანელთა აშკარა უმრავლესობა, ამერიკას არ განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორს ისეთ საკითხებში, როგორციაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების საკითხები.

ამ ფონზე, გერმანელთა 54 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროპის უსაფრთხოების დაცვაში, აშშ მათი პარტნიორია. მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებისა, გერმანიიდან 12 000 ჯარისკაცის გაყვანის შესახებ. რაც შეეხება ირანთან ურთიერთობას, ამ საკითხში, გერმანელთა 45% პარტნიორად აშშ-ს განიხილავს.

18 დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულ გერმანელთა უმრავლესობა ამბობს, რომ აშშ პარტნიორია, როცა საუბარია ირანსა და ევროპულ უსაფრთხოებაზე. ახალგაზრდა ამერიკელები გერმანიაში ხედავენ პარტნიორს, როცა საუბარია გარემოსდაცვით საკითხებსა და ჩინეთზე.

როგორ აღიქვამენ საგარეო ურთიერთობებს ამერიკელები და გერმანელები

როგორც აშშ-ში, ასევე გერმანიაში, გამოკითხული ათიდან 9, საკუთარი ერის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად, საგრეო პოლიტიკურ საკითხებში, სხვა ქვეყანას ასახელებს. ასევე, მათი შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება, როცა სასურველ პარტნიორებზე საუბრობენ.

დიდწილად, ამერიკელები ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორად ბრიტანეთს გაიხილავენ - 27%. ამერიკელთა 14% ასეთად ჩინეთს, 10% კი ისრაელს ასახელებს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, გერმანელთა ნახევარზე მეტი, 54% ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორად საფრანგეთს ასახელებდა. ამერიკის შესახებ იმავეს, გერმანელთა მხოლოდ 10% ფიქრობდა. სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა.

დამოკიდებულება რუსეთის მიმართ

როცა საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება, ამერიკელებიც და გერმანელებიც ფიქრობენ, რომ უმჯობესია ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნება, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობა. 2019 წელთან შედარებით, უფრო მეტი გერმანელი არჩევს აშშ-სთან ახლო ურთიერთობას, ვიდრე რუსეთთან. 10-დან 4 გერმანელი, ამერიკასთან უკეთეს ურთიერთობას არჩევს, ვიდრე რუსეთთან. 10-დან 3 კი „ორივეს“ ასახელებს.

ამ საკითხზე საუბრისას, ასაკოვანი ადამიანები მეტად სნგვიურები არიან გერმანელების მიმართ, ვიდრე ახალგაზრდები. რაც შეეხება პარტიულ შეხედულებებს, უფრო მეტი რესპუბლიკელი და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი ემხრობა რუსეთთან უკეთეს ურთიერთობას, ვიდრე დემოკრატი და დემოკრატიული პარტიის მარდამჭერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG