საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა ბათუმში ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველებმა 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბოლო სამი წლის მანძილზე ევროპის ჩემპიონის წოდება ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, საჩხერელმა ლაშა ტალახაძემ მეოთხედ მოიგო .
ქართველმა გიგანტმა +109 წონით კატეგორიაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში მეორე ცდაზე 260 კილოგრამი ასწია, რაც წინა რეკორდზე 3 კილოგრამით მეტია. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 478 კილოგრამი დაძლია და ამით მისივე მსოფლიოს რეკორდი მთელი 4 კილოგრამით გააუმჯობესა. ლაშამ მსოფლიოს რეკორდი ატაცშიც დაამყარა. ატაცში მეორე ცდაზე სარეკორდო 217 კილოგრამიან შტანგას მოერია და მესამე ცდა აღარ გამოუყენებია.
მსოფლიო ძალოსნობის ვარსკვლავი ყველაზე მძიმე წონაში კვლავ უკონკურენტოა, შედარებისთვის, ტალახაძემ ვერცხლის მედალოსან ქობულეთელ ირაკლი თურმანიძეს 31, ხოლო ბრინჯაოს მედალოსან სომეხ რუბენ ალექსანიანს 38 კილოგრამით გაუსწრო. 25 წლის მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ამბობს:
ყოველ ახალ ტურნირზე უფრო მეტს განვიცდი და უფრო მეტად ვნერვიულობ, რადგან ჩემი გულშემატკივარი ჩემგან მხოლოდ გამარჯვებას და ახალი რეკორდის დაფიქსირებას ელის. მეც ასე რო ვთქვათ, აზარტში შევედი და უფრო და უფრო მეტი მინდა“ლაშა ტალახაძე, მსოფლიო ძალოსნობის ვარსკვლავი
„ისე გამოვიდა, რომ უფრო ჩემს თავთან მიწევს ჭიდილი, რაც უფრო მეტ შეჯიბრებას ვიგებ და ახალ რეკორდს ვამყარებ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე ტვირთია. ყოველ ახალ ტურნირზე უფრო მეტს განვიცდი და უფრო მეტად ვნერვიულო, რადგან ჩემი გულშემატკივარი ჩემგან მხოლოდ გამარჯვებას და ახალი რეკორდის დაფიქსირებას ელის. მეც ასე რო ვთქვათ, აზარტში შევედი და უფრო და უფრო მეტი მინდა.“
ლაშა ტალახაძის გარდა, ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ (ოქრო აკვრაში), 67 კგ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ (ოქრო აკვრაში, ბრინჯაო ორჭიდში), 89 კგ წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ ოქრო ატაცში), 96 კგ წონით კატეგორიაში ანტონ პლიესნოიმ (ვერცხლი ატაცში, ბრინჯაო აკვრაში), 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ (ბრინჯაო ატაცში) და +109 წონით კატეგორიაში ვეტერანმა ირაკლი თურმანიძემ (ვერცხლი ატაცში, ბრინჯაო აკვრაში)
საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონიი გიორგი ასანიძე ამბობს, რომ ძალიან გახარებულია, რომ გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველო გახდა.
გუნდურში საკმაოდ დაძაბული ფინიში გამოგვივიდა, ბელარუსის ნაკრების ძლევისთვის აუცილებელი იყო, რომ ზემძიმე წონაში, ოქრო ლაშას აეღო, რაშიც რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვიყავით და ასევე აუცილებელი, იყო ირაკლი თურმანიძეს ვერცხლის მედალი მოეპოვებინა"გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„გუნდურში საკმაოდ დაძაბული ფინიში გამოგვივიდა, ბელარუსის ნაკრების ძლევისთვის აუცილებელი იყო, რომ ზემძიმე წონაში, ოქრო ლაშასაც აეღო, რაშიც რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვიყავით და ასევე აუცილებელი, იყო ირაკლი თურმანიძეს ვერცხლის მედალი მოეპოვებინა. ირაკლი ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა, თუმცა გარანტირებული მედალი ნამდვილად არ ჰქონდა. ასე, რომ შტანგაზე ბოლო მისვლებით ვძლიეთ ბელარუსს და ევროპის გუნდურში პირველი ადგილი დავიკავეთ“
საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა საბოლოოდ გუნდურ ჩათვლაში 636 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 2 ქულით გადაუსწრო ბელარუსს, მესამე ადგილზე 596 ქულით სომხეთი გავიდა.
მედლების (ქალთა და ვაჟთა) ჩათვლაში პირველი ადგილი რუსეთმა (26 მედალი) არავის დაუთმო, მეორეზე ბელარუსი (19) გავიდა, მესამეზე - რუმინეთი (14). ვინაიდან საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ანასტასია ჰოტფრიდი დედობისთვის ემზადება, ქალთა გუნდმა მედლების საერთო ყულაბას ამჯერად ვერაფერი შემატა და შესაბამისად, საქართველო მეოთხე ადგილს დასჯერდა.