ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკეთ, ვიდრე პეკინში" არც რიოში გამოვიდა


ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა

შვიდი სპორსტმენი, რომელმაც საქართველო რიოს ოლიმპიადაზე ასახელა ჯამში - 714 000 ლარს მიიღებს. ოლიმპიური ჩემპიონების, ძალოსანი ლაშა ტალახაძისა და მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საბანკო ანგარიშზე - 170-170 ათასი ლარი ჩაირიცხება.

ლაშა ტალახაძის ტრიუმფი
ლაშა ტალახაძის ტრიუმფი

ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი - 102 ათასს ლარს მიიღებს. 68 ათასი ლარი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელებს: ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს, ძალოსან ირაკლი თურმანიძესა და მოჭიდავეებს შმაგი ბოლქვაძესა და გენო პეტრიაშვილს გადაეცემათ.

რიოს ოლიმპიადაზე მონაწილე 207 ქვეყანას შორის მედლის აღება მხოლოდ 87-მა მოახერხა. სუპერ საუკეთესო შედეგი ამერიკელებმა აჩვენეს - 121 მედალი, აქედან 46 ოქროსი; მეორე ადგილზე - ბრიტანელები გავიდნენ - 67 მედალი - 27 ოქროსი. მესამე პოზიცია 70 მედლით - 26 ოქრო, ჩინეთს ერგო.

ორი ოქროს, ერთი ვერხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით საქართველომ, არაოფიციალურ ჩათვლაში, 38-ე ადგილი დაიკავა და ამ მაჩვენებლით აჯობა აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს.

ჩვენი ოლიმპიური ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი უდაოდ, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ აჩვენა, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მსოფლიო რეკორდის დამყარებით მოიპოვა. 22 წლის ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ ტიტულის დაცვას ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზეც შეეცდება

„ყველაფერს გავაკეთებ იმითვის, რომ ეს ტიტული შევინარჩუნო და შემდეგ, ოლიმპიადებზე კიდევ მივიღო მონაწილეობა. არ გავჩერდები, ვაგრძელებ აქტიურ სპორტულ კარიერას და უფრო მეტ მონდომებსა და შრომას ჩავდებ, რომ ეს ტიტული შევინარჩუნო.“

ჰქონდა თუ არა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგის - სამი ოქროს და სამი ბრინჯაოს, გაუმჯობესების რეზერვი?

სპორტის ექსპერტთა და სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობდა, თუმცა ძიუდოსა და ჭიდაობაში ჩავარდნამ, საქართველოს სულ მცირე ორი-სამი მედალი მოაკლო.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ჭრიკიშვილი სტივენსთან აგებს
ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ჭრიკიშვილი სტივენსთან აგებს

ძიუდოს სამყაროში ნამდვილ სენსაციად შეფასდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის უმედლოდ დარჩენა. ჭრიკიშვილი, როგორც ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზე, ახლაც, ამერიკელ ტრევის სტივენსთან დამარცხდა. ბრინჯოს მედლისთვის ბრძოლა კი იაპონელ ნაგასესთან წააგო.

მიუხედავად ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედლისა, რიოს ოლიმპიადა, მაინც წარუმატებლად შეიძლება შეფასდეს, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის, როგორც მედლების ხარისხის, ისე, განსაკუთრებით, ჭიდაობის ხარისხის მხრივ.

ჭიდაობა, რომელიც 1896 წლიდან არის ოლიმპიური სახეობა და 2013 წელს, ბეწვზე გადარჩა ოლიმპიადიდან ამოღებას, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში აშკარა კრიზისს განიცდის. ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გურამ საღარაძე ამბობს:

„იმ წესებიდან გამომდინარე, რაც არის ჭიდაობაში ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ჭიდაობა სანახაობრივად უფრო გაუმჯობესდეს და უკეთესი საყურებელი გახდეს. ძალიან მოსაწყენია.

მე თავად მოჭიდავე ვარ და ვხედავ მხოლოდ მკლავებზე ჩამოკიდებას, ერთმანეთზე მიწოლას, მეტოქის გაფრთხილების მოლოდინს, მერე ჩობჯენი და იქ თუ რამეს გააკეთებენ.

იშვიათად რო ნახო ის ბრწიყვალე საჭიდაო ილეთები, რომელსაც იყენებდნენ ავთადილ ქორიძე, გივი კარტოზია.. ლომების აღლუმი რო იყო..სად არის? დაიკარგა ეს ყველაფერი.“

რიოს ოლიმპიადის აღმოჩენა: ზაზა ნადირაძე
რიოს ოლიმპიადის აღმოჩენა: ზაზა ნადირაძე

ძიუდოსა და ჭიდაობის ჩავარდნის ფონზე, რიოს ოლიმპიადაზე, ნამდვილი აღმოჩენა გახდა ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, რომელსაც ბრინჯაოს მედლამდე რამდენიმე წამი დააკლდა და რაც მთვარია, მისმა საოცარმა გამოსვლამ, საქართველოში ნიჩბოსნობის მიმართ ინტერესი ერთი ათად გაზარდა.

სამწუხაროდ, კურიოზული ინციდენტის გარეშე, ქართველებისთვის არც რიოს ოლიპიადას ჩაუვლია. ზედ ოლიმპიადის დაწყების წინ, დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო, საქართველოს ნაკრებს მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე გამოეთიშა, მის ნაცვლად რიოში ირაკლი რევიშვილი გამოვიდა. ათი დღის შემდეგ, განმეორებითმა ტესტმა კი აჩვენა, რომ ბოლქვაძის სისხლში დოპინგი არ აღმოჩნდა და მას ოლიმპიური თამაშები უმიზეზოდ გამოატოვებინეს.

1996 წლის, ატლანტის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული, ეს იყო რიგით მეექვსე ოლიმპიადა, სადაც საქართველო დამოუკიდებელი გუნდით გამოვიდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, ქართველებმა ოლიმპიადებზე: 8 ოქროს, 6 ვერცხლისა და 17 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მედლების ხარისხის მიხედვით, საქართველოსთვის საუკეთესო იყო პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა, სადაც ჩვენმა გუნდმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი აიღო. რაოდენობრივად კი ყველაზე მეტი ოლიმპიელი - 40, სწორედ რიოში გვყავდა.

საქართველოს ნაკრების მონაგარი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (1996-2016)

ატლანტა, 1996 – 34 ოლიმპიელი, 2 ბრინჯაო

სიდნეი, 2000 – 36 ოლიმპიელი, 6 ბრინჯაო

ათენი, 2004 – 32 ოლიმპიელი, 2 ოქრო, 2 ვერცხლი

პეკინი, 2008 – 35 ოლიმპიელი, 3 ოქრო, 3 ბრინჯაო

ლონდონი, 2012 – 35 ოლიმპიელი, 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

რიო, 2016 – 40 ოლიმპიელი, 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

XS
SM
MD
LG