ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიოს ოლიმპიადაზე მოხევური ახალუხითა და აჭარული ელეგით


ქალები მარაკანას სტადიონზე აჭარული ელეგით ჩაივლიან, კაცები - მოხევური ახალუხით
ქალები მარაკანას სტადიონზე აჭარული ელეგით ჩაივლიან, კაცები - მოხევური ახალუხით

რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს ოლიმპიურმა გუნდის წევრებმა ბრაზილიისკენ გზა უკვე აიღეს. მანამდე კი ტრადიციისამებრ, ოლიმპიური ფიცი, თბილისში, ოლიმპიურ პარკში დადეს.

ზაფხულის რიგით 31-ე ოლიმპიადაზე, საქართველო, სარეკორდო რაოდენობის - 40 ოლიმპიელით იქნება წარმოდგენილი, სპორტის 13 სახეობაში. ტრადიციულად ყველაზე მეტი ოლიმპიელი ჭიდაობის სახეობებში გვყავს (ძიუდო - 8, თავისუფალი ჭიდაობა - 6, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 5) და მედლებს სწორედ მათგან ველოდებით. ასეევ დიდია მოლოდინი ძალოსნების ასპარეზობისადმი.

ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტრო გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი - 170 000 ლარს მიიღებს, ვერცხლის პრიზიორი - 102 ათასს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 68 000 ლარს. ამ პრიზებს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი ბათუმში საცხოვრებელ ბინებსაც დაუმატებს.

ოლიმპიური ნაკრების მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი ფიცს დებს
ოლიმპიური ნაკრების მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი ფიცს დებს

ოლიმპიური ნაკრების მედროშე, ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება, რომლისგანაც სპეციალისტები ოქროს მედალს ელიან. ოლიმპიური მედლის კიდევ ერთი პრეტედენტი ვარლამ ლიპარტელიანი ამბობს

„ძიუდოს დიდი ტრადიციები აქვს. ყველა ოლიმპიურ თამაშებიდან, რაც დამოუკიდებელია საქართველო, ძიუდოს ნაკრები სამშობლოში მედლით დაბრუნდა და არც ამ ოლიმპიადაზე გააცრუებს იმედებს.

„ძიუდოს დიდი ტრადიციები აქვს. ყველა ოლიმპიურ თამაშებიდან, რაც დამოუკიდებელია საქართველო, ძიუდოს ნაკრები სამშობლოში მედლით დაბრუნდა და არც ამ ოლიმპიადაზე გაგიცრუებთ იმედებს"
ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტი

ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვხდები ამ დიდ სპორტულ დღესასწაულს და იმ დასახულ მიზანს, რისთვისაც ამდენი წელია ვწვალობ, ღვთის წყალობით უნდა მივაღწიო.“

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ერთი ლეგენდაა, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძისთვის ეს რიგით მერვე ოლიმპიური თამაშები იქნება. 47 წლის სპორტსმენმა ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე, 28 წლის წინ მოიპოვა, ოლიმპიური ბრინჯაო კი 2008 წელს, ათენის ოლიმპიადაზე აიღო.

თუმცა, რიოს ოლიმპიადა მაინც გამორჩეული იქნება, ნინო სალუქვაძის მრავალფეროვან სპორტულ ბიოგრაფიაში. ამჯერად, ოლიმპიური ნაკრების წევრია, მისი შვილიც, ასევე ტყვიის მსროლელი, 18 წლის თორნიკე მაჭავარიანი.

ნინო სალუქვაძე და თორნიკე მაჭავარიანი, დედა-შვილი ოლიმპიადაზე, პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში
ნინო სალუქვაძე და თორნიკე მაჭავარიანი, დედა-შვილი ოლიმპიადაზე, პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში

თანამედრვე ოლიმპიური თამაშების 120 წლიან ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედა-შვილი ოლიმპიადაზე ერთად გამოვა. ზუსტად 108 წლის უკან, ლონდონის 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ერთად იასპარეზეს, ლეგენდარულმა შვედმა ტყვიის მსროლელმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოსკარ ჰომერ სვანმა და მისმა ვაჟმა, შემდგომში, ასევე, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალფრედ სვანმა.

ნინო სალუქვაძე ამბობს, რომ 18 წლის თორნიკესთვის, რიოს ოლიმპიადა დიდი გამოცდა იქნება:

„ჩემთვის ეს ოლიმპიადა ათმაგად სასიხარულოა. პირველად მოხდა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, რომ დედა-შვილი ერთად მივიღებთ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. ის, რომ ჩემმა ვაჟმა, 18 წლის ასაკში მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია უკვე დიდი გმირობაა"
ნინო სალუქვაძე, ტყვიის მსროლელი

„ჩემთვის ეს ოლიმპიადა ათმაგად სასიხარულოა, პირველად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში მოხდა, რომ დედა-შვილი ერთად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. რაც შეეხება, ჩემს ვაჟს, მან რომ მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია 18 წლის ასაკში, ეს უკვე დიდი გმირობაა. მას ვუსურვებ, რომ კარგი გამოცდილება მიიღოს რიოს ოლიპიადაზე და მოემზადოს, მომავალ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის.“

ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიალს ბრაზილიაში, სამწუხაროდ, უარყოფითი ემოციის გარეშე არ ჩაუვლია. საზოგადოების დიდი ნაწილი უაღრესად კრიტიკულად შეხვდა სააღლუმო ფორმას, რომლითაც, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 5 აგვისტოს „მარაკანას“ ლეგენდარულ სტადიონზე უნდა ჩაიაროს.

ოლიმპიური ნაკრების ფორმას საზოგადოება მძაფრი კრიტიკით შეხვდა
ოლიმპიური ნაკრების ფორმას საზოგადოება მძაფრი კრიტიკით შეხვდა

ოლიმპიურმა კომიტეტმა სააღლუმო ფორმის დიზაინი კომპანია „სამოსელი პირველს“ დაუკვეთა, რომელიც 2009 წლიდან, "ქართული ტრადიციული და ისტორიული შესამოსელის" აღდგენა-პოპულარიზაციაზე მუშაობს. ეს კომპანია ბიზნესმენ ლევან ვასაძის საკუთრებაა. მანამდე, არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა, ქართველი ოლიმპიელების ყოველდღიური, ოფიციალური, ოლიმპიური ფორმის დიზაინსაც.

„სამოსელი პირველი“ კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ ოლიმპიური ნაკრების სააღლუმო ფორმის დიზაინს საფუძვლად, გვიანდელი შუა საუკუნეების ქართული სამოსის - აჭარული ელეგისა და მოხევური ახალუხის მოტივები დაედო.

რიოს თამაშები, საქართველოსთვის მეექვსე ოლიმპიადაა, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გუნდით გამოვა. 1996 წლის ატლანტის თამაშებიდან, მოყოლებული, ხუთ ოლიმპიადაზე, ქართველი ოლიმპიელების მონაგარი - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 14 ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა რიოს ოლიმპიადაზე

ავთანდილ ჭრიკიშვილი - ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო

ამირან პაპინაშვილი - ძიუდო

ვაჟა მარგველაშვილი - ძიუდო

ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდო

ბექა ღვინიაშვილი - ძიუდო

ადამ ოქრუაშვილი - ძიუდო

ესტერ სტამი - ძიუდო

ნინო სალუქვაძე - ტყვიის სროლა

თორნიკე მაჭავარიანი - ტყვიის სროლა

ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა

ირაკლი თურმანიძე - ძალოსნობა

გიორგი ჩხეიძე - ძალოსნობა

ანასტასია გოტფრიდი - ძალოსნობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი

ვლადიმერ ხინჩაგარშვილი - თავისუფალი ჭიდაობა

ზურაბ იაკობაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა

გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა

იაკობ მაქარაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა

სანდრო ამინაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა

ელიზბარ ოდიკაძე - თავისუფალი ჭიდაობა

შმაგი ბოლქვაძე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ზურაბ დათუნაშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

რობერტ ქობლიაშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

რევაზ ნადარეიშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

იაკობ ქაჯაია - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ხათუნა ნარიმანიძე - მშვილდოსნობა

ქრისტინე ესებუა - მშვილდოსნობა

იულია ლობჟანიძე - მშვილდოსნობა

სანდრო ბაზაძე - ფარიკაობა

სალომე ფაჟავა - მხატვრული ტანვარჯიში

დავით ხარაზიშვილი - მძლეოსნობა

ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა

ბენიკ აბრამიანი - მძლეოსნობა

ლაშა თორღვაიძე - მძლეოსნობა

ვალენტინა ლიაშენკო - სიმაღლეზე ხტომა

ლუბა გოლოვინა - ბატუტზე ხტომა

ზაზა ნადირაძე - კანოე

თეონა ბოსტაშვილი - ცურვა

ირაკლი რევიშვილი - ცურვა

საქართველოს ნაკრების მონაგარი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (1996-2012)

ატლანტა, 1996 – 34 ოლიმპიელი, 2 ბრინჯაო

სიდნეი, 2000 – 36 ოლიმპიელი, 6 ბრინჯაო

ათენი, 2004 – 32 ოლიმპიელი, 2 ოქრო, 2 ვერცხლი

პეკინი, 2008 – 35 ოლიმპიელი, 3 ოქრო, 3 ბრინჯაო

ლონდონი, 2012 – 35 ოლიმპიელი, 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

რიო, 2016 – 40 ოლიმპიელი...

XS
SM
MD
LG