ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად წარმატებული იყო ქართველების გამოსვლა ოლიმპიადაზე?!


საქართველოს ერთადერთი ოლიმპიური ოქრო 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა
საქართველოს ერთადერთი ოლიმპიური ოქრო 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:59 0:00
ბმული


ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური ნაკრები. სულ ოლიმპიადაში 204-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და აქედან მედლის მოპოვება 79-მა ქვეყანამ შეძლო.

ყველაზე მეტი 104 მედალი ამერიკელებმა აიღეს, მათ 46 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავთ. 88 მედლით მეორე ადგილზე ჩინელები გავიდნენ, აზიელებმა 38 ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლეს. მესამე ადგილზე 29 ოქროს მედლით ბრიტანელები აღმოჩდნენ.

საქართველომ არაოფიციალურ ცხრილში 39-ე ადგილი მექსიკასთან ერთად გაიყო. მეზობლებიდან უკეთესი შედეგი აჩვენეს: რუსეთმა მე-4 ადგილი - 24 ოქრო; აზერბაიჯანი 30-ე ადგილი 2 ოქრო და თურქეთი 32-ე ადგილი - ასევე 2 ოქრო. სამეზობლოში საქართველოზე უარესი შედეგი მხოლოდ სომხეთს აქვს, რომელსაც ოლიმპიური ჩემპიონი არც ამჯერად ჰყავს.

ქართველებმა ყველა მედალი ძიუდოსა და ჭიდაობაში მოიპოვეს. საქართველოს ერთადერთი ოქრო ბევრისთვის მოულოდნელად, 20 წლის კარალეთელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა, რომელმაც მართლაც ბრწყინვალედ იასპარეზა.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია. ამ აზრს არ ეთანხმება შოთა ხაბარელი, რომელიც წინა, პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

გია ნაცვლიშვილი: „მე მგონია რომ კარგი შედეგია ნამდვილად იმ ახალგაზრდული გუნდისგან, რომელიც ჩვენ გვყავდა. როცა დამთავრდა ოლიმპიადა უფრო განცდებში ვიყავი, ეხლა როცა ვაანალიზებ, მჯერა რომ ეს შედეგი იყო საფუძველი მომავალი დიდი გამარჯვებებისა.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ მაინც და მაინც ბევრი ოქრო ყოფილიყო, მაგრამ აი ამ ახალგაზრდებმა, რომლებმაც ვერცხლი და ბრინჯაო აიღეს და წესით ოქრო უნდა აეღოდ მიიღეს უზარმაზარი გამოცდილება.“

შოთა ხაბარელი: „რა მივიღეთ ჩვენ? უკუსვლა! იგივე ძიუდოშიც, წინა ოლიმპიადაზეც კი უფრო უკეთესი შედეგი გქონდა მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით საომარ მდგომარეობაში.

7 აგვისტოს დავიწყეთ მონაწილეობა ძიუდოში 2008 წელს პეკინში და უკვე გვქონდა ოქროს მედალი და ყველამ იბრძოლა ბოლომდე. ანუ აქ იბომბებოდა თბილისი, საქართველო და ჩვენ უკეთეს წარმატებას მივაღწიეთ! მაშინ 27-ე ადგილზე გავედით, წელს კი გადავედით 39-ე ადგილზე.“

რეალურად, საქართველომ ხარისხობრივად მართლაც გააუარესა წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი. პეკინში ქართველებმა 3 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვეს და საერთო ჯამში 27-ე ადგილზე გავიდნენ.

ლონდონში ქართველების გამოსვლას არც მცირე და დიდი სკანდალების გარეშე ჩაუვლია. ოლიმპიადის პირველივე დღეს წონა ვერ ჩააბარა მოკრივე მერაბ თურქაძემ, რომელსაც წინა ღამეს ბევრი უჭამია. ამ მიზეზით იგი ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს.

გაცილებით დიდი რეზონანსი მოჰყვა ძიოდოისტ ბეთქილ შუკვანის ამბავს. შუკვანი ამტკიცებს, რომ ოლიმპიური ნაკრების და სპორტის სამინისტროს ხელმღვანელები მას გამუდმებით დევნიდნენ პოლიტიკური შეხედულების გამო. შუკვანი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.

ძიუდოისტის თქმით, ლონდონში მას ემუქრებოდა გია უდესიანი, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. სწორედ ამ მიზეზით ბეთქილ შუკვანმა ლონდონი საკუთარი სურვილით დატოვა.

„ჩავალაგე პატარა ჩანთა, დიდი არც წამომიღია. რაც მჭირდებოდა გზაში, პასპორტი და სხვა ესენი ჩავდე, და ფარულად გამოვედი. რო ჩავედი გარეთ პირველ სართულზე მართლაც დამხვდნენ ვიღაცეები. ისევ მეორე სართულზე ავედი, გავაღე ფანჯარა, გადავხტი ეზოში და ეზოდან კიდე იყო პატარა გადასახტომი და იქედანაც გადავხტი.“

ბეთქილ შუკვანი გუშინ დაბრუნდა ლონდონიდან, სადაც ბრიტანელი იურისტების დახმარებით საქმეს სასამართლოსთვის ამზადებს. ჯერჯერობით, უცნობია, ამ საქმეს სამოქალაქო სასამართლო განიხილავს თუ ლოზანაში მდებარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არბიტრაჟი.

როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, ისე სპორტის სამინისტრო ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG