ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოპინგი - ქართული სპორტის ავთვისებიანი სიმსივნე


დავით მოძმანაშვილი
დავით მოძმანაშვილი

მძიმე წონაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიო (2011) და ევროპის (2012) ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლების მფლობელი, 29 წლის დავით მოძმანაშვილი ბოლო რვა წლის მანძილზე, მეორედ ჩავარდა დოპინგ შემოწმებაზე და დიდი ალბათობით, სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის.

მოძმანაშვილი პირველად დოპინგ სკანდალში 2008 წელს გაეხვა, როცა ფინეთში ევროპის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა, რის გამოც ოქროს მედალი ჩამოართვეს და 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. უდაოდ ნიჭიერმა სპორტსმენმა მაინც მოახერხა და ხალიჩას ისევ წარმატებით დაუბრუნდა. თუმცა, რვა წლის შემდეგ, იგივე შეცდომა გაიმეორა, რომელიც შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს.

11 იანვარს, მოძმანაშვილმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, თან დამაჯერებლად დაამარცხა, უშუალო კონკურენტი, 21 წლის გორელი გენო პეტრიაშვილი, რომელიც დოპინგზე 2014 წელს ჩავარდა, ოქროს მედალი მასაც ჩამოართვეს და ასევე, დისკვალიფიკაცია მოიხადა. თუმცა, 11 თებერვალს მინსკში, მედვედევის თასზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მძიმე წონაში მაინც პეტრიაშვილი წაიყვანა.

გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ მოძმანაშვილს ჯერ კიდევ 20 იანვარს წერილობით უღიარებია, რომ ნაკრების ექიმის დაუკითხავად, აკრძალულ პრეპატარებს იღებდა.

ნიშანდობლივია, რომ ჭიდაობის ფედერაციამ ეს სკანდალური წერილი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც დოპინგ შემოწმებაზე ეროვნული ნაკრების კიდევ ოთხი მოჭიდავის ჩავარდნის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებიც უკვე მინსკში იმყოფებოდნენ. ყველა მათგანის სისხლში აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ამბობს

„მელდონიუმი თვითნებურად არის შემოტანილი, ვინმე მწვრთნელის ან ექიმის მიერ, ამ ფაქტს, სპორტის სამინისტროსთან ერთად ვიკვლევთ. დანარჩენ პრეპარატებზე, მით უმეტეს, როცა სეზონი დაწყებულია და ეს ყველაფერი საქართველოს ჩემპიონატის დროს მოხდა, პასუხისმგებლობას პირადად მე ვიღებ, როგორც ნაკრები გუნდების ექიმი.

ყველა ჩემს მიერ მიწოდებულ პრეპარატზე არის ჩემი და სპორტსმენების ხელმოწერა და ყველა პრეპარატი, რომელიც მათ შეჯიბრზე ან შეკრებაზე ეძლევათ არის გაკონტროლებული.“

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მელდონიუმი აკრძალულ პრეპარატთა სიაში 5 წლიანი კვლევის შემდეგ შეიტანა და ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოს, რომელიც საქართველოში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილი ორგანოა, ამ გადაწყვეტილების შესახებ, ეროვნული ფედერაციები ჯერ კიდევ, 2015 წლის სექტემბრიდან ჰყავდა გაფრთხილებული.

მელდონიუმი - გულის კუნთის მკვებავი პრეპარატია, რომელიც ჰორმონებისა და მეტაბოლური მოდულატორების ჯგუფს განეკუთვნება. როგორც კვლევამ აჩვენა, ის სპორტსმენის ფიზიკურ მდგომარეობას და აღდგენის უნარს ხელოვნურად აძლიერებს.

„ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ მელდონიუმის შემცვლელი ლატვიური წარმოების „მილდრონატი“ საქართველოს სააფთაიქო ქსელშიც იყიდება და დოზების მიხედვით, 15-დან 30 ლარამდე ღირს.

როგორ თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მოთხოვნით, იანვარში, ჯერ საქართველოს ჩემპიონატზე, შემდეგ კი დუშეთის შეკრებაზე შეუმოწმებიათ. ანალიზი კი ავსტრიის, ზაიბერსდორფის ლაბორატორიაში ჩატარდა, რომელსაც პროფესორი გიუნტერ გმეინერი ხელმძღვანელობს.

ანალიზის შედეგების გაჟღერების შემდეგ, საქართველოს ჭიდაობის ნაკრების ოთხი ეჭვმიტანილი წევრი მინსკის ტურნირიდან ავტომატურად მოიხსნა და თბილისში დაბრუნდა. იქედან გამომდინარე რომ ოთხივე მათგანმა დოპინგის გამოყენება კატეგორიულად უარყო და გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს რეკომენდაციით, მათ ვინაობას არ ვასახელებთ.

საინტერესოა, რომ იანვარში, დუშეთის შეკრებაზე შემოწმებულ სამ სპორტსმენს- ქართველ, ყაზახ და ყირგიზ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავესაც სისხლში ასევე მელდონიუმი აღმოაჩნდათ. თუმცა, დავით მოძმანაშვილის დარად, ანალიზის შედეგი არც ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ გაასაჩივრა.

ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორი, მედიცინის დოქტორი პავლე კასრაძე ამბობს, რომ ანალიზის შედეგის გასაჩივრება სპორტსმენის კანონიერი უფლებაა, თუმცა ძალიან მცირეა შანსი, რომ პირველადი შედეგები შეიცვალოს.

„არის ან ტოტალური არცოდნა, რა უნდა მიიღონ სპორტსმენებმა ან ერთმანეთს გადასცემენ ამ პრეპარატს, ან ვერც თავად ერკვევიან და ვერც მათი ექიმები, სხვაგვარად შეუძლებლია, ამდენმა ერთად ჩააგდოს დოპინგ-ტესტი.

დღეს პირველ რიგში, ვცდილობთ, სპორტსმენების უფლებების დაცვას. მათ აქვთ უფლება გასაჩივრების, დღეს არის საუბარი „ბ“ სინჯის გასინჯვაზე.“

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ამ დრომდე არ განმარტეს, თუ რატომ დამალეს, თითქმის ერთი თვის მანძილზე, დავით მოძმანაშვილის მიერ დოპინგის გამოყენების სკანდალური აღიარების და ერთ წლიანი დისკვალიფიკაციის ფაქტი.

ფედერაციაში ირწმუნებიან რომ ზაიბერსდორფიდან ახალი შეტყობინების შემდეგ, მასშტაბურ გამოძიებას ჩაატარებენ და დამნაშავეებს მკაცრად დასჯიან, თუმცა პასუხისმგებლობაზე ჯერ არავინ საუბრობს.

სხვადასხვა აკრძალული პრეპარატების გამოყენება ქართულ სპორტში, განსაკუთრებით კი, ძალოსნობასა და ჭიდაობის სახეობებში უკვე წლებია უმძიმესი პრობლემაა. ჟურნალისტები, ჯერ კიდევ ბაქოს 2015 წლის პირველი ევროპული თამაშების დროს წერდნენ, რომ ქართველი სპორტსმენები ღიად სთხოვდნენ ნაკრების ექიმებს დოპინგის მიცემას, თუმცა, ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

ყოფილა კიდევ უფრო დაუჯერებელი შემთხვევები. თავად ოლიმპიური ნაკრებების ექიმს გამოუთქვამს ეჭვი, რომ ზოგიერთი ქართველი სპორტსმენი შეგნებულად თმობს ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე, რადგან იცის, რომ მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში შეამოწმებენ და დოპინგზე აუცილებლად ჩავარდება. ანუ, დოპინგს მხოლოდ იმ მიზნით იყენებენ, რომ ეროვნული ჩემპიონატი მოიგონ და შემდეგ ნაკრებს უცხოეთში ტურისტად გაყვნენ.

ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ქართულ სპორტში დოპინგის მიღების 30-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, სპეციალისტების თქმით, ეს ციფრი, დოპინგის მოხმარების რეალურ მასშტაბებს არ ასახავს. დოპინგის მოხმარებისთვის ბოლო წლებში დაისაჯნენ: თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ძალოსნები, ძიუდოისტები, მკლავჭიდელები, სამჭიდელები, თითო - ფეხბურთელი, მორაგბე და ბირთვის მკვრელი.


XS
SM
MD
LG