ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინო სალუქვაძისთვის ლონდონის თამაშები მეშვიდე ოლიმპიადა იქნება


ლონდონში 35 ქართველი ოლიმპიელი გამოვა
ლონდონში 35 ქართველი ოლიმპიელი გამოვა

თბილისის აეროპორტიდან ხვალ ჩარტერული რეისით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გაფრინდება, რომელიც ლონდონის 30-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ქართული დელეგაცია, ისევე როგორც ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ლონდონშიც 35 სპორტსმენით გამოვა.

ქართველები სპორტის 12 სახეობაში იასპარეზებენ. ტრადიციულად, საქართველო ყველაზე სოლიდურად ჭიდაობის სახეობებში არის წარმოდგენილი: 7-7 ლიცენზია მოიპოვეს ძიუდოისტებმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა; 6 - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდაავეებმა;

ლონდონში ოთხი ჩვენი მძლეოსანი, სამი ძალოსანი და ორი ჩოგბურთელი იასპარეზებს; თითო სპორტსმენით ვიქნებით წარმოდგენილი - კრივში, ველოსპორტში, ცურვაში, ბატუტზე ხტომაში, მშვილდოსნობასა და ტყვიის სროლაში.

ყველაზე სახელოვანი სპორტსმენი ქართველებს სწორედ ტყვიის სროლაში გვყავს. 43 წლის ნინო სალუქვაძე ოლიმპიური ჩემპიონი, ჯერ კიდევ, 24 წლის უკან სეულში, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში გახდა, იქვე აიღო ოლიმპიური ვერცხლის მედალი. წინა ოლიმპიადაზე, პეკინში კი ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

ლონდონის თამაშები ნინოსთვის რიგით მეშვიდე ოლიმპიადაა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, რომელიც 27 ივლისს, ღამის 12 საათზე დაიწყება, საქართველოს ნაკრების მედროშე სწორედ ნინო სალუქვაძე იქნება. იგი უკვე ლონდონში იმყოფება.

„მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, ყველას ვინც გვერდით მიდგანან, იცოდეთ, რომ მე ყველა ღონეს ვიხმარ, ჩემს ძალებს არ დავიშურებ იმისთვის რომ თქვენ პატარა სიხარული მოგანიჭოთ. ეს არის ჩემი მიზანი, ვეცდები ყველანაირად რომ ყველაფერი კარგად გამომივიდეს.

ოთხი წელი რაც არის ინტერვალი ოლიმპიადიდან ოლიმპიადას შორის, ეს საკმაოდ დიდი დროა. გამოცდილება რა თქმა უნდა გეხმარება, თუმცა ყველა თამაშებს ინდივიდუალური მიდგომა უნდა, მთავარია, რომ შენი სპორტული ფორმა, ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა მიიყვანო ზუსტად იმ დროს პიკამდე, როდესაც ტარდება ეს შეჯიბრი.

აქ ხელი არ უნდა შეგიშალოს არაფერმა, მით უმეტეს გარე ფაქტორებმა, პირიქით მაქსიმალური ხელშეწყობა გინდა, იმიტომ რომ ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული ასპარეზია. ალბათ, კარგად გახსოვთ, პეკინში რა რთული იყო ყველა ჩვენგანისთვის გამოსვლა.“

წინა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პეკინში, საქართველოსთვის მართლაც უმძიმეს დღეებს დაემთხვა. თამაშები 2008 წლის 8 აგვისტოს გაიხსნა, როცა რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.

ქართული დელეგაცია თავიდან პროტესტის ნიშნად ოლიმპიადის დატოვებასაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ დარჩნენ და საქართველოში სამი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.

„უკეთ ვიდრე პეკინში!“ - ასეთია ქართველი ოლიმპიელების დევიზი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. ქართულ დელეგაციაში ყველაზე ახალგაზრდა 17 წლის მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეა.

პირველად მოხდება, რომ საქართველოს სახელით, სპორტულ სიარულში, ეთნიკური პოლონელი მასიეჟ როსიევიჩი იასპარეზებს. მას საქართველოს პასპორტი ახლახანს გადაეცა.

ქართველთაგან პირველი ოლიმპიადაზე, 27 ივლისს, გალელი მშვილდოსანი ქეთევან ესებუა გამოვა, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი კი არ მალავს, რომ ლონდონში ძირითადად წარმატებას ჭიდაობის სახეობებში ელის.

„დღეს უკვე სახეზეა ის ხალხი ვინც ბრძოლასა და კონკურენციაში გაიარა 35 ლიცენზია, 35 სპორტსმენი. თან მინდა ხაზი გავუსვა რომ მაქსიმალური ლიცენზიები ავიღეთ ჩვენთვის სტრატეგიულ სპორტის სახეობებში, ჭიდაობებში 21 არსებულიდან 20 ლიცენზია ავიღეთ.

ეს ძალიან კარგი შედეგია ბუნებრივია იმიტომ, რომ იზრდება შანსი მედლების აღების, იგივე მოჭიდავეებისა და ძიუდოისტებისგან. თუმცა ჩვენ კიდევ ოთხ-ხუთ დისციპლინაში გვაქვს მედლების აღების შანსი და აქედან გამომდინარე საერთო განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია.“

ქართველები პირველად ოლიმპიურ თამაშებში, საბჭოთა დროში ქვეშ, 1952 წელს, ჰელსინკის ზახულის ოლიმპიადაზე ჩაებნენ. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტლით მოჭიდავე, ფოთელი დავით ციმაკურიძე გახდა. ჰელსინკშივე ოლიმპიური ოქრო ტანმოვარჯიშე მზია ჯუღელმაც მოიპოვა.

სულ, 1952წლიდან 1988 წლამდე, ცხრა ოლიმპიადაზე, ქართველებმა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებს - 28 ოქროს, 23 ვერცხლისა და 34 ბრინჯაოს მედალი მოუტანეს.

1992 წლის ბარსელონას ოლიპიადაზე, საქართველომ გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა და 3 ოქროსა და 5 ბრინჯაოს დაეუფლა.

1996 წლიდან, ატლანტის ოლიმპიადიდან მოყოლებული საქართველო ოლიმპიურ თამაშებში უკვე დამოუკიდებლად ასპარეზობს და ამ ხნის მანძილზე, ოლიმპიური ჩემპიონი, 5 ქართველი გახდა; ოთხმა - ოლიმპიური ვერცხლი მოიპოვა, თერთმეტი კი ოლიმპიურ ბრინჯაოს დაეუფლა. ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გასტანს.

XS
SM
MD
LG