ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს არჩევანი: ოლიმპიადის ბოიკოტი თუ ოლიმპიური დროშით გამოსვლა?


ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი
ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის მომხრეთა რიცხვი სულ უფრო მატულობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:17 0:00
ბმული

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც შაბათს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, კვლავ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარის პოსტზე დარჩა, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირების კამპანია დაიწყო.

პრეზიდენტი ღიად მოუწოდებს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს და თითოეულ სპორტსმენს, რომლებმაც სოჭის ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს, „მოიქცნენ როგორც ნამდვილი ქართველები“ და არ მიიღონ მონაწილეობა „პროპაგანდისტულ ღონისძიებაში“.

სოჭის ოლიმპიადის თემა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კვირას, ოლიმპიური ცეცხლი მოსკოვში, კრემლთან, მეჩირაღდის რანგში, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მაიორმა ივან ნეჩაევმა მიიტანა.

ნეჩაევი, 2008 წლის აგვისტოში სუ-25 ტიპის ავიაგამანადგურებლით საქართველოს ტერიტორიებს ბომბავდა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, მას ქართველების ნასროლი რაკეტა მოხვდა, (არსებობს მეორე ვერსიაც რომ მას შეცდომით თავად რუსებმა ესროლეს - ზ,წ) თუმცა სამხედრო მფრინავმა შეძლო დაზიანებული მოიერიშის რუსეთის ტერიტორიაზე დასმა, რისთვისაც რუსეთის გმირის წოდება მიიღო. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ განაცხადა:

„ძალიან მიყვარს ელენე გედევანიშვილი. გადავყევით თან და სულ დიდი სიმპატიით ვადევნედი თვალყურს მის სპორტულ წარმატებებს და ძალიან მინდა მისი წარმატება. მაგრამ, ერთია, რომ საქართველოს მის გარდა სხვა სპორტსმენი, რომელსაც მედლის აღება შეეძლება არ ჰყავს და მეორეც - თავად მონაწილეობა ამ პროპაგადისტულ ღონისძიებაში ძალიან, ძალიან საკამათოა.

ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მე არ ვახორციელებ ზეწოლას ოლიმპიურ კომიტეტზე, ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ისინი ოლიმპიური კომიტეტი არიან, არიან ქართველები და ქართველს ამ ყველაფერზე უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია.“

საქართველოში პირველად არ საუბრობენ ოლიმპიადის ბოიკოტზე. 2008 წლის 8 აგვისტოს, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, შორეულ პეკინში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობდა.

მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები პეკინში რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმას გააპროტესტებდნენ. მოგვიანებით, ქართველ სპორტსმენებს პირველი ლედი სანდრა რულოვსი შეხვდა და საერთოდ ოლიმპიადის დატოვება გადაწყდა.

თუმცა, რამდენიმე საათში ეს ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებაც შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა გააგრძელა. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მკაცრი სანქციები შეიძლება ყოფილიყო.

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ახლაც. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის გადაწყვეტილება, 2013 წლის 2 მაისს, კომიტეტის რიგგარეშე სესიაზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებას სესიაზე მყოფმა 49-ვე დელეგატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ოლიმპიურ კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ახლა, უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, შესაძლოა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წევრობის დროებით შეჩერებად დაუჯდეს;

ასევე, არ არის გამორიცხული საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს შეეზღუდოს ნანკინის 2014 წლის ახალგაზრდულ და რიო-დე-ჟანეიოროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება.

და, რაც ყველაზე მთავარია, შესაძლოა თბილისს ჩამოერთვას 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების მასპინძლობის უფლება, რომელიც საქართველოს დედაქალაქმა 2010 წელს მოიპოვა და ოლიმპიური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დახარჯა.

თუმცა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე არც პოზიციის ცვლილებას გამორიცხავს:

„თუ პოლიტიკურ ნაწილში გადაიზრდება სოჭის ეს თამაშები და პოლიტიკური თემა გახდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ჩვენც (ოლიმპიური კომიტეტი) მივიღებთ გადაწყვეტილებას, წავიდეთ თუ არ წავიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე.“

საქართველო სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ძირითადად სამთო მოთხილამურეებით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ევროპაში ემზადებიან. ესენი არიან - ბაკურიანელები იასონ აბრამაშვილი და ჯაბა გელაშვილი, გუდაურელები ალექსი ბენიანიძე და ნინო წიკლაური. ასევე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია სექტემბრის ბოლოს მოიპოვა.

ამ ხუთეულს, შესაძლოა დაემატოს კიდევ ორი სპორტსმენი, რომლებიც ოლიმპიადაზე „ველური ბარათის“ წყალობით მოხვდებიან.

რუსი მაიორის მიერ ოლიმპიური ცეცხლის გადატანის გამო, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადეობრივი აზრი საქართველოში უკვე სამ ნაწილად არის გაყოფილი. ნაწილს მიაჩნია, რომ ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზე ოლიმპიადას ცალსახად ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ; ნაწილი - მონაწილეობის მომხრეა, რადგან ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტსმენების ინტერესები არ დაზარალდეს.

არის მესამე ნაწილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პროტესტის გამოთქმა სოჭში ჩასვლითაც შეუძლია.

მათ შეუძლიათ ოლიმპიადაზე არ გამოვიდნენ ეროვნული დროშით და იასპარეზონ მხოლოდ ოლიმპიური მოძრაობის დროშით. ასევე არ მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალში. სწორედ ასე გააპროტესტა საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრა, მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე 15 ქვეყნის ოლიმპიურმა ნაკრებმა.
XS
SM
MD
LG