22 წლის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით აღინიშნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მეთერთმეტე დღე, რიოს გარეუბან ჟაკარაპეგუაში მდებარე რიოსენტრში, სადაც საჩხერელმა ძალოსანმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუპოვა!
157 კილოგრამიანმა ქართველმა გოლიათმა 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ატაცში, ზედიზედ ასწია: 205, 210 და 215 კილოგრამი. ჩვენი ძალოსნის მთავარი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი, 26 წლის ირანელი ძალოსანი ბეჰდად სალიმი იყო. ირანელმა ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ჯამში - 216 კილოგრამი ასწია და აკვრაში გადასვლამდე, 1 კილოგრამით უსწრებდა ტალახაძეს.
კვანძის გახსნა სწორედ, აკვრაში ასპარეზობის განახლებისთანვე მოხდა. სალიმიმ ზედიზედ სამჯერ ვერ დასძლია საწყისი წონა - 245 კილოგრამი და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ლაშა ტალახაძემ კი აკვრაში, ეტაპობრივად აიღო ჯერ 242, შემდეგ 247 და ბოლოს, თამამად წავიდა მსოფლიო და ოლიმპიურ რეკორდზე, 258 კილოგრამზე და ისიც უპრობლემოდ დააფიქსირა!
საჩხერელმა ძალოსანმა ოლიმპიური ოქრო მსოფლიო რეკორდის დამხობით მოიპოვა, რომელიც 2000 წლის სექტემბრიდან, მსოფლიო ლეგენდას ძალოსნობაში, ირანელ ჰუსეინ რეზაზადეს ეკუთნოდა. აკვრისა და ატაცის ჯამში, ტალახაძემ 473 კილოგრამს მოუყარა თავი, ერთი კილოგრამით გააუმჯობესა, რეზაზადეს 16 წლის წინანდელი რეკორდი.
ასპარზობიდან ირანელი ბეჰდად სალიმის გამოთიშვის შემდეგ, მედლის აღების შანსი - მეორე ქართველ ძალოსანს, 31 წლის ქობულეთელ ირაკლი თურმანიძესაც გაუჩნდა. ქართველმა 207 კგ დააფირსირა ატაცში და 241 აკვრაში, ჯამში 448 კილოგრამი. თურმანიძის კონკურენტი, სომეხი ალექსანიანი იყო, რომელმაც აკვრაში ზედიზედ ორჯერ ვერ დაძლია 254 კგ, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, მედალოსნების კვარცხლბეკზე, ორი ქართველი ავიდა!
ოლიმპიური ოქრო გადაეცა, ახალ მსოფლიო რეკორდსმენს ლაშა ტალახაძეს (აკვრა-ატაცის ჯამი 473 კგ), ვერცხლი - სომეხ მინასიანს (451 კგ) და ბრინჯაო ირაკლი თურმანიძეს (448 კგ).
ქართულმა ძალოსნობის სკოლამ 12 წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ გამოჭედა ოლიმპიური ჩემპიონი. ბოლოს, 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე, ოქრო გიორგი ასანიძემ მოიპოვა, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე ძალსოანთან ნაკრების მთავარი მწრთნელია. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილია.
16 აგვისტოს კიდევ ერთი ბრინჯაო საქართველოს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ბათუმელმა შმაგი ბოლქვაძემ მოუპოვა და დღეის მდგომარეობით, ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს: ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს.
ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რიგით მეშვიდე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები
საქართველოს დროშით
ზურაბ ზვიადაური - ძიუდო, 2004
გიორგი ასანიძე - ძალოსნობა, 2004
მანუჩარ კვირკველია - ჭიდაობა, 2008
ირაკლი ცირეკიძე - ძიუდო, 2008
რევაზ მინდორაშვილი - ჭიდაობა, 2008
ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდო, 2012
ლაშა ტალახაძე, ძალოსნობა, 2016
საბჭოთა დროშით
დავით ციმაკურიძე, ჭიდაობა, 1952
მედეა ჯუღელი, ტანვარჯიში, 1952
რაფაელ ჩიმიშკიანი, ძალოსნობა, 1952
გივი კარტოზია, ჭიდაობა, 1956
მირიან ცალქალამანიძე, ჭიდაობა, 1956
რობერტ შავლაყაძე, მძლეოსნობა, 1960
ავთანდილ ქორიძე, ჭიდაობა, 1960
ნუგზარ ასათიანი, ფარიკაობა, 1964
ვაჟა კაჭარავა, ფრენბურთი, 1964
ვიქტორ სანეევი, მძლეოსნობა, 1968, 1972, 1976
რომან რურუა, ჭიდაობა, 1968
ლევან თედიაშვილი, ჭიდაობა, 1972, 1976
შოთა ჩოჩიშვილი, ძიუდო, 1972
ზურაბ საკანდელიძე, კალათბურთი 1972
მიხეილ ქორქია, კალათბურთი, 1972
ვიქტორ კრატასიუკი, ნიჩბოსნობა, 1972
ალექსანდრე ანპილოგოვი, ხელბურთი, 1976
შოთა ხაბარელი, ძიუდო 1980
ქეთევან ლოსაბერიძე, მშვილდოსნობა, 1980
ვახტანგ ბლაგიძე, ჭიდაობა, 1980
ნინო სალუქვაძე, ტყვიის სროლა, 1988
დავით გობეჯიშვილი, ჭიდაობა, 1988
ვლადიმერ აფციაური, ფარიკაობა, 1988
გელა კეტაშვილი, ფეხბურთი, 1988
ვლადიმერ გოგოლაძე, ტანვარჯიში, 1988
დსთ-ს დროშით
დავით ხახალეიშვილი, ძიუდო, 1992
კახი კახიაშვილი, ძალოსნობა 1992 (1996-2000 საბერძნეთის დროშით)
ლერი ხაბელოვი, ჭიდაობა, 1992