სამი ოქროს მედალი, ორი მსოფლიო რეკორდი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და რაც მთავარია, საერთო განცდა, რომ ამ არაამქვეყნიური ძალისა და ტექნიკის ადამიანისთვის ეს მაქსიმუმი არ არის - ასეთია აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში, დღეს დილით დასრულებულ, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის საოცარი გამოსვლის მოკლე რეზიუმე.
24 წლის ქართველმა გოლიათმა, რომელიც უკვე ჩაეწერა ძალოსნობის ლეგენდათა სიაში, სუპერ მძიმე წონაში (+105 კგ) მორიგი დიდი ტიტული ისე მოიგო რომ კონკურენტები, მათ შორის ირანელი „ჰერკულესი“, ოლიმპიური ჩემპიონი, 27 წლის ბეჰდად სალიმი ახლოსაც არ გაიკარა.
ტალახაძემ ზუსტად 2 თვის წინ, დუშეთში, საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები ფენომენალური შედეგი ანაჰაიმშიც გაიმეორა - ატაცში 220 კგ ასწია, რითაც აპრილში ევროპის ჩემპიონატზე, მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217 კგ) სამი კილოგრამით უკვე ოფიციალურად გააუმჯობესა.
აკვრაში 257 კგ-ის დაძლევით კი საჩხერელ ძალოსანს ორჭიდის ჯამში, სარეკორდო 477 კილოგრამი დაუგროვდა (წინა მსოფლიო რეკორდი 473 კგ-იც მასვე ეკუთნოდა), რითაც მეორე-მესამე ადგილზე გასულ ირანელებს საიდ ალიჰოსეინსა (454 კგ) და ბეჰდად სალიმს (453 კგ) არანორმალური სხვაობით - 23 და 24 კილოგრამით გადაუსწრო!
ძალოსნობის სამყარო მოუთმენლად ელოდა აკვრაში მსოფლიო რეკორდის - 263 კგ-ის გაუმჯობესებასაც, რომელიც 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ირანელმა ლეგენდამ ჰოსეინ რეზაზადემ დაამყარა. მესამე ცდაზე მწვრთნელთა საბჭომ ლაშასთვის მართლაც შეუკვეთა 265 კგ, თუმცა მოგვიანებით აღარ გარისკეს და წონა დასწიეს.
უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ აღნიშნა, რომ ანაჰაიმში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო:
ნამდვილად მზად ვიყავი როგორც მსოფლიო ჩემპიონობისთვის, ისე რეკორდებისთვის, მაგრამ მაინც მქონდა სადღაც განცდა, რომ სადმე შეცდომა არ დამეშვა. ღმერთის წყალობით ყველაფერი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მწვრთნელებმა და მე დავგეგმეთ, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ“ლაშა ტალახაძე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ძალოსნობაში
„როდესაც მზად ხარ გამარჯვებისთვის, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია იღბალი და გამართლება. ნამდვილად მზად ვიყავი როგორც მსოფლიო ჩემპიონობისთვის, ისე რეკორდებისთვის, მაგრამ მაინც მქონდა სადღაც განცდა, რომ სადმე შეცდომა არ დამეშვა. ღმერთის წყალობით ყველაფერი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მწვრთნელებმა და მე დავგეგმეთ, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ“
ლაშა ტალახაძემდე ანაჰაიმში საქართველოს ისტორიული - ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი, ეროვნული ნაკრების ერთადერთმა ძალოსანმა ქალმა ანასტასია ჰოტფრიდმა მოუპოვა. 21 წლის ეთნიკური უკრაინელი, რომელიც უკრაინის ქალაქ სნეჟნოეში დაიბადა, 2015 წლიდან საქართველოს დროშით გამოდის.
ჰოტფრიდმა მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან მწვავე კონფლიქტის შემდეგ მიიღო. მას ორი პირადი მწვრთნელი ჰყავს - მამა, ყოფილი ძალოსანი სერგეი რომანოვი და მეუღლე, ძალოსნობაში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ატლანტის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი დენის ჰოტფრიდი.
აქამდე ანასტასიას საუკეთესო შედეგი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული ვერცხლის მედალი იყო. მაშინ ჰოტფრიდი უფრო დაბალ წონაში გამოდიოდა (+75 კგ), მოგვიანებით კი 90 კგ-ში გადავიდა. ანაჰაიმში ანასტასიამ ატაცში 120 კგ ასწია (ოქრო), აკვრაში - 145 კგ (ვერცხლი), ორჭიდში 265 კგ (ოქრო) დააგროვა, ჩილელ კონკურენტ მარია ვალდესს 10 კილოგრამით გაასწრო და სამი მედალი მოიპოვა. აქამდე, მსოფლიო პირველობაზე ქართველ ძალოსან ქალებს მედალი არასოდეს აუღიათ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე ამბობს, რომ თუ ასე გააგრძელა ანასტასია ჰოტფრიდი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის რეალური კანდიდატი იქნება:
დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორი, გააზრებული და კარგი ვარჯიშებით, ანასტასიას მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე მედალოსანი რეალურად შეუძლია გახდეს“გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთან ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„ანასტასია, რა თქმა უნდა, მოერგო იმ წონას, სადაც საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის შანსი ჰქონდა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორი, გააზრებული და კარგი ვარჯიშებით, მას მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე მედალოსანი რეალურად შეუძლია გახდეს.“
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სულ ოთხი სპორტსმენით იასპარეზა და აქედან, სამმა ძალოსანმა მედალი მოიპოვა. 62 კგ წონით კატეგორიაში, ორჭიდის ჯამში (298 კგ) ბრინჯაო 23 წლის შოთა მიშველიძეს დარჩა, რომლისგანაც მედალს არავინ ელოდა.
კურიოზული შეცდომის გამო (ერთი ცდა გაეპარათ და დრო ამოიწურა) 85 კგ წონით კატეგორიაში, ორჭიდში, მეხუთე ადგილს იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი 19 წლის რევაზ დავითაძე დასჯერდა.
საერთო ჯამში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო და გუნდურ ჩათვლაში, ტაილანდისა და ირანის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, რაც ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის და მისი გუნდის მორიგი ისტორიული მიღწევაა.
ადამიანი-რეკორდი
ლაშა ტალახაძე
დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში
პირველი მწრთნელი - მამა კობა ტალახაძე, სსრკ-ს 1983 წლის ჩემპიონი იუნიორთა შორის და 1987 წლის ვერცხლის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის
ბავშვობაში ძალოსნობამდე ბედი ჯერ ჭიდაობაში, შემდეგ კი ფეხბურთში სცადა
პირადი მწვრთნელი - ავთანდილ გახოკიძე
24 წლის ასაკში არის ევროპის მოზარდთა (2010), იუნიორთა (2011), 23 წლამდელთა (2016), მსოფლიოს იუნიორთა (2013), ევროპის (2016, 2017), მსოფლიოს (2015, 2017) და ოლიმპიური ჩემპიონი (2016)
2016 წელს დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად
2017 წლიდან არის NIKE-ის ოფიციალური სახე
ამჟამად ეკუთვნის ორი მსოფლიო რეკორდი: აკვრაში 220 კგ და ორჭიდში - 477 კგ
Facebook Forum