ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის მიერ ნაჩვენები ფენომენალური შედეგით შევა ძალოსნობის ისტორიაში, ხორვატიაში ახლახანს დასრულებული ევროპის ჩემპიონატი, სადაც ლაშამ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ყველაზე მძიმე +105 კგ წონით კატეგორიაში, 158 კილოგრამიანი ტალახაძის აბსოლუტური ჩემპიონობა სპლიტში არავის გაკვირვებია. ქართველმა გოლიათმა უპრობლემოდ მოიგო ოქროს მედლები ატაცში, აკვრასა და აბსოლუტურში. ჯამში მან 467 კილოგრამს მოუყარა თავი და მთელი 21 კგ-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს (446კგ).
ძალოსნობის სამყაროში ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა, ქართველის მიერ ატაცში 217 კილოგრამის აწევას. აქამდე, პლანეტაზე, ოფიციალურ შეჯიბრზე, ამხელა წონა არავის დაუძლევია და ეს პირველმა 23 წლის საჩხერელმა სპორტსმენმა მოახერხა.
ავტორიტეტული FloElite წერს, რომ „ტალახაძის საოცარი სტილი შესწავლისა და აღტაცების ღირსია. მისი ასაკიდან, შედეგებიდან და განვითარების ტემპიდან გამომდინარე ქართველს აქვს პოტენციალი ყველა დროის უდიდესი ძალოსანი გახდეს.“ თავად ლაშა ტალახაძე ამბობს:
ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა იყო და ეს ამოცანა ღირსეულად გადავწყვიტე. ამასობაში ატაცის ჭიდში მსოფლიო რეკორდიც დავამყარე. გულწრფელად ვამბობ, რომ რეკორდის დამყარება ჩემს გეგმაში არ იყო, თუმცა შეჯიბრის მსვლელობამ მოითხოვა და უბედნიერესი ადამიანი ვარ რომ ეს შევძელი“ლაშა ტალახაძე, ძალოსანი
„ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა იყო და ეს ამოცანა ღირსეულად გადავწყვიტე. ამასობაში ატაცის ჭიდში მსოფლიო რეკორდიც დავამყარე. ეს რეკორდი ჩემს კონკურენტს ირანელ სალიმს ეკუთვნოდა. გულწრფელად ვამბობ, რომ მსოფლიო რეკორდის დამყარება ჩემს გეგმაში არ იყო, თუმცა შეჯიბრის მსვლელობამ მოითხოვა და უბედნიერესი ადამიანი ვარ რომ ეს შევძელი.“
სპლიტში, ატაცში გამოსვლა ლაშა ტალახაძემ 203 კილოგრამის დაძლევით დაიწყო, მეორე მისვლაზე 210 კგ შეუკვეთა და ისიც უპრობლემოდ ასწია. მესამე უკვე სარეკორდო - 217 კილოგრამი იყო.
აქამდე ლაშას საუკეთესო შედეგი ატაცში - 215 კგ იყო. ეს შედეგი მან, 2016 წლის აგვისტოში, რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აჩვენა, თუმცა ქართველის მსოფლიოს რეკორდი რამდენიმე წუთში ირანელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბეჰდად სალიმიმ გააუმჯობესა, რომელმაც რიოში 216 კილოგრამი დაიმორჩილა.
ირანელ სალიმიმდე კი ატაცში 216 კგ-ი, შორეულ 1987 წელს, მხოლოდ ბულგარელ მსოფლიო ჩემპიონ ანტონიო კრასტევს ჰქონდა ნაჩვენები, თუმცა 1993 და 1998 წლებში, წონითი კატეგორიების შეცვლისა და დოპინგთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) ძველი შედეგები ისტორიის კუთვნილება გახადა და მსოფლიო რეკორდების ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო.
ახალი მსოფლიო რეკორდი ატაცში, 8 აპრილს, თბილისის დროით, საღამოს 8 საათზე, სპლიტის Gripe Osječka-ს ფიცარნაგზე დამყარდა. ლაშა ტალახაძემ ძალიან ადვილად დასძლია 217 კგ-ი, მთელი ერთი კილოგრამით გააუმჯობესა ირანელი სალიმის რვა თვის და ბულგარელი კრასტევის 30 წლის წინანდელი რეკორდი და ძალოსნობის ისტორია გადაწერა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე ამბობს, რომ ეს შედეგი და რეზერვი რაც ლაშა ტალახაძეს გააჩნია, ძალოსნობის ყველაზე პრესტიჟულ, სუპერმძიმე წონაში მას უკონკურენტოს ხდის:
ეს არის ის შედეგი, რომელიც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ უახლოეს მომავალში, ლაშა ყველა დიდი შეჯიბრების ფავორიტია და შეუძლია მხოლოდ უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლოს“გიორგი ასანიძე, ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„დამყარებულია ახალი მსოფლიო რეკორდი, ამასთან, საერთო ორჭიდის ჯამში 467 კგ-ი ეს არის ის შედეგი, რომელიც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ უახლოეს მომავალში, ლაშა ყველა დიდი შეჯიბრების ფავორიტია და შეუძლია მხოლოდ უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლოს.“
სპლიტში ევროპის ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში, ატაცში ბრინჯაოს მედალი ასევე მოიპოვა ქობულეთელმა ირაკლი თურმანიძემ, თუმცა სამწუხაროდ, მან ტრავმა მიიღო და შეჯიბრების დასრულება ვეღარ შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში - 3 ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ძალოსნობის ნაკრებმა მე-8 ადგილი დაიკავა.
მორიგი დიდი გამოცდა ლაშა ტალახაძეს 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატზე ელის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანაჰაიმში გაიმართება. ძალოსნობის გულშემატკივარს დიდი იმედი აქვს, რომ კალიფორნიაში ქართველი ტალახაძისა და ირანელი სალიმის მორიგი ისტორიული ბრძოლის მოწმე გახდება.
ქართული ძალოსნობის ვარსკვლავები
ოლიმპიური ჩემპიონები
რაფაელ ჩიმიშკიანი - 1952
კახი კახიაშვილი - 1992, 1996, 2000
გიორგი ასანიძე - 2004
ლაშა ტალახაძე - 2016
მსოფლიო ჩემპიონები
რაფაელ ჩიმიშკიანი - 1954, 1955
დიმიტრი შანიძე - 1973
კახი კახიაშვილი - 1995, 1998, 1999
გიორგი ასანიძე - 2001
ლაშა ტალახაძე - 2015
ევროპის ჩემპიონები
რაფაელ ჩიმიშკიანი - 1950, 1952, 1954, 1955, 1956, 1957
ვლადიმერ სვეტილკო - 1950
დიმიტრი შანიძე - 1972, 1973
კახი კახიაშვილი - 1992, 1993, 1995, 1996
გიორგი ასანიძე - 2000, 2001, 2002
რაულ ცირეკიძე - 2012
ირაკლი თურმანიძე - 2015
ლაშა ტალახაძე - 2016, 2017
Facebook Forum