ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიუს კვლევების 10 პოლიტიკური მიგნება 2020 წლიდან


კორონავირუსის პანდემიამ მთელი სამყარო შეცვალა. შეიცვალა მუშაობის, სწავლის, რელიგიური მსახურებების, მეგობრების და ოჯახის წევრების ნახვის და გარეთ, თუ შინ ყოფნის წესები. ნორმალური გახდა არანორმალური და გაჩნდა წესები და აკრძალვები, რომლებზეც აქამდე არც კი გვიფიქრია. თუმცა, პანდემია არ იყო ერთადერთი, რითიც 2020 წელი დაამახსოვრდა ამერიკას. ჯორჯ ფლოიდის დაკავებისა და გარდაცვალების ვიდეო ჩანაწერმა მილიონობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და ამერიკაში დაიწყო აქტიური განხილვა რასობრივი უსამართლობის თემაზე. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა და მისმა შედეგებმა კი კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია.

2021 წლის დადგომასთან ერთად, გთავაზობთ „პიუს კვლევითი ცენტრის“ მიერ 10 გამორჩეულ მიგნებას, რომელიც ამერიკასა და მსოფლიოში, გასულ წელს დააფიქსირეს.

1. პანდემიის დაწყების დღიდან, ამერიკაში ახალი კორონავირუსის გავრცელებას დემოკრატები უფრო მეტად აღიქვამდნენ როგორც „მთავარ საფრთხეს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, ვიდრე რესპუბლიკელები. ნოემბერში, დემოკრატების, თითქმის ორჯერ უფრო მეტ ნაწილს სჯეროდა, რომ პანდემია ჯანდაცვის მთავარი საფრთხე იყო, ვიდრე რესპუბლიკელებს. პროცენტულად კი ეს მონაცემები ასე განაწილდა: დემოკრატები 84% და რესპუბლიკელები 43%. თუმცა ორივე თანხმდებოდა იმაზე, რომ პანდემია დიდი გამოწვევა იქნებოდა ეკონომიკისთვის.

2. პანდემიას დრამატული ეფექტი ჰქონდა საერთაშორისო ფრენებზე. 2020 წლის აპრილის თვისთვის, მსოფლიოს მოსახლეობის 91% ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც საზღვარი ნაწილობრივ, ან სრულად იყო ჩაკეტილი.

7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა ქვეყნებში, სადაც რაიმე ტიპის შეზღუდვა მაინც არსებობდა არამოქალაქეებისა და ცხოვრების უფლების არმქონე პირებისთვის პანდემიის გამო. მათგან 3 მილიარდი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 39% ცხოვრობდა ისეთ ქვეყნებში, სადაც საზღვარი სრულად იყო ჩაკეტილი არამოქალაქეებისა და ცხოვრების უფლების არმქონე პირებისთვის.

3. პირველად, დიდი დეპრესიის შემდეგ, ახალგაზრდა ამერიკელების უმეტესობა მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ვირუსის გავრცელების პარალელურად, მილიონობით ამერიკელი, რომელთა შორისაც ახალგაზრდები უმრავლესობას შეადგენდნენ, მშობლებთან, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდნენ საცხოვრებლად. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, 18-29 წლამდე ახალგაზრდების 52% ერთ, ან ორივე მშობელთან ერთად ცხოვრობდა.

4. ბრექსიტის პარალელურად, ბრიტანელ ზრდასრულებში ევროკავშირზე დადებითი ხედვები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ბრიტანეთმა ევროკავშირი ფორმალურად იანვარში დატოვა და ამით დასრულდა გაყრის სამწლიანი პროცესი. მიუხედავად ამისა, „პიუს“ გამოკითხვების მიხედვით, ზრდასრული ბრიტანელების 60%-ს დადებითი აზრი აქვს ევროკავშირზე. ეს მონაცემი ყველაზე მაღალია 2004 წლიდან მოყოლებული.

ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოს მასშტაბით ძალას იკრებს

5. საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ მკვეთრად ნეგატიური გახდა 2020 წელს. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ბევრი აკრიტიკებდა ჩინეთს კოვიდ-19 თან სუსტი გამკვლავების გამო. გამოკითხული 14 ქვეყნიდან, ზრდასრულების უმრავლესობა ნეგატიურ აზრს გამოხატავდა ჩინეთის მიმართ. გამოკითხული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩინეთი ვერ გაუმკლავდა პანდემიას.

6. ამერიკელი ამომრჩევლების, დაახლოებით, 83%-მა თქვა, რომ „ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს“ ვინ გახდება პრეზიდენტი. ასეთი მაღალი მონაცემი ქვეყანაში ბოლო 20 წელია არ დაფიქსირებულა. შედარებისთვის, 2000 წელს, დარეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ ნახევარი თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ვინ გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი და ვინ გაიმარჯვებდა - დემოკრატი ალ გორი თუ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში.

2020 წლის არჩევნები ისტორიული ბევრი თვალსაზრისით იყო. მაგალითად იმით, რომ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ამომრჩევლების ისტორიულად მაღალმა რაოდენობამ, 81 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა.

7. ტრაპმის მოწონების რეიტინგი უფრო მკვეთრად იყო გაყოფილი პარტიებს შორის, ვიდრე ოდესმე ყოფილა სხვა პრეზიდენტების დროს. შეკითხვაზე - მისი პრეზიდენტობის დროს კარგად უმკლავდებოდა თუ არა პრეზიდენტი საკუთარ მოვალეობას, რესპუბლიკელების 87%, ხოლო დემოკრატების 6% პასუხობდა დადებითად. 81 პუბქტიანი ეს პროცენტული განსხვავება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის პრეზიდენტის მუშაობასთან დაკავშირებით აქამდე არ დაფიქსირებულა. შედარებისთვის, ობამას დროს პარტიებს შორის მის საქმიანობაზე აზრთა სხვადასხვაობა 61 პროცენტული პუნქტის მაჩვენებლით განსხვავდებოდა, ხოლო ბუშის დროს 58-ით.

8. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, ათიდან ყოველი მეოთხე ამერიკელი ამბობდა, რომ მან ან მისმა ოჯახის წევრმა სამსახური დაკარგა, ან ხელფასი შეუმცირდა. ამერიკაში უმუშევრობის ასეთი დაბალი დონე დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ამერიკელების 42% ამბობდა, რომ მან, ან მისი ოჯახის წევრმა დაკარგა სამსახური, შეუმცირდა ხელფასი, ან დროებით შეუჩერეს სამუშაო პროცესი. სამსახურის დაკარგვა, განსაკუთრებით შეეხოთ ახალგაზრდებს, ლათინური წარმოშობის მოსახლოებას და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს.

9. ამერიკელების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ პერსონალურად იცნობს ხალხს, ვინც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, ან ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. ამერიკის შავკანიანი მოსახლეობის 71% ამბობს, რომ იცნობს, ან იცნობდა ასეთ ადამიანებს. იგივე მაჩვენებელი ლათინური წარმოშობის მოსახლეობაში 61%-ია, თეთრკანიან მოსახლეობაში 49%, ხოლო აზიელებში 48%-ია.

10. ამერიკელების დიდი უმრავლესობა, 86% ამბობს, რომ კაცობრიობას შეუძლია ისწავლოს გაკვეთილი კორონავირუსის პანდემიისგან. ამერიკელების 35% კი თვლის, რომ ეს იყო გაკვეთილი, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მოუვლინა. გაკვეთილები კი რომელზეც ამერიკელები საუბრობენ ისაა, რომ მათ დააფასეს ოჯახი და ოჯახის წევრებთან გატარებული დრო. მათ ისწავლეს, რომ პირბადის ტარება, ნამდვილად, აუცილებელია. საუბრობენ, ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობასა და საზოგადოების ერთად დგომაზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG