ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ პარლამენტში უკვე 94 დეპუტატია


პრორუსული "პატრიოტთა ალიანსიდან" წამოსულები, პარლამენტში „ევროპული სოციალისტების“ სახელით შევიდნენ
პრორუსული "პატრიოტთა ალიანსიდან" წამოსულები, პარლამენტში „ევროპული სოციალისტების“ სახელით შევიდნენ

საერთო ოპოზიციური ბოიკოტის 23-ე დღეს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი უკვე ყოფილი წევრი შეიყვანა. 150 ადგილიან პარლამენტში ახლა უკვე 94 დეპუტატია.

საუბარია ე.წ „ფულის ტომრებზე“: ფრიდონ ინჯიაზე, დავით ზილფიმიანზე, გელა მიქაძესა და ავთანდილ ენუქიძეზე, რომლებმაც „პატრიოტების“ საარჩევნო სიაში ადგილები, პრორუსული პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ მიიღეს.

აქედან, სამმა ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლა. მას შემდეგ რაც პარლამენტში გასულმა „პატრიოტებმა“ ინაშვილმა, ლომიამ და თევდორაძემ მანდატებზე უარი თქვეს, მათი ადგილი ინჯიამ, ზილფიმიანმა და მიქაძემ დაიკავეს. ხოლო ენუქიძემ ჯერ კიდევ, გასულ წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მანდატის დათმობას არ აპირებს.

ყოფილი "პატრიოტები" პარლამენტში შევიდნენ
ყოფილი "პატრიოტები" პარლამენტში შევიდნენ

პარლამენტში შესვლამდე ოთხეულმა „პატრიოტთა ალიანსის“ რიგები დატოვა და „ევროპული სოციალისტები“ დაირქვა. „ოპოზიციონერი“ კოლეგების უფლებამოსილების ცნობას „ოცნების“ დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, პარლამენტის სკიპერმა არჩილ თალაკვაძემ კი ბრძანა, რომ ოპოზიცია უკვე პარლამენტშია:

ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში..შესაბამისად, ჩვენ, როგორც პარტია „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს"
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე

„ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ის მონაწილეობას მიიღებს ამ მომენტიდან სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, ჩვენ, როგორც პარტია „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს, ვინაიდან, დარწმუნებულები ვართ, რომ ოპოზიციის ბრალდება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, საფუძველს მოკლებულია“ - აღნიშნა თალაკვაძემ.

პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა - 3,14% მიიღო. პარტიამ ოთხი მანდატი მოიპოვა და სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, „პატრიოტებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ჩახსნეს პარტიის პროპორციული სია, რითაც ერთის მხრივ: ენუქიძეს, ინჯიას, ზილფიმიანს და მიქაძეს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მისცეს. მეორეს მხრივ, კი პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება გაინაღდეს. რას შეცვლის ოთხი ყოფილი „პატრიოტის“ ახალ პარლამენტში შესვლა? ამ კითხვით „ამერიკის ხმამ“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს მიმართა:

„ქართულ ოცნებას“ ისედაც მიაჩნია, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია, შესაბამისად, ოთხი ყოფილი „პატრიოტის“ შესვლით, "ოცნება" გარკვეულწილად, მხოლოდ ფასადური მხარის შევსებას ცდილობს. ალბათ, ამ ოთხეულს დაემატება კიდევ ორი დეპუტატი შიგნიდან და შეიქმნება ფრაქციაც, თუმცა, რამდენად იქნება ეს ოპოზიციური ფრაქცია და რამდენად მიიღებს მას დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ეს ცალკე თემაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს გავლენას დანარჩენი ოპოზიციის ქმედებებზე და ვერც საზოგადოების ნაწილში არსებულ პროტესტულ განწყობებს შეცვლის.

მიუხედავად იმისა, რომ მეც, როგორც მოქალაქე, არ ვუჭერ მხარს პარლამენტის ბოიკოტს, უკვე ძალიან მაღალ დონეზეა აწეული ეს ბოიკოტის თემა, და იგივე „გირჩის“ ნაწილისთვის და ელისაშვილის „მოქალაქეებისთვისაც“ არ იქნება ადვილი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღონ.

ოთხი ყოფილი „პატრიოტის“ შესვლით, "ოცნება" გარკვეულწილად, მხოლოდ ფასადური მხარის შევსებას ცდილობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს გავლენას დანარჩენი ოპოზიციის ქმედებებზე"
ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი

მიმაჩნია, რომ თუ მოიძებნება მინიმუმ 30 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში გასული პარტიებიდან, ვინც ახლა ბოიკოტის რეჟიმშია და ისინი შევლენ პარლამენტში, შეიქმნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, დაიწყება მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, ამ პარტიების მომავლიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი გამართლებული იქნება.

2-3 დეპუტატით ასეთ პარლამენტში შესვლა კი თავად ამ პარტიების მომავლისთვის არის სარისკო, მით უმეტეს, რომ დღეს არანაირი ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა არ ჩანს“ - ამბობს პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე.

დღეისათვის, ახალ პარლამენტში უმრავლესობა „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით, ყოფილი „პატრიოტები“, ახლა „ევროპული სოციალისტების“ სახელით 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას ინარჩუნებენ „გირჩის“ 3 და „მოქალაქეების“ – 2 დეპუტატი, რომლებსაც მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თუმცა დღემდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

დანარჩენმა ოპოზიციამ, „ნაციონალური მოძრაობის“ 36-მა, „ევროპული საქართველოს“ 5-მა, „აღმაშენებლის“ და „ლელოს“ 4-4-მა, „ლეიბორისტების“ და გირჩის“ თითო, ჯამში 51-მა დეპუტატმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ დეკემბერში მიმართა. თუმცა, მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და შუამავალი ელჩების მეშვეობთ, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეექვსე რაუნდს ელოდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG