ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაბუს დარღვევა: სექსუალური შევიწროვება საქართველოში


ქსკ "ჩხოროწყუს" 15 წლის ფეხბურთელი გოგონას ბრალდების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა
ქსკ "ჩხოროწყუს" 15 წლის ფეხბურთელი გოგონას ბრალდების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში, გასულ შაბათს, „ჩხოროწყუმ“ გორის „იუნაიტედი“ 6-0 დაამარცხა. ამ დროს, სამეგრელოს გუნდის მთავარი მწვრთნელი ამირან ვ. უკვე გადამდგარი იყო. „ჩხოროწყუს“ სათადარიგო მოთამაშემ, 15 წლის გოგონამ 65 წლის მწვრთნელი სექსუალურ შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულა და ძალადობის დასადასტურებლად მედიას რამდენიმე ფარული ვიდეო მიაწოდა.

პოლიციამ ფეხბურთის მწვრთნელი 1 აპრილს სენაკში, „16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით“ დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა 15 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება საკუთარ სახლში და ავტოფარეხში ჩაიდინა. არასრულწლოვანი იმერეთის რეგიონიდან არის. იგი ჩხოროწყუს გუნდში ვარჯიშობდა და დროებით მწვრთნელის ბინაში ცხოვრობდა.

ქალთა საფეხბურთო გუნდი "ჩხოროწყუ"
ქალთა საფეხბურთო გუნდი "ჩხოროწყუ"

65 წლის ამირან ვ. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და პროვიკაციაზე საუბრობს. მან ადვოკატის აყვანაზე უარი თქვა. ზუგდიდის სასამართლომ გუშინ ფეხბურთის მწვრთნელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში მას ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაზარალებული გოგონა, რომლის ინტერესებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს, ამბის გახმაურების შემდეგ, თანაგუნდელებისა და საზოგადოების ნაწილის აგრესიულ თავდასხმებს განიცდის, თუმცა არც მხარდამჭერები აკლია.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სექსუალური შევიწროვების თემა ნელ-ნელა ქართულ საზოგადოებაშიც სერიოზულად აღქმადი ხდება:

ყველამ საკუთარ ორგანიზაციაში, იქნება ეს კერძო ინსტიტუტი თუ საჯარო სამსახური, უნდა დასვას შეკითხვა, რა მოვიმოქმდეთ როდესაც სექსუალური შევიწროვების შესახებ გავიგეთ ?!“
ნინო ლონჯარია, სახალხო დამცველი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ ორგანიზაციაში, იქნება ეს კერძო ინსტიტუტი თუ საჯარო სამსახურში, დასვას შეკითხვა, რა მოვიმოქმედეთ როდესაც სექსუალური შევიწროვების შესახებ გავიგეთ?!“

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში ორ მამაკაცს მოუწია მაღალი თანამდებობის დატოვება ქალების მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების შემდეგ. 22 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორის თანამდებობა ზვიად დევდარიანმა დატოვა, რომელიც 16 წლის მანძილზე ეკავა და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კამპანიასაც კი აფინანსებდა.

დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში რვა ქალი ადანაშაულებს
დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში რვა ქალი ადანაშაულებს

„ქალთა მოძრაობამ“ დევდარიანი რვა ქალის სექსუალურ შევიწროვებაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც სახალხო დამცველმა სიდა-ს დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა და ამ ნაბიჯით ომბუდსმენის ინსტიტუტი სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა. შსს-მ დევდარიანის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.

27 მარტს კი თანამდებობიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე გადადგა. იგი სექსუალურ შევიწროვებაში ყოფილმა თანამშრომელმა, საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ეკა მესხიძემ ამხილა.

ეკა მესხიძის ბრალდების შემდეგ პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო სამსახური დატოვა
ეკა მესხიძის ბრალდების შემდეგ პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო სამსახური დატოვა

მესხიძის გარდა უგრეხელიძეს კიდევ რამდენიმე ქალი უჩივის, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ინფორმაციას ძალადობის შესახებ იუსტიციი მინისტრი თეა წულუკიანი დიდი ხანია ფლობდა და დროული რეაგირება არ მოახდინა.

როგორც პაპუნა უგრეხელიძე, ისე ზვიად დევდარიანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და ოჯახის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი სახე "ტასო ბარნოვა", იგივე თათია სამხარაძე, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე საქართველოში ტაბუ დაირღვეს და ქალებმა ძალადობაზე ხმამაღლა ისაუბრონ:

სექსუალურ შევიწროვებაზე ხმამაღლა საუბარი ნიშნავს ამ უმწვავესი პრობლემის დეკლარირებას. ყველამ ვიცით რომ ძალადობის ეს ფორმა ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს, ოღონდ ამაზე ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობს"
თათია სამხარაძე

„სექსუალურ შევიწროვებაზე ხმამაღლა საუბარი ნიშნავს ამ უმწვავესი პრობლემის დეკლარირებას. ყველამ ვიცით, რომ ძალადობის ეს ფორმა ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს, ოღონდ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს ან ერთეულები ბედავენ ლაპარაკს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არის ან გახდება სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი დარეკოს ცხელ ხაზზე, თუნდაც ანონიმურად და ერთად დავუპირისპირდეთ ძალადობას.“

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ მისი ყოფილი უფროსი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში 2016 წლის აპრილში ღიად დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა.

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლო მოუგო
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლო მოუგო

სკანდალის აგორებამდე „იმედმა“ რამიშვილთან სამუშაო კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა ტელეკომპანიას ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად რამიშვილს 2000 ლარის გადახდა დააკისრა.

2017 წლის ოქტომბერში კი მარი კურტანიძემ თამაზ აქუბარდიას ღია წერილით მიმართა და აღწერა 15 წლის წინ, როგორ ავიწროვებდა სექსუალურად მათემატიკის ყოფილი მასწავლებელი. აქუბარდიას „უხამსი კომენტარები“ გაიხსენა მისმა ყოფილმა სტუდენტმა სოფო გოგიშვილმაც. ეკონიმიკის პროფესორმა ბრალდებებს „უზნეო, ამორალური და ამაზრზენი“ უწოდა.

საქართველოს პარლამენტში გასული წლის ოქტომრიდან შესულია “ქალთა მოძრაობის” პეტიცია, რომლის მთავარი მოთხოვნაც სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრაა.

პეტიციის ათასი ხელმომწერი „შრომის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ, რათა სექსუალური შევიწროება როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში აიკრძალოს.

თამაზ აქუბარდია და მარი კურტანიძე
თამაზ აქუბარდია და მარი კურტანიძე

პეტიციის მიხედვით, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: "სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე, სხეულზე უნებართვოდ შეხებას და გენიტალიების ჩვენებას".

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება კი გამოიხატება "სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნაში დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG