ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ შეიძლება ნიშნავდეს „მიშტერება“ სექსუალურ შევიწროვებას


სიტყვა „მიშტერებამ“ , რაც ქალთა მოძრაობის პეტიციაში იყო გამოყენებული საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საუბარია სექსუალური შევიწროვების აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტისთვის გაგზავნილ პეტიციაზე. მისი ავტორები მოითხოვენ, რომ სექსუალური შევიწროვება დასჯადი ქმედება გახდეს და შევიდეს შესაბამისი ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. პეტიციის ტექსტში ნათქვამია: „საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდებაგრელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ... სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.
დროა, კანონით აიკრძალოს სექსუალური შევიწროება!“. სიტყვა „მიშტერება“, რომელიც ტექსტში კონკრეტული ქმედების საილუსტრაციოდაა გამოყენებული, სოციალურ ქსელებში ქილიკის საგნად იქცა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც ამერიკის ხმამ ჩაწერა, ამბობს: „აჟიოტაჟია ისეთ თემაზე, რომელიც პრობლემაა არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მსოფლიოში. თანამედროვე მსოფლიო ცდილობს მას პასუხი გასცეს. მე ვფიქირობ, ეს თემა არც საქილიკოა და არც სასაცილო. ცალკეული სიტყვა თუ არ მოსწონს ვინმეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად იდეაა არასწორი ან სასაცილო. მე უფრო სერიოზულად მოვეკიდებოდი ამ საკითხს. არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ მგონია, რომ არასწორი რეაგირება მოჰყვა ამას საზოგადოების ერთი ნაწილისგან.“

პეტიციის ერთ–ერთი ავტორი და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია აცხადებს, რომ დისკუსიასა და საზოგადოებაში განხილვებში, რაც ამ საკითხის წამოწევას მოჰყვა, საგანგაშო არაფერია: „ძალიან კარგია, რომ ეს დებატები მიმდინარეობს. ზოგმა ადამიანმა თუ ახლა გაიგო, რომ სხვა ადამიანის შეწუხება არ შეიძლება, ძალიან კარგია, რომ ახლა მაინც გაიგო. ძალიან კარგია, რადგან გაიგო, რომ არ აქვს უფლება სხვა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს, დამცირებულად აგრძნობინოს თავი იქნება ეს ხელის შეხებით, სიტყვიერად თუ არასიტყვიერად.“

ამერიკის ხმასთან საუბრისას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ამბობს, რომ მათმა ორგანიზაციამ ჩაატარა მოკვლევა მეტროს სადგურებში, რომელმაც საკმაოდ მძიმე სურათი აჩვენა: „რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, ადამიანი ადამიანს რომ შეხედავს, დისკრიმინაციაა და უნდა დაისაჯოს. არსებობს გარემოებები და ვითარება, როდესაც უფლებები ილახება. ჩვენმა ორგანიზაციამჩაატარა კვლევა მეტროს სადგურებში და მართლაც საგანგაშო მდგომარეობა იქნა გამოვლენილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგივე სურათი გვაქვს, დავუშვათ, სამუშაო ადგილებზე და სხვა სივრცეებში. პრობლემა არსებობს, დამატებით კვლევას საჭიროებს და ამის შემდგომ კანონმდებლობაში გარკვეულ ცვლილებას. საზოგადოებას კარგად უნდა გავაგებინოთ, რას გულისხმობს სექსუალური შევიწროვება.“

ანა წურწუმია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თავის სხდომაზე განიხილა პეტიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია პარლამენტში მასზე მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმაში ჩვენ ისედაც გვქონდა გათვალისწინებული ამ საკითხზე მუშაობა, ეს პროცესი მიდის, შესწავლილი გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკა და ვაპირებთ ცვლილებების ინიცირებას ამ საკითხზე“.

პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ რეგულაციების სიმწირე ამ თვალსაზრისით სექსუალური შევიწროვების შემთხვევებს მხოლოდ გაზრდის. გენდერული თანასწორობის საბჭო ამ ეტაპზე კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG