ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ ვადანაშაულებთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს - რუბრიკა “გალილეო”


ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია ბარსელონაში, ესპანეთი. ფეხსაცმლის თითოეული წყვილი ძალადობის თითო ფაქტს ასახავს.
ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია ბარსელონაში, ესპანეთი. ფეხსაცმლის თითოეული წყვილი ძალადობის თითო ფაქტს ასახავს.

ძალადობა - ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა

ძალადობა ქალების და გოგონების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, სისტემატური და აღმაშფოთებელი სახეა. ეს ხდება მთელ მსოფლიოში, განვითარების ნებისმიერ დონეზე მყოფ ქვეყანაში, სხვადასხვა ერებში, თაობებში, პროფესიაში, საზოგადოებრივ ფენაში, განურჩევლად ასაკის, ეთნოსის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, თუ სხვა ნიშნის ჯგუფში - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

პრობლემა კომპლექსურია

ძალადობის პრობლემასთან გამკლავებას წინ ბევრი ბარიერი უდგას, ფინანსური, კულტურული, საკანონმდებლო, თუ საგანმანათლებლო. სპეციალისტების აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადო ინფორმაციის, განათლების, ტრეინინგების არქონა, რაც ორივე სქესის წარმომადგენლებს სჭირდებათ. ქალებზე და გოგონებზე ძალადობასთან ბრძოლაში დაუძლეველ წინაღობად რჩება ის ფაქტი, რომ ამ ტიპის უფლებების დარღვევა, დანარჩენისგან განსხვავებით, ხშირად ან მსხვერპლის, ან მისი გარემოცვის გადაწყვეტილებით, არ აშკარავდება. ამ თემაზე ლაპარაკს უმეტესად, გაურბიან.

ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ან ფინანსური ძალადობა ქალებზე და გოგონებზე არ ხმაურდება. არ ხმაურდება მაშინ, როცა მოძალადეა ოჯახის წევრი, ან ნათესავი: ქმარი, მამა, ძმა, ბიძა, ბაბუა; არ ხმაურდება არც მაშინ, როცა მოძალადეა მასწავლებელი, პროფესორი, უფროსი სამსახურში, პოლიციელი, ან სხვა უფლებრივად მაღლა მდგომი ადამიანი; არც მაშინ ხმაურდება, როცა ეს არის თანაკლასელი, თანაკურსელი, თანამშრომელი, ან მეგობარი; და არ ხმაურდება მაშინაც კი, როცა მოძალადეა უბრალო გამვლელი, ტაქსის მძღოლი, კლიენტი, მაღაზიის გამყიდველი...

მსხვერპლის დუმილის ერთ-ერთი მიზეზი

ახლახან გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, “რა სურთ ქალებს-2018”, რომელშიც მონაწილეობა 6 ათასამდე ავსტრალიელმა ქალმა მიიღო, გაირკვა, რომ:

  • მათ შორის, ვინც ბოლო 12 თვეში სამსახურში სექსუალური ძალადობა, ან შეურაცხყოფა განიცადა, მომხდარის შესახებ მხოლოდ 24-მა პროცენტმა განაცხადა
  • მომჩივანი ქალების 65 პროცენტი მიღებული შედეგით უკმაყოფილო დარჩა
  • რეაგირება სამართლიანად ჩათვალა ქალების მხოლოდ 10-მა პროცენტმა
  • მთლიანად, გამოკითხვაში მონაწილე ქალებს შორის, მხოლოდ მესამედს წარმოუდგენია, რომ ჩივილის შემთხვევაში, ადეკვატური ზომების გატარება ხდება

დამნაშავეთავად მსხვერპლია (?)

დანაშაულის დამალვის ერთ-ერთ საგულისხმო მიზეზად საზოგადოების მხრიდან თავად მსხვერპლის დადანაშაულების ტენდენცია სახელდება. თავდასხმის მომენტში, ან მოგვიანებით, მსხვერპლს ბევრი სხვადასხვაგვარი ემოცია უჩნდება. ეს არის დანაშაულის შეგრძნება, უძლურება, შიში, წყენა, ბრაზი, უარყოფა...

შიში მას ხშირად არამარტო მოძალადის მიმართ აქვს, არამედ ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში, საზოგადოების არასწორი რეაქციის და სტიგმატიზირების რისკის გამოც. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მსხვერპლის გამკიცხველებს შორის ბევრი ქალია, ხშირად საკუთარი ოჯახის, თუ სამეგობრო წრის წევრიც კი. მათგან ხშირად გაიგებთ: რა უნდოდა შუაღამით ღამის კლუბში? ისე გამომწვევად იცმევს, აბა რას უზამდნენ? ან საერთოდ, რა საჭირო იყო ამ ამბის საჯაროდ გამოტანა?

ვინ ადანაშაულებს მსხვერპლს?

საზოგადოების ნაწილს მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის ნაცვლად, ფარული, ან ღია აგრესია აქვს და მისი არ სჯერა. მეორე ნაწილს სჯერა, მაგრამ დასცინის, ან აკრიტიკებს. ამერიკელი ფსიქოლოგები სამეცნიერო ჟურნალში “ადამიანის და სოციალური ფსიქოლოგიის ბიულეტენი” წერენ, რომ ამგვარ რეაქციაში წამყვან როლს კონკრეტულ საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური ფასეულობები თამაშობს.

რაც უფრო კონსერვატიულია საზოგადოება და ზრუნვის და სამართლიანობის ფასეულობებზე მაღლა ერთგულებას და მორჩილებას აყენებს, მით მეტია შანსი, რომ მისმა წევრებმა დაადანაშაულონ მსხვერპლი და არა თავდამსხმელი. ზრუნვა და სამართლიანობის მოთხოვნილება სჭარბობს ინდივიდუალური უფლებების და ფასეულობების მქონე საზოგადოებაში. მორჩილება, ერთგულება და სიწმინდეების თაყვანისცემა კი როგორც წესი, უფრო კლანურობისადმი მიდრეკილ საზოგადოებას ახასიათებს.

საყურადღებო სტატისტიკა

გაეროს 2016 წლის მონაცემებით, ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა 15-დან 49 წლამდე ქალების სულ ცოტა, 19 პროცენტს გამოუცდია. იმავე ასაკობრივ ჯგუფში დაქორწინებულ, ან პარტნიორთან მცხოვრებ ქალებს შორის, სქესობრივ კონტაქტზე გადაწყვეტილებაში მონაწილეობას მხოლოდ 52 პროცენტი იღებს. მოკლული ქალების ნახევარი სიცოცხლეს პარტნიორმა, ან ოჯახის წევრმა გამოასალმა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კვლევაში 87 ქვეყნის მონაცემები გამოიყენა.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, გამოკითხული ამერიკელებიდან ყოველი მეხუთე ქალი/გოგონა ცხოვრებაში ერთხელ მაინც არის გაუპატიურებული. აქედან 37.4 პროცენტში პირველი გაუპატიურება 18-დან 24 წლამდე ასაკში მოხდა. გაუპატიურების შესახებ ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 31.5-მა პროცენტმა იჩივლა. მიღებული ფსიქოლოგიური და ზოგჯერ ფიზიკური ტრავმებით გართულებების გარდა, გაუპატიურების ფაქტი მომავალში ინფარქტების და ინსულტების გაცილებით მაღალ ალბათობას უკავშირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG