რა იწვევს თინეიჯერებში აგრესიას და ძალადობას? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება უფროსებმა და როგორ ვეძებოთ გამოსავალი? ამ საკითხებზე სასაუბროდ რუბრიკაში „გალილეო“ მოვიწვიეთ ორი გამოცდილი ამერიკელი ფსიქოლოგი და მრჩეველი: მაგდა თევდორაძე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) და პეპერდაინის უნივერსიტეტის პროფესორი მინდია გაბიჩვაძე (კალიფორნიის შტატი).
მკვლელობის გამოძიება პოლიციის საქმეა, მაგრამ საზოგადოება უნდა შეეცადოს ემოციების გარეშე, გაცილებით ღრმად გაიაზროს საქართველოში მომხდარი ტრაგედიის სათავეები. „ახლა დიალოგის დროა, გამოსავლის ძებნის, მოსმენის და სწავლის“ - ამბობს მინდია გაბიჩვაძე. მისი თქმით, ძალადობა მოზარდებში ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა. მათი ორგანიზმი ძალიან რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს გადის, რის გამოც განვითარების ამ ეტაპს ცნობილმა ფსიქოლოგმა გრენვილ სტენლი ჰოლმა „შტორმის და სტრესის“ პერიოდიც კი უწოდა. ეს პროცესები ურთულეს ემოციურ პრობლემებს იწვევს, მათ შორის, ბრაზს, აგრესიას და ძალადობასაც.
ინდივიდუალურთან ერთად, ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ფაქტორებს, ოჯახურ გარემოს, თანატოლების გავლენას, განმარტავს მინდია გაბიჩვაძე. ჰორმონალური ცვლილებები ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, განწყობაზე, ქცევაზე აისახება. მათ ძლიერი ემოციები უჩნდებათ, რომელთა კონტროლიც უჭირთ. მაგდა თევდორაძის თქმით, ბრაზის, რისხვის ძალადობაში გადასვლას ხელს უწყობს როგორც ბიოლოგიური მონაცემები, ასევე რისკფაქტორები ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში.
ძალადობის რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგალითად, რამდენად საგანგაშოა, როცა ვხედავთ, რომ ბავშვი ცხოველებს აწამებს? მაგდა თევდორაძე თვლის, რომ ასეთ დროს აუცილებლად განგაში უნდა ატყდეს. რა თქმა უნდა, „ყველა ცხოველის მწვალებელი ბავშვი არ გაიზრდება პათოლოგ მოზარდად თუ დროზე მიექცა სათანადო ყურადღება“. ამ დროს არ შეიძლება „ცემა, ყვირილი, დასჯა, არამედ პროფესიონალური ყურადღებაა საჭირო ფსიქოლოგის მხრიდან... რამდენჯერ გაგვიგია: გადასარევი ოჯახიდანაა, რა დაემართა? თუ ამ ოჯახის ისტორიაში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ იქ არც თუ ისე ‘მშვენივრადაა’ ყველაფერი“. ხან ღალატთან გვაქვს საქმე, ხან ძალადობასთან, იქნებ მოუცლელობასთან, ან სულაც ამპარტავნებასთან.
მაგდა თევდორაძე ამბობს, რომ ოჯახში ხშირად არ არის მიღებული პირად გრძნობებზე, ემოციებზე ლაპარაკი. ამიტომ წყენა, ბრაზი, გულის აცრუება, სინანული, სევდა, წუხილი და მსგავსი ემოციები უმეტესად არ ჩანს, იმალება, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ბავშვს ძალადობისკენ უბიძგოს. „საგანგაშოა, როცა ბავშვი სკოლაში გარიყულად გრძნობს თავს, ან პირიქით - ვიწრო წრის წევრია, წრის, რომელიც ზევიდან უყურებს დანარჩენებს. ნებისმიერ პათოლოგიას, იქნება ეს ცხოველების წამება, მეგობრების დაცინვა, ჩაკეტილობა, ხშირი აგრესია და ასე შემდეგ, აუცილებლად სჭირდება მშობლის და სკოლის ყურადღება“ - ამბობს ფსიქოლოგი.
მინდია გაბიჩვაძის თქმით, მოზარდები უკიდურესად მგრძნობიარეები არიან ფიზიკური, თუ ვერბალური ჩაგვრის და შეურაცხყოფის, ბულინგის, მიმართ. თუკი სახლში, სამეზობლოში, ან სკოლაში ისინი აგრესიას აწყდებიან, მაშინ „საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ანტისოციალურ გადაწყვეტილებებს ირჩევენ“. ასეთ დროს სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებს ალკოჰოლის, ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა. პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს სოციალური მედია. თინეიჯერებს უჭირთ სტრესული სიტუაციისთვის თავის გართმევა და თუ ხელი მიუწვდებათ, არ არის გამორიცხული, ცივი იარაღიც მოიშველიონ.
„სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ რაც მეტ ძალადობას განიცდის მოზარდი, მით უფრო რთულ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გვაქვს საქმე. ამის მაგალითია შფოთვა, დეპრესია, სუიციდური, ან ჰომოციდური ქცევა. თინეიჯერებში ძალადობის პრობლემის გადაწყვეტა იოლი არ არის და გაცილებით უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მარტო პოლიციის ძალით და სკოლებში დამატებითი რეგულაციებით ეს არ მოგვარდება. უამრავი ექსპერტი და ინტენსიური კვლევა ადასტურებს, რომ ამ დროს ყველაზე კარგ შედეგს ერთობლივი ინტერვენციის მიდგომა იძლევა. ის რამდენიმე რგოლის თანამშრომლობასაც მოიცავს, რომელთა შორისაა: მშობლები, სკოლა, ძალოვანი სტრუქტურები, თუ სოციალური მომსახურების სააგენტოები“.
მოზარდებში ძალადობის პრევენციის სტრატეგიებს შორის მინდია გაბიჩვაძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს განათლების მნიშვნელობას. თუმცა, მისი თქმით, საყურადღებოა ლეგალური და რეგულატორული მხარეც. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სწავლის პროცესს, კარგად უნდა გვესმოდეს თინეიჯერების ათვისების პროცესი, რომ შევძლოთ მათთვის რჩევის მიცემა და სწორ გზაზე დაყენება. „ტრავმის პრევენციის და კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევა აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში და სკოლაში მზრუნველი გარემოს შექმნა, კონფლიქტური სიტუაციების არაძალადობრივი მეთოდებით გადაწყვეტის გამოცდილება“- ამბობს მინდია გაბიჩვაძე. მშობლები და სკოლა მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ, რომ პრობლემების დროულად ამოცნობა და შემდეგ სწორი ინტერვენცია მოხდეს. „პოტენციური პრობლემების შეფასება არ გულისხმობს დისციპლინარულ სასჯელს, ან იარლიყების მიკერებას, არამედ მოზარდთან დიალოგის დაწყებას და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალი ფსიქოლოგის ჩართვას“ - აღნიშნავს ის.
მაგდა თევდორაძეც იგივე აზრისაა, ოღონდ, დასძენს, რომ მოზარდთან ემოციური სიახლოვე და კარგი დამოკიდებულების გაღვივება „არ ნიშნავს მასთან მეგობრობას - დანაშაულის დაფარვას, ბავშვთან ჭორაობას, ყველა სურვილის შესრულებას“. არამედ, ეს გულისხმობს „ბავშვის ემოციური მდგომარეობის შეფასებას; მოსმენას; ყურადღების მიქცევას, რომ მას ბევრი დრო არ ჰქონდეს; პრობლემების არდამალვას და მათზე ღიად საუბარს; მშობლის მიერ შეცდომების აღიარებას და ბოდიშის მოხდას (მაგალითად მაშინ, თუ თავს ვერ თოკავს და ბავშვს დაუყვირებს, ან შეურაცხყოფს) და ასე შემდეგ.
სკოლას რაც შეეხება, მაგდა თევდორაძის თქმით, ამერიკაში ყველა სკოლაში მუშაობს ფსიქოლოგი, რომელთანაც მოზარდი ნებისმიერი გადაცდენის შემთხვევაში იგზავნება. ფსიქოლოგი აფასებს სიტუაციას და მშობელს თავის აზრს უზიარებს. „ეს სამსახური აუცილებელია, რათა რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს ნებისმიერ ბავშვს, რომელიც მარტო ვერ უმკლავდება მის ცხოვრებაში არსებულ რისკ-ფაქტორებს“ - ამბობს სპეციალისტი.
თინეიჯერებში ძალადობის გაღვივებას, მისი თქმით, ბევრი რისკ-ფაქტორი უწყობს ხელს, რომელთა შორის შეიძლება იყოს: მშობლების გაყრა, მარტოობის შეგრძნება, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მშობლების მოუცლელობა, არაკვალიფიციური მასწავლებლები და სხვა. ვინაიდან მოზარდი ძალიან დიდ დროს ატარებს სკოლაში, მისი პრობლემების და სისუსტეების შესახებ, სწავლაში იქნება ეს თუ მეგობრებთან დამოკიდებულებაში, მასწავლებლებმა უკეთ უნდა იცოდნენ და მშობლებთან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაც ხშირად უნდა ხდებოდეს.
მინდია გაბიჩვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში გაცილებით მეტი ფსიქოლოგია საჭირო. მაგრამ, რაოდენობა პანაცეა არ უნდა იყოს. საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგები, რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრთან მუშაობის ადეკვატური განათლება და გამოცდილება აქვთ. აუცილებლად უნდა დაიხვეწოს მათი მუშაობის ლეგალური და ეთიკური მხარეც, რომელიც კონფიდენციალობის დაცვას და ნდობის მოპოვებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების დანიშნვის დროს. ფაქტია, რომ ფსიქოთერაპია ფსიქოფარმაკოლოგიასთან ერთად კომბინაციაში, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცალკე აღებული ფსიქოფარმაკოლოგია.
Facebook Forum