ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვილებზე ზედმეტ ზრუნვას არ გვირჩევენ


ზედმეტი ზრუნვა საკუთარ შვილებზე სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. რუბრიკაში „გალილეო“ დღეს ე.წ. ვერტმფრენის ტიპის აღმზრდელებზე ვსაუბრობთ.

ბუნებრივია, რომ მშობლებს შვილის უსაფრთხოდ და დაცულად გაზრდა სურთ. მაგრამ ფსიქოლოგები ამ საქმეშიც ზომიერებისკენ მოგვიწოდებენ, ვინაიდან შვილებზე ზედმეტად ზრუნვა და მათი პრობლემებისგან მუდმივი დაცვა შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ასეთი მშობლების გაზრდილ შვილებს, რომელთაც სპეციალისტები ვერტმფრენის ტიპის აღმზრდელებს უწოდებენ, მეტი მიდრეკილება აქვთ ალკოჰოლიზმისკენ, თამბაქოს უფრო ეწევიან, ნარკოტიკსაც მეტად ეტანებიან და ზოგადად, უფრო რისკიანი ქცევისკენ არიან მიდრეკილები. სამწუხაროდ ამ მდგომარეობას ვერც მშობლის სიყვარული და ვერც ერთგული მხარდაჭერა ვერ აკომპენსირებს - ნათქვამია ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში.

განმარტებისთვის: ვერტმფრენის ტიპის აღმზრდელებად ისეთ მშობლებს მიიჩნევენ, ვინც ზედმეტადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში, მთავარ ცხოვრებისეულ, თუ კარიერულ გადაწყვეტილებებს მათ მაგიერ იღებენ, მათ პრობლემებს თვითონ წყვეტენ, მათ კონფლიქტებში ერთვებიან და საბოლოო ჯამში შვილის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს უქმნიან საფრთხეს. შედეგები განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში იჩენს თავს, როცა მოზარდებში ხშირდება დეპრესიის და ზოგჯერ თვითმკვლელობის შემთხვევებიც კი.

„ვფიქრობდით, რომ ზოგიერთი სიტუაციის გათვალისწინებით, რაიმე დადებითს მაინც აღმოვაჩენდით ვერტმფრენის ტიპის აღზრდაში, მაგრამ ამგვარს ვერაფერს მივაგენით“ - უთხრა კვლევის ავტორმა პროფესორმა ლარი ნელსონმა გამოცემას „საიენს დეილი“. მისი თქმით, „ჩარევა და შვილისთვის იმის გაკეთება, რაც მას განვითარების მოცემულ დონეზე უკვე შეუძლია“, მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია.

ფსიქოლოგები უფრო ადრეულ, 2012-2013 წლებში გამოქვეყნებული კვლევების შედეგებსაც იგონებენ, რომლებშიც გამოჩნდა, რომ ვერტმფრენის ტიპის აღზრდა ხშირად უმაღლესი განათლების მქონე მშობლებში აღინიშნებოდა და იქ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: დრამატულად დიდი განსხვავება დაფიქსირდა მათ შვილებში ორი ტიპის უნარების განვითარებაში. ძალიან მაღალი იყო აკადემიური უნარების განვითარების მოთხოვნები, მაშინ როცა კატასტროფულად დაბალი - ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების.

მედლინ ლევინი - ფსიქოლოგი და წიგნის „პრივილეგიის საფასური“ ავტორი - ამბობს, რომ აღზრდის დროს მშობლები ძირითადად სამ შემთხვევაში გადავდივართ ამ სახიფათო ზღვარს:

  • როცა ვუკეთებთ ჩვენს შვილებს იმას, რაც მათ უკვე თვითონ შეუძლიათ რომ გააკეთონ.
  • როცა ვუკეთებთ შვილებს იმას, რაც მათ თითქმის შეუძლიათ, რომ თვითონ გააკეთონ.
  • როცა ჩვენი, მშობლების ქცევა ჩვენივე ეგოს ნაკარნახევია.

მედლინ ლევინი თვლის, რომ ამ ტიპის აღზრდას ზოგჯერ ადრეული წარმატება ახლავს თან, რასაც მშობელი შეცდომაში შეჰყავს. მაგრამ საბოლოო ჯამში ბავშვებს ნაკლები შანსი აქვთ განავითარონ შემოქმედებითი უნარები, გადაწყვიტონ რთული პრობლემები, გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, იყვნენ თავდაჯერებულები, მიხვდნენ, თუ რა არის მათთვის ბედნიერება და ზოგადად შეიცნონ საკუთარი თავი.

ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშვებს რაც შეიძლება ხშირად და ადრეული ასაკიდან ვუთხრათ, რომ მათ შეუძლიათ ამა თუ იმ სირთულის ამოცანის თავად შესრულება და პრობლემებისთვის თავის გართმევა. უნდა ვურჩიოთ, რომ თვითონ იპოვოს გამოსავალი მარტივ, თუ კომპლექსურ სიტუაციებში და ურთიერთობებში. ვეცადოთ მაქსიმალურად კარგად მოვუსმინოთ მათ და მაშინაც კი, როცა საკუთარი ინიციატივით გვთხოვენ რჩევას, ვიდრე სწრაფად საკუთარ მზა ვარიანტს შევთავაზებდეთ, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ სწორია, იქნებ შევიკავოთ თავი და ჯერ მათვე დავეკითხოთ: როგორ გგონია, რა ჯობია ასეთ დროს? შენ რას იზამდი? როგორ მოიქცეოდი?

XS
SM
MD
LG