ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქორწინება ამერიკულად


სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ამერიკელები უფრო ხშირად ქორწინდებიან. რუბრიკა „გალილეო“ ამერიკაში ქორწინების შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.

რუბრიკა „გალილეო“ დღეს ქორწინებათან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ ერთ საინტერესო კვლევაზე მოგითხრობთ, რომელიც ივნისის დასაწყისში ორგანიზაციამ „თანამედროვე ოჯახების საბჭო“ გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება პირველი ოჯახის შექმნის და ხელმეორე ქორწინების რამდენიმე საყურადღებო ტენდენციაზე მახვილდება.

პირველი ქორწინება ქალებისთვის საშუალოდ 27 წლის, მამაკაცებისთვის კი 29 წლის ასაკში ხდება, რაც ყველაზე მაღალი მონაცემია ამერიკის ისტორიაში. დაქორწინებულთა 40 პროცენტში, ანუ ყოველი 10-დან 4 წყვილში ნეფის, ან პატარძლისთვის ეს ხელმეორე ქორწინებაა. ყოველ მეხუთეში ორივესთვის მეორე ქორწინებაა. ასაკის მიხედვით სიტუაცია იცვლება. 40 წლის ადამიანებში ნახევარზე მეტისთვისაა ხელმეორე ქორწინება. გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ დაახლოებით 45 წლის ამერიკელების 56 პროცენტი ფიქრობს, რომ კიდევ დაქორწინდება.

მამაკაცები უფრო ხშირად იღებენ ხელმეორე ქორწინების გადაწყვეტილებას, ვიდრე ქალები. ბოლო მონაცემებით, კაცები თითქმის ორჯერ უფრო მეტი სიხშირით ახერხებენ, ან ამჯობინებენ ახალი მეუღლის შერჩევას, ვიდრე ქალები. თუმცა, რეტროსპექტულად, 90-იან წლებთან შედარებით, ხელმეორე ქორწინებათა რაოდენობა ამერიკაში იკლებს. თუკი 1995 წელს 45 წლამდე ასაკის განქორწინებულ ქალთა ნახევარზე მეტი, 54 პროცენტი გაყრიდან ხუთი წლის განმავლობაში ქორწინდებოდა, დღეს ეს მონაცემი 38 პროცენტამდე შემცირდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ამერიკელები უფრო ხშირად ქორწინდებიან და გაყრის შემდეგაც განმეორებით მეტად ქორწინდებიან. სავარაუდოდ, ამ ფაქტზე მხოლოდ ე.წ. ამერიკული ოპტიმიზმის გარდა, სხვა პრაქტიკული, ფინანსური მოსაზრებებიც ახდენს გავლენას. საქმე იმაშია, რომ შეერთებულ შტატებში მეუღლეები ერთმანეთის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევით, თუ სხვა სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში კი დაზღვევების და სოციალური პროგრამების უმეტესობა ქორწინების სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანს აქვს.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჯერ სიყვარული, შემდეგ ქორწინება და ბოლოს ახალშობილის შეძენა, ოჯახის დაწყების ერთადერთი გზა დიდი ხანია აღარ არის. ანგარიშის მიხედვით დღევანდელი წყვილების 38 პროცენტს, ვისთვისაც ეს პირველი ქორწინებაა, სახლში უკვე ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი. ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება ხელმეორე ქორწინების დროს.

XS
SM
MD
LG