ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ბოლოდან მე-4 ადგილზე


რუბრიკა „გალილეო“ დღეს პოზიტიური ადამიანების შესახებ ჩატარებულ კვლევას გაგაცნობთ

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია -„გალოპის“- მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოზიტიური განწყობით სამხრეთ ამერიკელები გამოირჩევიან. 86 პროცენტით პირველ ადგილზე პარაგვაი გავიდა. ცხოვრებისადმი ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება კი ბოლოს სირიაში დაფიქსირდა.

143 ქვეყნის ზრდასრულ მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ნეგატიური განწყობა ყველაზე მეტად ახლო აღმოსავლეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია გავრცელებული. საქართველო ამ სიაში 53-პროცენტიანი ინდექსით ბოლოდან მეოთხე ადგილს სომხეთთან, ბელორუსთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და იემენთან იყოფს (იხ. ცხრილი). ორგანიზაციის განცხადებით, ცდომილების ალბათობა აღნიშნულ ცხრილში 1.7 პროცენტიდან 5.3 პროცენტამდე შეიძლება იყოს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:48 0:00
ბმული

„გალოპის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში ქვეყნის გასწვრივ აღნიშნული მონაცემი იმ ადამიანების პროცენტულ შემადგენლობას აჩვენებს, რომელიც პოზიტიური განცდების შესახებ დასმულ კითხვებს დადებითად პასუხობდა. შეკითხვები წინა დღით განცდილ ემოციებს უკავშირდებოდა და დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: ბევრი იცინეთ, ან ხშირად იღიმებოდით გუშინ? პატივისცემით გეპყრობოდნენ მთელი დღის განმავლობაში? თავს კარგად დასვენებულად გრძნობდით? გუშინ რაიმე საინტერესო შეიტყვეთ, ან გააკეთეთ?

მონაცემთა სრულ ბაზას „გალოპი“ ვებგვერდზე არ აქვეყნებს და ამისათვის ორგანიზაციის მკვლევარებთან საგანგებოდ დაკავშირებას ითხოვს. მათი ყოველდღიური მონაცემების შესწავლის საფუძველზე ნობელის პრემიის ლაურიატი, ეკონომისტი დანიელ კაჰნემანი და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ანგუს დეტონი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ძლიერება, თუ საშუალო წლიური შემოსავალი ადამიანთა ყოველდღიურ პოზიტიურ ემოციებზე არც ისე დიდ გავლენას ახდენს. როგორც ირკვევა, დადებით განწყობებს ფულთან კავშირი თითქმის არ აქვს.

ზრდასრული ადამიანების ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ყოველწლიური შესწავლა „გალოპის“ მკვლევარებმა 2006 წლიდან დაიწყეს. ბოლო მონაცემები მათ 2013 წლის 30 სექტემბერს გამოაქვეყნეს. უკანასკნელ წლებში ინდექსებს შორის მკვეთრი განსხვავება მხოლოდ ორ ქვეყანაში დაფიქსირდა: სირიაში 2008 წლიდან 2012 წლამდე პოზიტიური განწყობა 60 პროცენტიდან 46-ზე ჩამოვიდა. სინგაპურში კი პირიქით მოხდა და მხოლოდ ერთ წელიწადში 24 პროცენტით გაიზარდა. „გალოპის“ აზრით, ეს შესაძლოა მნიშვნელოვნად უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ლიდერებმა და მედიამ უპრეცედენტო ყურადღება მიაპყრეს იმას, რომ ქვეყანა წინა წელს ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. ამ დასკვნამდე მკვლევარები სინგაპურში ჩატარებული სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი გამოკითხვების მონაცემებთან შედარებამ მიიყვანა, რომლებიც ბოლო ერთი წლის მანძილზე საერთოდ არ შეცვლილა.

რამდენად შეიცვალა სიტუაცია საქართველოში? როგორც უკვე ავღნიშნეთ, 2013 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებული ცხრილის მიხედვით, პოზიტიური განცდების ინდექსი ქართველებს შორის 53 პროცენტს შეადგენდა. მდგომარეობა წინა წელთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. 2012 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიაში საქართველო იმავე, ბოლოდან მეოთხე ადგილზე იყო. ის პოზიტიურობის 52 პროცენტიან მაჩვენებელს იემენთან და სერბეთთან იზიარებდა.

ცოტა რამ თავად „გალოპის“ შესახებ: მაღალი რეპუტაციის მქონე ანალიტიკურ კვლევით ორგანიზაციას 75 წლის ისტორია აქვს. გლობალური კვლევებისთვის ის მხოლოდ სამეცნიერო წრეებში მიღებულ და საყოველთაოდ აღიარებულ სამეცნიერო მეთოდოლოგიებს იყენებს. გამოკითხვები საშუალოდ 160 ქვეყანას მოიცავს და მათ მთელ მსოფლიოში გაფანტული „გალოპის“ 40 ოფისის დაახლოებით 2000 თანამშრომელი შეისწავლის.
XS
SM
MD
LG