ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატარა ფეხბურთელებს თავით დარტყმას უკრძალავენ


ამერიკის ფეხბურთის ფედერაცია 13 წლამდე ბავშვებს თავურ დარტყმაში შეზღუდვებს უწესებს - რუბრიკა „გალილეო“ ახალი საფეხბურთო რეგულაციების შესახებ.

ბავშვებს ფეხბურთის თამაშის დროს თავური დარტყმის გამოყენება ეკრძალებათ - ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაცია ახალ რეგულაციებს აქვეყნებს. ორშაბათს, 9 ნოემბერს გამოცემული გზამკვლევის მიხედვით, 10 წლამდე პატარებს საერთოდ უკრძალავენ თავით დარტყმაში ვარჯიშს და თამაშის დროს თავურ დარტყმას. 11-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს კი შეზღუდვები უწესდება: თავით ბურთის დარტყმაში მათ მხოლოდ ვარჯიშის უფლება ექნებათ და ისიც ჯანდაცვის სპეციალისტების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

ქვეყნის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები შიდა რეგულაციების დაცვით გააგრძელებს ფიფას და კოპა ამერიკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. გზამკვლევი სავალდებულო ხდება ქვეყნის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრებისთვის და მოსამზადებელი აკადემიისთვის, რომლის ქუდის ქვეშ, 2014 წლის მონაცემებით, ამერიკაში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი ბავშვი ერთიანდება.

„ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შექმნილი ინიციატივა მიზნად ისახავს ტვინის შერყევის შესახებ ცნობადობის გაზრდას და ამ თემაზე მოზარდთა მწვრთნელების, მსაჯების, მშობლების და მოთამაშეების განათლებას“ - ნათქვამია ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში. ეს ცვლილება 15 თვე გაგრძელებულ სასამართლო დავას მოჰყვა და ბავშვებში, თუ მოზარდებში ფეხბურთის თამაშის დროს ტვინის შერყევის ფაქტების შემცირებისკენ არის მიმართული. სასამართლო 2014 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაიწყო, რაც სან-ფრანცისკოს საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელებმა და მშობლებმა ფიფას და ამერიკის ფეხბურთის ფედერაციას უჩივლეს.

სასამართლო პროცესი გარიგებით დასრულდა. ახალი რეგულაციები მოსარჩელეებს და ამერიკის ფეხბურთის ფედერაციას შორის შემდგარი გარიგების ერთ-ერთი შედეგი იყო. გარიგების მიხედვით, ფედერაცია პირობას დებდა, რომ 30 დღის განმავლობაში, ტვინის შერყევის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამდა. „ვგრძნობთ, რომ ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიეთ და შესაბამისად, დავის გაგრძელების საბაბიც აღარ არსებობს“ - განაცხადა ახალი რეგულაციების გამოცემის შემდეგ სტივ ბერმანმა, მომჩივანთა ადვოკატმა.

2010 წელს ამერიკის სკოლების მხოლოდ დამამთავრებელი კლასების მოსწავლე ფეხბურთელთა შორის 50 ათასზე მეტი ტვინის შერყევის შემთხვევა დაფიქსირდა - გაცილებით მეტი, ვიდრე კალათბურთში, ბეისბოლში, ჭიდაობაში და სოფტბოლში ერთად - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი". „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნილ ბუერტემ თქვა, რომ იანვარში რეგულაციების ახალ, უფრო სრულ და დაზუსტებულ ვერსიას გამოსცემენ, რომელიც სავალდებულო გახდება ფედერაციის ქოლგის ქვეშ მოთამაშე ყველა გუნდისთვის. დანარჩენი, დამოუკიდებელი კლუბების და სპორტული ორგანიზაციებისთვის კი მას მხოლოდ რეკომენდაციის სახე ექნება.

XS
SM
MD
LG