ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად მავნებელია საქონლის ხორცი?


გადამუშავებულ საქონლის ხორცს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კანცეროგენული პროდუქტის კლასიფიკაციას აძლევს, რომელიც კიბოს რისკს ზრდის. რა რაოდენობის ხორცია შედარებით უსაფრთხო? რუბრიკა „გალილეო“ ნიუ-იორკელ ექიმს ფილიპა ჩიტამს ესაუბრა.

რამდენად მავნებელია საქონლის ხორცი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:54 0:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ არამარტო სპეციალისტების, არამედ მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება მიიპყრო. იმდენად, რომ ტერმინი „გადამუშავებული საქონლის ხორცი“ ინტერნეტში 5 ყველაზე ხშირად ძებნილ სიტყვებს შორისაც კი აღმოჩნდა. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყურადღება საქონლის ხორცის მავნებლობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ გადამუშავებული საქონლის ხორცი, როგორიცაა ძეხვეული და კონსერვები, კანცეროგენულია. ის კიბოს რისკს ზრდის და გადაუმუშავებელი ფორმითაც კი შესაძლოა სახიფათო იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტომ (IARC) გამოაქვეყნა, რომელიც გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შედის. მისი ავტორია 10 ქვეყნის წარმომადგენელი 22 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც ბოლო 20 წლის მანძილზე გამოსული 800-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა შეაჯამა, სადაც 12-ზე მეტი კიბოს სახეობა იყო შესწავლილი. გადამუშავებულ საქონლის ხორცს, საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე, „კანცეროგენული“ პროდუქტის კლასიფიკაცია მიენიჭა. მთლიანად საქონლის ხორცს კი, ლიმიტირებული მტკიცებულების გამო - „სავარაუდოდ კანცეროგენულის“. ექსპერტთა პანელის დასკვნით, დღეში 50 გრამი გადამუშავებული საქონლის ხორცის მიღება კიბოს რისკს 18 %-ით ზრდის. ამასთან, დღიური რაციონის ზრდასთან ერთად, მეტია ავთვისებიანი სიმსივნის დამართვის შანსებიც.

რამდენიმე განმარტება: საქონლის ხორცად ითვლება ძუძუმწოვარ ცხოველთა, როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველის ხორცი. მათ შორის: ძროხის, ხბოს, ღორის, გოჭის, ცხვრის, ბატკნის, ცხენის, თხის, ციკნის ხორცი და სხვა მრავალი. გადამუშავებულია ხორცი, როცა უმი ხორცის დამუშავება ხდება დამარილებით, სხვადასხვა ქიმიკატების ან სანელებლების დამატებით, ფერმენტაციის პროცესით, შებოლვით და სხვა მსგავსი პროცედურებით, იმისათვის, რომ მისი შენახვის ვადა გახანგრძლივდეს, ან არომატების გამძაფრება მოხდეს.

ექიმი ფილიპა ჩიტამი
ექიმი ფილიპა ჩიტამი

​ექიმი ფილიპა ჩიტამი, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკში მომუშავე ქირურგია, ამბობს, რომ საქონლის ხორცის მავნებლობის შესახებ ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ ამ დასკვნის გამოქვეყნებამდეც დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. „ეს ახალი ინფორმაცია არ არის. სინამდვილეში, 1 000-ზე მეტი კვლევა არსებობს, რომელიც რაიმე სახის კავშირს ადასტურებს საქონლის ხორცის შემცველ დიეტას და კიბოს რისკებს შორის და სულ ცოტა, 100-ზე მეტი კვლევაა, რომელიც ნამდვილ ზიანზე ლაპარაკობს... ფაქტია, რომ ამერიკის კიბოს საზოგადოებამ საქონლის ხორცის და განსაკუთრებით, გადამუშავებული ხორცის რაციონში შემცირების რეკომენდაცია ჯერ კიდევ 13 წლის წინ გამოსცა“ - აღნიშნავს ექიმი ჩიტამი.

თუმცა, როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ამ თემისადმი ყურადღების მიპყრობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემის მიმართ ცნობადობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრდის. ამასთან უფრო დაზუსტებულიც, რადგან აღნიშნული კვლევები მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას მოიცავს. ექიმ ჩიტამის თქმით, „შეისწავლეს საქონლის ხორცის მოხმარების რისკები და დადასტურდა ძლიერი კავშირი არამარტო კუჭის კობოს, სწორი ნაწლავის, თუ მსხვილი ნაწლავის კიბოსთან, არამედ კიბოს სხვა სახეობებთან, როგორიცაა ძუძუს კიბო, პროსტატის, თირკმლის, საკვერცხეების კიბო და სხვა მრავალი. ასე, რომ ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომლის კომუნიკაცია აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. განსაკუთრებით უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ კარგადაა განმარტებული კონკრეტულად - გადამუშავებული საქონლის ხორცის მავნებლობა, რომ ის კანცეროგენული და კიბოს გამომწვევია“.

ამერიკაში ხორც-პროდუქტების მსხვილი საწარმოები და მათი ლობისტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას დიდი აღშფოთებით შეხვდნენ და მისი საწინააღმდეგო კამპანიებიც კი წამოიწყეს. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკაში საქონლის ხორცის მოხმარება ბოლო რამდენიმე ათეული წელია იკლებს. ერთხანს ღორის ხორცის ეროვნულმა საბჭომ ისიც კი სცადა, რომ ღორის ნაწარმი საქონლის ხორცთან ასოცირებული აღარ ყოფილიყო და ის თეთრი ხორცის კლასიფიკაციაში გაეყვანა. საქმე იმაშია, რომ საქონლის ხორცს ამერიკაში წითელ ხორცს უწოდებენ. ფრინველის ხორცს კი - თეთრს.

საქონლის ხორცის გაყიდვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკლებს. შესაძლოა, ამას ხელს უწყობს ვეგეტარიანელთა რაოდენობის ზრდაც. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დედამიწაზე 375 მილიონი ვეგეტარიანელია და დაახლოებით ორჯერ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ანალოგიურ დიეტას არა ვეგეტარიანული, არამედ უბრალოდ გემოვნების გამო, ან შედარებით ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვის, ან კიდევ სხვა რაიმე მოსაზრებით მისდევს.

ფილიპა ჩიტამი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში საქონლის ხორცის არამარტო კანცეროგენულობაზე, არამედ სხვა რამდენიმე ტიპის მავნებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ქოლესტერინის მაღალ დონესთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან მჭიდრო კავშირზეც საუბრობს. „საქონლის ხორცის ხშირი მოხმარება ჭარბწონიანობის და დიაბეტის რისკებსაც ზრდის. იმის მიხედვით, თუ რით კვებავდნენ დასაკლავად და გასაყიდად განსაზღვრულ საქონელს, დამატებით კიდევ სხვა უამრავ რისკზე შეიძლება საუბარი“, აღნიშნავს ექიმი.

საქონლის ხორცს ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია და სწორად დამზადებული და ზომიერი მიღების შემთხვევაში, ექიმებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ფილიპა ჩიტამის თქმით, ზომიერების დაცვას ზოგადად, ჯანმრთელი ადამიანის რაციონში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სათანადოდ მომზადებული ე.წ. ორგანული, ან ბიო-ხორცის მცირე რაოდენობით მიღება კიბოს რისკს ამცირებს, მაგრამ - არასაკმარისად. ფილიპა ჩიტამი გვირჩევს საქონლის ხორცი ზედმეტად არ შევწვათ, ან მოვხარშოთ, ზომიერად მოვამზადოთ და მცირე ულუფებით მივირთვათ, მაქსიმუმ - 50 გრამი დღეში. რაც შეეხება ძეხვეულს, შებოლილს და დაკონსერვებულ საქონლის ხორცს, ექიმი რაციონიდან მათ მთლიანად ამოღებას გვირჩევს.

XS
SM
MD
LG