ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ აქვს "რუსთავი 2"-ს საქართველოს საგარეო იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა?


"რუსთავი 2"-ის სტუდია, 2 ოქტომბერი, 2015
"რუსთავი 2"-ის სტუდია, 2 ოქტომბერი, 2015

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონებრივ დავასთან დაკავშირებულმა სასამართლო პროცესმა და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს, ამის შესახებ ამერიკელი ექსპერტები საუბრობენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეუთომ, ევროკავშირმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა ექსპერტებმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავაზე მთავრობას სიფრთხილის გამოჩენისკენ და მედიის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს.

ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა, რომ „საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით, მაგრამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა დღემდე მიღწეული პროგრესის გაქარწყლების საფრთხეს ქმნის. არავის აქვს საქართველოს სასამართლო პროცედურებში ჩარევის სურვილი, მაგრამ გაჩნდა შეშფოთება, რომ „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელი ხმა ახლა საფრთხის ქვეშაა.“

თბილისის სასამართლომ ვერ შეძლო ცხადი საკითხის აღიარება, რომ მოსარჩლე ხალვაშის [ქონებრივი] პრეტენზია ისეთივე სუსტია, როგორიც ახლანდელი მფლობელის. არც ერთ მათგანს არ უყიდია ტელეკომპანია მკაფიოდ ლეგალური, გამჭვირვალე მეთოდებით და არაპოლიტიკური ნიშნით.
კორი უელტი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის სასამართლო პროცესი ორ მხარეს შორის კერძო საკუთრების ქონებრივი დავაა, რომელიც სამართლიანი პროცესისა და კანონის უზენაესობის დაცვით გადაწყდა. „მოგვწონს თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მას უნდა დავემორჩილოთ,“ ნათქვამია განცხადებაში. პრემიერ მინისტრი აქვე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე „რუსთავი 2“-ს 20-ზე მეტჯერ შეეცვალა მფლობელი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ამ ტელეკომპანიის მფლობელობა პირველად დაადგინა დამოუკიდებელმა სასამართლომ.“

პრემიერ მინისტრის განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ ძირეულ პრობლემას უსვამს ხაზს. ტელეკომპანიას, რომელიც დღეს საქართელოში ყველაზე პოპულარული არხია და რომელიც საზოგადოებაში ოპოზიციურ, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მედია საშუალებად აღიქმება, დაარსებიდან დღემდე, ღარიბაშვილის თქმით, 20-ზე მეტი მფლობელი ჰყავდა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორ კორი უელტს მიაჩნია, რომ სწორედ ამ კომპლექსურობისდან გამომდინარე, ტელეკომპანიის საქმე რუტინული სასამართლო პროცედურით არ უნდა გადაწყვეტილიყო.

უელტის თქმით, არხის მფლობელობის საკითხი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაშია პოლიტიზირებული და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი დეტალების ბოლომდე გარკვევა. “თბილისის სასამართლომ ვერ შეძლო ცხადი საკითხის აღიარება, რომ მოსარჩლე ხალვაშის [ქონებრივი] პრეტენზია ისეთივე სუსტია, როგორიც ახლანდელი მფლობელის,“ აცხადებს უელტი და აქვე დასძენს, რომ „არც ერთ მათგანს არ უყიდია ტელეკომპანია მკაფიოდ ლეგალური, გამჭვირვალე მეთოდებით და არაპოლიტიკური ნიშნით.“

ამ ეტაპზე „ყველაზე ნაკლებად ცუდი“ [მოქმედება] ის იქნება, რომ „რუსთავი 2“-ს თავი დაანებონ.
კორი უელტი

საქართველოს ერთ-ერთ დემოკრატიულ მიღწევად უკანასკნელი წლების განმავლობაში მედიის დამოუკიდებლობა ითვლება. ამ პრინციპს პრემიერ მინისტრის უკანასკნელი განცხადებაც ხაზს უსვამს. ღარიბაშვილის თქმით, „მედიის პოლიტიზირება მიუღებელია [...]. ჟურნალისტებს აქვთ უფლება საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ [...]. მე მედიას ვერ ვაიძულებ ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი იყოს იმიტომ, რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.“

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ლარა ლინდერმანი აცხადებს, რომ საქართველო მედია თავისუფლების მხრივ „რეგიონში შუქურა იყო, ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავამდე. მარტივი არ იქნება იმ ზიანის გამოსწორება, რაც [ამ საქმით] საქართველოს მედია-დამოუკიდებლობის იმიჯს მიადგა.“

"რუსთავი 2"-ის შენობა. როიტერის ფოტო
"რუსთავი 2"-ის შენობა. როიტერის ფოტო

სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება და როგორც ექსპერტების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებიდან გამომდინარე, იკვეთება ორი შეხედულება. ერთი არის ის, რომ სასამართლო მთავრობისგან დამოუკიდებელი არ არის, ხოლო მეორე კი ის, რომ მთავრობა „რუსთავი 2“-ის, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

უელტის თქმით, იმის გამო, რომ სასამართლო საქმეს მყარი საფუძველი არ აქვს, „იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი დანიშნულება „რუსთავი 2“-ის, როგორც ოპოზიციური ხმის ჩახშობაა.“ ექსპერტი ასევე დასძენს, რომ ამ საქმეზე დაყრდნობით, ჩანს, რომ „სასამართლოს ჯერ ისევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ მთავრობის ზეწოლისგან თავისუფლად ჩაითვალოს.“

მედიის პოლიტიზირება მიუღებელია [...]. ჟურნალისტებს აქვთ უფლება საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ [...]. მე მედიას ვერ ვაიძულებ ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი იყოს იმიტომ, რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.
ირაკლი ღარიბაშვილი

ლინდერმანი საქართველოს არასამთავრობო და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების სასამართლო პროცესზე არსებულ მოსაზრებას იზიარებს. ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში, როცა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის აქტივები გაყინა - რასაც, მისი თქმით, მოსამართლეები ხშირად და სამართლიანად აკეთებენ - სასამართლომ საქმის პოლიტიზირებას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო. ის ლეგალური საკითხებზე კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „არადამაჯერებელი დასაბუთებით,“ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული, ოპოზიციური ტელეარხის აქტივების გაყინვის შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა, მოსამართლეს მოსალოდნელი „პოლიტიკური შედეგებიც უნდა გაეთვალისწინებინა.“

ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოს საგარეო იმიჯზე „რუსთავი 2“-ის საქმემ უარყოფითი გავლენა უკვე იქონია. კორი უელტის თქმით, მთავრობის მიერ გავრცელებული იდეა, რომ ეს საქმე რუტინული სასამართლო პროცესია „დამაჯერებელი არ არის.“ ის დასძნეს, რომ ეუთომ, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის შელახვის საფრთხეზე წუხილი უკვე გამოხატეს. „ამ ეტაპზე „ყველაზე ნაკლებად ცუდი“ [მოქმედება] ის იქნება, რომ „რუსთავი 2“-ს თავი დაანებონ,“ აცხადებს ექსპერტი.

საქართველოს დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნებას, ლინდერმანის აზრით, ყოვლისმომცველი, დეტალური და გამჭვირვალე სააპელაციო პროცესი შეუწყობს ხელს. მისი თქმით, მოვლენების დღემდე არსებული განვითარება საქართველოს ევროატლანტიკურ სტურქტურებში გაწევრიანების ოპონენტებს არგუმენტებს უმყარებს. თუ „რუსთავი 2“ არსებული სარედაქციო პოლიტიკით არსებობას შეწყვეტს ამით „მედია სივრცე დაპატარავდება, რაც მთავრობის ოპონენტების არგუმენტებს გაამყარებს, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობა საკუთარ შეხედულებას მედიის თავისუფლებაზე წინ აყენებს.“

ყოფილი დიპლომატი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ მთავრობამ განცხადებებთან ერთად დემოკრატიისადმი თავდადება მოქმედებებითაც უნდა გამოხატოს და აჩვენოს ის, რომ „ის პრესის თავისუფლებას აფასებს და სრულად იღებს და პატივს სცემს ოპოზიციის შეხედულებებს.“

თბილისის სასამართლომ 3 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკამყოფილა და კომპანია მის საკუთრებაში დააბრუნა. „რუსთავი 2“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ კომპანიის თხოვნით სასამართლოს განაჩენის აღსრულების სააპელაციო პროცესის დასრულებამდე შეჩერების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG