ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“ დაიბრუნა, მაგრამ ტელეკომპანიაში ვერ შედის


ფოტო: როიტერი
ფოტო: როიტერი

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, საკუთრების აღდგენის სამართლებრივ დავაში, პირველი ეტაპი მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ საღამოს, ბათილად სცნო 2005 წლის დეკემბრის, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილები კომპანია „საქცემენტსა“ (მფლობელი რობერტ ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის მამა) და კომპანია „გეო-ტრანსზე“ (მფლობელი ბიძინა ნიჟარაძე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაშინდელი თავჯდომარის უახლოესი მეგობარი) გაყიდა.

ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ „რუსთავი 2“ პირადად ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წაართვა და ეს „იძულებითი და ამორალური გარიგება“ იყო. მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელე მხარის ეს პოზიცია ბოლომდე გაიზიარა და ტელეკომპანიის ბოლო მფლობელების: ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილების (22% და 18%), ნინო ნიჟარაძისა(9%) და ტელეკომპანია „საქართველოს“(51%) წილებზე რეგისტრაცია გააუქმა, და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალავშს დაუბრუნა.

ბიზნესმენი ხალვაში სასამართლოს გადაწყვეტილებას მიუნხენიდან გამოეხმაურა, სადაც ბოლო წლებია, მუდმივად ცხოვრობს.

„დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პატრონი... მე გარწმუნებთ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან. საქართველოში მართლაც შეიძლება ხარისხიანი, სარედაქციო დამოუკიდებლობის, უმაღლესი სტანდარტების მქონე, კრიტიკული და ამავდროულად მომგებიანი ტელე-ბიზნესის კეთება და ერთად გავაკეთებთ ამას.“

ქიბარ ხალვაში საკუთარი მენეჯმენტით, „რუსთავი 2“-ში ჯერჯერობით ვერ შევა და ეს, ჯერ კიდევ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 2 ნოემბერს იყო ცნობილი. ამ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ძმები ყარამანიშვილებისა და ტელეკომპანია „საქართველოს“სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც არის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთი საფუძველი -არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა შუამდგომლობა უსწრაფესად დააკმაყოფილა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ამ ქვეპუნქტის მოქმედება შეაჩერა.

ძმები ყარამანიშვილების დაცვის მხარე აცხადებს, რომ პარალელურად მიმართავს სააპელაციო სასამართლოს, საბოლოო ჯამში, კი უზენაესი სასამართლოს იმედი აქვთ. „რუსთავი 2“-ის დირექტორი, წარსულში გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ამ სამართლებრივ პროცესებს“ გაჭიმავს და ტელეკომპანიაზე კონტროლს, მინიმუმ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნებენ.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები, იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ კომპანიისთვის და მანამდე ვიყოთ, აქ, კომპანიაში, და ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად და ხარისხიანად.“

საქალაქო, სააპელაციო და საკონსტიტუციო სასამართლოებში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესების პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური მეორე კვირაა აწარმოებს გამოძიებას „ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების“ მუხლით, რომელიც ასევე „რუსთავი 2“-თან არის კავშირში.

საქმე ეხება უკანონო, ფარულ სატელეფონ ჩანაწერებს, ერთის მხრივ, ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და მეორეს მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვან ფიგურებსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორს შორის.

უკანონო სატელეფონო ჩანაწერებში, რომელიც ისევ, უცნობ, უკრაინულ ინტერნეტ რესურზე http://uarevo.in.ua/-ზე განთავსდა, სააკაშვილი მოითხოვს „რუსთავი 2“-ის შენობა რკინის ბარიკადების მეშვეობით გაამაგრონ, ასევე მოხდეს „ბოევიკების“ და ყოფილი სპეცრაზმელების მობილიზება. „თუ გაისვრიან... გაისროლონ“, „სისხლი აუცილებლად დაიღრება“ - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

ამ უკანონო ფარული ჩანაწერების გამო, რომელიც გაურკვეველია, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ არის მოპოვებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაიკითხნენ „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია, უშიშროების ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტარები ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია და მომღერალი სოფო ნიჟარაძე.

მოწმის სტატუსით დაკითხულთა ნაწილმა, თავიდან დაადასტურა, რომ სატელეფონო ჩანაწერები ავთენტურია, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ეს ფაბრიკაციაა. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. დღეს გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომელიც ამჟამად საბერძნეთში იმყოფება, ასევე „რუსთავი 2“-თან ყოფილი სპეცრაზმელების მობილიზაციაზე საუბრობს.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს, რომ ფარული მიყურადება მათ აწარმოეს, ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობით მიიღეს. ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ ამ ჩანაწერებს „არ ენდობა“, ხოლო დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა ბრძანა, რომ „ჩანაწერების შინაარსით იმედგაცრუებული დარჩა და ახლა რევოლუციის, ძალადობის დრო არ არის.“

XS
SM
MD
LG