2012 წელს ხელისუფლება საქართველოში არჩევნების გზით შეიცვალა. ამ პრეცენდენტმა აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოება გაიზარდა და შესაბამისად ჩამოყალიბდა და დაიხვეწა მისი მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ, არამედ ისიც, რომ მსგავსი მშვიდობიანი ცვლილება ჩვენს რეალობაშიც შესაძლებელია. ეს პრეცენდენტი კარგი საკვები აღმოჩნდა იმ მოლოდინების გამყარებისთვის, რომ ქუჩის აქციები, მიტინგები, ხმამაღალი გარჩევები, თუ რაა დასაშვები და რა სამართლიანობის ჩარჩოს მიღმა, წარსულს ჩაბარდა. დაიბადა განცდა, რომ ეს უკვე გავიარეთ და იგივე წრეს ქვეყენა არასდროს დაუბრუნდება. თუმცა მოვლენებს, რასაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი, მის დრამატიზმს, ტემპსა და ტემპერატურას უკვე კარგად გატკეპნილი გზის სუნი მოაქვს.
დღეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკებზე არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ, არამედ, ამაზე მიანიშნებს პრეზიდენტიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მინიშნებებს მხოლოდ ვერბალური გამოხატულება არ აქვს. მშვიდობიანი ადამიანები ქუჩებში ისევ აქციებს მართავენ. ასევე ადგილი აქვს ოპოზიციური პარტიის ოფისების დარბევის არაერთგზის შემთხვას ქვეყანაში.
მოვლენების დრამატული განვითარება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო განხილვებს მოჰყვა. მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცალსახად აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც კერძო სასამართლო დავა, არამედ ეს არის მედიაზე ზეწოლის მცდელობა. თავისუფალი მედიის საქმიანობისთვის გარემოს უზრუნველყოფა კი ის ფაქტორია, რის დასაცავადაც უამრავი ადამიანი საქართველოში ქუჩის აქციებისთვის კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, თუ მისი დაცვის სხვა ყველა სამართლებრივი გზა ამოიწურება. სწორედ ეს ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ქვეყანაში.
ამ საკითხზე მსჯელობისთვის დღეს პრეზიდენტმა ერთგვარი ღია კარის დღე გამოაცხადა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე კი საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: "ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“
პრეზიდენტის მოსაზრებები მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე პარლამენტში. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდო პროვოცირების ავტორებად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაასახელა. "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. გუშინ მოვსმინე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის გაუგებარი განცხადება. გუშინვე მე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ვიცი, რომ დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და ძიება. ეს ერთი შეხედვით, გავს პროვოკაციას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ ბოლომდე, გამოიძიონ“.
გოკა გაბაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს: „ესაა ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც უბრალოდ უბიძგებს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ჩვენი გონიერების, სიმშვიდის, სიმტკიცის საქმეა, რომ ეს არ დავუშვათ.“
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ განცხადებებს აკეთებს. ტელეკომპანიის ეზოში დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარვებიც მოიტანეს. ამ დრომდე ყველა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. მოსამართლე ურთმელიძემ ვერდიქტის გამოცხადება ხვალისთვის გადადო.