ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ზე კომენტარს აკეთებს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილე მარკ ტონერი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილე მარკ ტონერი

ამერიკის ხმის შეკითხვაზე თუ რა პოზიცია აქვს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა გამოიწვიოს.

ტონერის თქმით, შეერთებული შტატები რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესზე კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა, მან დასძინა, რომ „ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა ან პოტენციური დახურვისკენ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში მედია სივრცეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ეს შეშფოთების მიზეზია. სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის.“

აქვე, მარკ ტონერის თქმით, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ესაუბრა როგორც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ხუთშაბათსვე საუბრისას, მარკ ტონერმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ვითარების მშვიდად განხილვისკენ და დასძინა, რომ ხშირად, შეერთებული შტატების მთავრობა ქებით იხსენიებს საქართველოში არსებულ მედია გარემოს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ზოგადად, დადებითად აფასებს, რეგიონის ქვეყნებისთვის კი საქართველო აშშ-ს დემოკრატიის მაგალითად მოჰყავს. პრეს-სპიკერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ „დემოკრატიული მთავრობის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების თავისუფლების დაცვა უნდა იყოს, რაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული."

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 21 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში მთავრობა სასამართლოს არ აკონტროლებს.“ მინისტრმა სასამართლოს მოუწოდა საქმე რაც შეიძლება მალე დაასრულოს, რათა „რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა უფრო მშვიდ გარემოში შეძლონ მუშაობის გაგრძელება.“

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი მთავრობა „სრულად უჭერს მხარს მედია პლურალიზმს.“ მან მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ორ კერძო მხარეს შორის არსებული იურიდიული დავის პოლიტიზირება მოხდა. ღარიბაშვილმა სასამართლოს გამჭვირვალე პროცესის ჩატარებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG