ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსთავი-2 პირადად სააკაშვილმა დამათმობინა“


ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პრეზიდენტ მარგველაშვილს ხვდება, 27 ოქტომბერი, 2015
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პრეზიდენტ მარგველაშვილს ხვდება, 27 ოქტომბერი, 2015

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიიღო, რომელიც 2007 წლიდან, ოჯახთან ერთად, მუდმივად, გერმანიაში ცხოვრობს და პოლიტიკური დევნილის სტატუსით სარგებლობს. შეხვედრის მთავარი თემა - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი იყო. სწორედ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, დაყადაღებულია, როგორც ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის, ისე, აქციების საკონტროლო პაკეტის მქონე ტელეკომპანია „საქართველოს“ უძრავ-მოძრავი ქონებაც.

პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენ ხალვაშს, კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსს თიკო მჟავანაძესა და მართლმსაჯულების საკითხებში მრჩეველ კახა კოჟორიძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ ადვოკატი პაატა სალია, რომელიც ხალვაშის ინტერესებს სასამართლოში უკვე წლებია იცავს.

შეხვედრის ინიციატორი ქიბარ ხალვაში იყო. როგორც ცნობილია, წინა კვირას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოსამართლეს მიმართა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე „არ მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება“. დღევანდელი შეხვდრა დახურულ ფორმატში წარიმართა. ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტს სთხოვა, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის მონიტორინგი მოეხდინა, პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ კი განმარტა, რომ ეს შეუძლებელია:

„ჩვენი წარმომადგენელი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, ეს იქნება აღქმული, სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად და ეს ნაბიჯი, ჩვენი მხრიდან, არცერთ შემთვევაში არ გადაიდგება. მაგრამ, გავიმეორებ, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ეს საქმე არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი და ამიტომ ჩვენ, ამ საქმეს, კვლავ აქტიურად მივადევნებთ თვალს.“

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეპატრონე 2005 წლის ივნისში გახდა. ამ დროს, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის ყოფილ მეპატრონეებს: დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, უკვე დათმობილი ჰქონდათ, საკუთარი 60%-ი, ბათუმის მკვიდრ, ვინმე პაატა კარსანიძისთვის. ოფიციალურად, ხალვაშმა „რუსთავი 2“ სწორედ კარსანიძისგან შეიძინა, თუმცა, ის არ მალავს, რომ მაშინდელი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხალვაშმა „რუსთავი 2“-ში 300 000 დოლარი გადაიხადა. ამასთან, მან დაფარა ტელეკომპანიის ვალი „მედიის განვითარების ინვესტიციების ფონდის“ (MDIF) მიმართ, რომელიც 1 200 000 დოლარს შეადგენდა. არაოფიციალურად, ასევე ცნობილია, რომ ხალვაშმა 6 000 000 დოლარი გადაუხადა, „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთ მეწილესა და მაშინდელ დირექტორს ეროსი კიწმარიშვილს. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტში, მხოლოდ 50 000 დოლარია დაფიქსირებული. „რუსთავი 2“ - ის კიდევ ერთმა მეწილემ, ნიკა ტაბატაძემ კი 10 %-იანი წილი, სულ 200 ლარად დათმო.

ხელისუფლების მეგობრული განწყობა ქიბარ ხალვაშის მიმართ, 2006 წლის ნოემბერში რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ხალვაშის ლობისტმა მთავრობაში, ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ თავდაცვის მინისტრის, ერთ კვირაში კი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაც დატოვა. ქიბარ ხალვაშმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათმობინა.

„2006 წლის 16 ნოემბერს, ღამის 11-ის ნახევარზე, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დამიყენა მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად მეცხოვრა, არ მქონოდა პრობლემები.

მეორე დღეს, მოვიდა დიმა ქიტოშვილი (მაშინ კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე), თავის მეგობართან ერთად და გადაიფორმეს "რუსთავი 2". გადამიხადეს 300 000 ლარი, სინამდვილეში -300 კაპიკიც არ ყოფილა. მაშინ, როცა მე ვიყიდე ტელევიზია 7 300 000 დოლარად".

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“ ოფიციალურად 268 997 დოლარად დათმო, ფიქტიური მყიდველები: მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამის, რობერ ბეჟუაშვილის კომპანია „საქცემენტი“ (22%) და კომპანია „გეო ტრანსი“ (78%) გახდნენ.

ხალვაში დღეს ცდილობს სასამართლოს გზით დაამტკიცოს, რომ ეს ამორალური გარიგება იყო, რადგამ 7 მილიონი ლარის აქტივების მქონე ტელევიზია, 15-ჯერ ნაკლებ ფასად დაათმობინეს და ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხაც არ გადაუხდიათ.

გარდა, „რუსთავი 2“-ისა ქიბარ ხალვაშს ასევე ჩამოართვეს კომპანია „არტი ჯგუფი“, „ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი”, „პრიზა”, „ლივო ჯგუფი”, სილ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ქონება. დააპატიმრეს მისი ძმა ნიაზ ხალვაში, ხოლო „არტი ჯგუფის“ საწყობები 2007 წლის ბოლოს დაწვეს. 2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც იძულებით აუქციონებზე, გაკოტრების რეჟიმში მყოფ, ხალვაშის კომპანიებს მყიდველი არ გამოუჩნდა, ისინი სახელმწიფოს საკუთრებაში მოექცა.

საინტერესოა, რომ „რუსთავი 2“-ის ორი ყოფილი მეპატრონე: დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ქიბარ ხალვაშს და მისი გამარჯვების შემთხვევაში იმედი აქვთ, რომ მათი დარღვეული უფლებებიც აღდგება.

თავის მხრივ, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელები: ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები პრესის საშუალებით ირწმუნებიან, რომ ქიბარ ხალვაში, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ. თავად ძმები ყარამანიშვილები მედიის წინაშე ამ დრომდე, საჯაროდ არ გამოჩენილან.

XS
SM
MD
LG