რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ოფიციალური პირების თქმით, ორშაბათს რუსეთი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ქალაქებს დაესხა თავს. შედეგად, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიებზე, თავდასხმები გააძლიერა, რაც, მისი თქმით, უკრაინელების აშკარა დაშინების მცდელობაა, რათა დანებებისკენ უბიძგოს. რუსეთ-უკრაინის ომი, 1000-დღიან ეტაპს უახლოვდება.
”რუსეთი ყოველ დღე, ყოველ ღამე, ერთსა და იმავე ტერორს ახორციელებს”, - დაწერა ზელენსკიმ "ტელეგრამში".
რუსეთიც და უკრაინაც ახლა ელიან, თუ როგორ შეცვლის ან შეცვლის თუ არა ვაშინგტონი ომის პოლიტიკას მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი, იანვარში, პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
უკრაინის სამხრეთის ქალაქ მიკოლაივზე რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 45 წლის ქალი დაშავდა, განაცხადეს ადგილობრივ ხელისუფლებაში. დაახლოებით, 20-მა ადამიანმა კი ფსიქოლოგიური დახმარება ითხოვა, თავდასხმის შემდეგ. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმამ ასევე დააზიანა სახლები და მაღაზიები.
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ ზაპორიჟიაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის გამო, სამი ძლიერი ბომბის აფეთქებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბიჭი.
დარტყმებმა ნაწილობრივ გაანადგურა ორსართულიანი კორპუსი და დააზიანა საერთო საცხოვრებელი.
თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქი კრივი რიჰიც, სადაც ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსს, ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა.