ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისაუბრეს თუ არა ტრამპმა და პუტინმა? - კრემლი მედიის ცნობებს უარყოფს


ფოტო არქივიდან: აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დიდი ოცეულის სამიტი, 2019 წელი.
ფოტო არქივიდან: აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დიდი ოცეულის სამიტი, 2019 წელი.

შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, ამ დროისთვის უცნობია. ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ და ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ, წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შედგა, კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ არ უარყვია და არც დაუდასტურებია ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს. დონალდ ტრამპის ვებგვერდზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ იძებნება. ტრამპის კომუნიკაციების დირექტორი, სტივენ ჩუნგი AFP-სთან წერილობითი კომუნიკაციის დროს განმარტავს, რომ „არ აკეთებს კომენტარს პრეზიდენტ ტრამპსა და სხვა მსოფლიო ლიდერებს შორის პირად ზარებზე“.

კრემლში კი ამბობენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის სრული სიცრუე. ეს არის ფიქცია, ეს არის უბრალოდ ცრუ ინფორმაცია. არანაირი საუბარი არ ყოფილა", - ამბობს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

“ვაშინგტონ პოსტი“ და ბრიტანული „როიტერი“, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, არ მოეხდინა უკრაინაში ომის ესკალაცია. "როიტერის" ინფორმაციით, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ხელისუფლებაც.

„ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში იმყოფებოდა. წყარო გამოცემასთან საუბარის დროს ამბობს, რომ ზარის მიზანი „უკრაინაში ომის საკითხის დროული გადაწყვეტა“ იყო.

ამერიკის ოფიციალურ პირებს, ბაიდენის ადმინისტრაციიდან, ამ დრომდე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამბობდა, რომ ის უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებდა. ტრამპი განმარტავდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, ეს ომი არ დაიწყებოდა. ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ომი და მშვიდობა იყო, იმაზე ხაზგასმით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, 2016-2020 წლებში ომი არ დაწყებულა.

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ იფნორმაციის გავრცელებამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. არსებული ინფორამციით, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს ილონ მასკიც ესწრებოდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG