სააგენტო „როიტერის“ წყაროებმა ოთხშაბათს თქვეს, რომ თეთრი სახლი გეგმავს მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარება სასწრაფოდ გაგზავნოს უკრაინაში იმის იმედით, რომ ეს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კიევში მთავრობას გაამყარებს.
ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ იანვარში უფლებამოსილების ვადის გასვლამდე „ადმინისტრაცია გეგმავს მოქმედებას, რათა უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე გაიყვანოს.“
ტრამპი ბაიდენის უკრაინისადმი დახმარების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, რაც პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობისადმი დახმარების მომავლის შესახებ შეშფოთებას აღვივებს იმ გარემოებაში, როდესაც თეთრ სახლს, სენატს და შესაძლოა წარმომადგენელთა პალატასაც რესპუბლიკელები გააკონტროლებენ.
2023 წლიდან წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები მცირე უპირატესობით აკონტროლებენ და ოთხშაბათისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რესპუბლიკელებმა მიიღეს თუ არა საკმარისი ადგილები, რათა დემოკრატებს მცირე უმრავლესობის მიღების საშუალება არ მიეცეს.
რესპუბლიკელების მიერ კონტრილირებულმა კონგრესმა უკრაინისთვის დახმარება ბოლოს აპრილში დაამტკიცა, ბაიდენის მიერ დამატებითი დახმარების მოთხოვნიდან რვა თვის შემდეგ. ამაში შედიოდა ნებართვა ბაიდენისთვის, ამერიკული მარაგებიდან უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი გადაეცა.
აპრილში დამტკიცებული იარაღის გადაცემის ნებართვით გათვალისწინებული მოცულობიდან 4.3 მილიარდი დოლარია დარჩენილი იმ 2.8 მილიარდზე დამატებით, რომელიც კანონმდებლებმა წინა გადაწყვეტილებით გამოყვეს და ასევე უკვე არსებულ 2 მილიარდზე დამატებით, რომელიც მწარმოებლებისგან ახალი იარაღის შეძენისთვის იყო განკუთვნილი.
მთლიანობაში 9 მილიარდიანი სამხედრო დახმარება, უკრაინის შესაძლებლობებს საგრძნობლად გაზრდიდა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რესპუბლიკელების მიერ თეთრი სახლის და წარმომადგენელთა პალატის სულ მცირე ნახევრის კონტროლის პირობებში, უკრაინისადმი დამატებითი დახმარება უეჭველი ვერ იქნება.