ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი მოკავშირეებთან ხაზს უსვამს სამხედრო ძლიერების შენარჩუნების აუცილებლობას


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს, 6 სექტემბერს, გერმანიაში გამართული შეხვედრის დროს, სამხედრო მოკავშირეებს განუცხადა, რომ მის ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი შესაძლებლობა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის, „რათა რუსეთი იყოს მოტივირებული მშვიდობის ძიებისთვის“.

”ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთის ქალაქები და რუსი ჯარისკაცებიც კი, იფიქრონ იმაზე, რაც საჭიროა: მშვიდობა თუ პუტინი,” - განუცხადა ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებს, რომელიც ამერიკის ხელმძღვანელობით 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციას წარმოადგენს და კოორდინაციას უწევს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეკრებილ ჯგუფის წევრებთან შესახვედრად ჩავიდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკაში კონკრეტული სამხედრო იარაღის უკრაინისთვის მიწოდების და გამოყენების პოლიტიკაში ცვლილება არ მომხდარა. პოლიტიკა, რომელიც უკრაინას არ აძლევს საშუალებას გამოიყენოს ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე სასროლად. თეთრმა სახლმა გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა, ასეთმა ქმედებამ შეერთებული შტატები რუსეთთან უშუალო კონფლიქტამდე მიიყვანოს.

როდესაც ჟურნალისტებმა ამერიკის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ჰკითხეს ზელენსკის თხოვნის შესახებ, მან თქვა, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული იარაღი, რომელიც გადამწყვეტი იქნება ამ ომში.

”უკრაინას აქვს საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, ესროლოს სამიზნეებს, რომლებიც სცილდება "ატაკამსის", ან "სტორმ შედოუს რადიუსს” - თქვა მან და მიუთითა შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებულ, ორ შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემაზე.

ამერიკის თავდაცვის მდივნის აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. მაგრამ, როდის დადგება ეს მომენტი და როდის დაესმება ომს წერტილი, ამის პროგნოზირება რთულია.

”ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინა შესაძლებლიდან საუკეთესო პოზიციაში იყოს სამომავლოდ იმისთვის, როდესაც ეს დრო მოვა”, - თქვა მან.

თუმცა, ზოგიერთი სხვა მოკავშირე ოსტინის აზრს არ იზიარებს. მაგალითად, კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა, იმავე დღეს თქვა, რომ კოალიციამ მხარი უნდა დაუჭიროს ზელენსკის „ძალიან გონივრულ“ მოთხოვნას, მეტი სამხედრო საშუალების მიწოდების თაობაზე. მისი თქმით, უკრაინელებმა გარანტიები გასცეს, რომ ისინი იარაღს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯგუფს, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენაც.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინას უპილოტო და სარაკეტო თავდასხმების ტალღამ გადაურა. ზელენსკიმ თქვა, რომ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროება აშკარაა. მან მადლობა გადაუხადა ჯგუფს მიღებული სისტემებისთვის, მაგრამ თქვა, რომ არსებობს საჰაერო თავდაცვის ნაწილების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ჯერ არ არის მიწოდებული.

”მსოფლიოს აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ტერორს შედეგი არ მოჰყვეს,” - თქვა მან.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ ის "იმედგაცრუებულია" პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის სისტემების ნელი მიწოდებით. უკრაინას "პატრიოტებს" ნატოს სამიტზე, ივლისში დაჰპირდნენ.

რამშტაინის ბაზაზე მყოფმა ოსტინმა უკრაინისთვის ახალი ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 250 მილიონი დოლარია. დახმარება მოიცავს უფრო მეტ საბრძოლო მასალას "ჰაიმარსებისთვის" და ჯავშანტრანსპორტიორებისთვის.

დღესვე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნაზე ოსტინმა თქვა, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას „დღეს რუსული აგრესიის თავიდან აცილებაში და ხვალ რუსეთის აგრესიის შეკავებაში“. მისი თქმით, გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, უკრაინამ უნდა გააგრძელოს საკუთარი თავდაცვის წარმოების გაზრდა.

ოსტინმა ასევე დასძინა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მრავალი წევრი უკვე მხარს უჭერს ამ ძალისხმევას და აღნიშნა, რომ დანია ვალდებულია დაიცვას თავისი უახლესი $115-მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტის პირობები, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიიდან იარაღის შესაძენად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG