ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურსკში გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჩავიდა


კურსკის ატომური ელექტროსადგური. კურჩატოვი, რუსეთი. 27 აგვისტო, 2024 წ.
კურსკის ატომური ელექტროსადგური. კურჩატოვი, რუსეთი. 27 აგვისტო, 2024 წ.

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი სამშაბათს, 27 აგვისტოს რუსეთის ქალაქ კურჩატოვში ჩავიდა და ატომური ელექტროსადგური დაათვალიერა. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, სადაც გროსი, რომელმაც არაერთხელ გააფრთხილა მხარეები შესაძლო ბირთვული კატასტროფის თაობაზე, თუკი ატომურ სადგურებზე თავდასხმა არ შეწყდება, რუს ჩინოვნიკებს ესაუბრება.

რუსეთი აცხადებს, რომ კურსკის რეგიონში მდებარე ელექტროსადგურს უკრაინა საარტილერიო ცეცხლით უტევს. რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის ძალები, რომლებიც კურსკის ათეულობით დასახლებას აკონტროლებენ, მისგან დაახლოებით 40 კილომეტრში იმყოფებიან. კიევს ამ საკითხზე საპასუხო განცხადება აქამდე არ გაუკეთებია.

ელექტროსადგურის უსაფრთხოების საკითხი არაერთხელ დადგა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და მათ დღემდე აკონტროლებს.

დაახლოებით ორნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 6 აგვისტოს, უკრაინის არმიაც შეიჭრა რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. კიევი ამბობს, რომ კურსკის რაიონში უკრაინის ძალები ასამდე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის მოსაზღვრე კურსკის რეგიონზე თავდასხმის მიზანი ერთგვარი "ბუფერული ზონის" შექმნაა, რამაც რუსეთის "ომის მანქანაც" უნდა დააზიანოს.

კურსკის ატომური ელექტროსადგური საბჭოთა ეპოქის RBMK-1000 ტიპის რეაქტორებითაა აღჭურვილი. ეს ის რეაქტორებია, რომლებიც უკრაინაში, ჩერნობილის სადგურზე იყო განთავსებული - მსოფლიოს უდიდესი სამოქალაქო ბირთვული კატასტროფის ადგილზე. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სწორედ ერთ-ერთი რეაქტორი აფეთქდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG