შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, დევიდ კოენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურსკის რეგიონში უკრაინული ჯარის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრიერიშს დაიწყებს, მაგრამ რუსულ ძალებს წინ „ძნელი ბრძოლა“ ელის.
კოენმა ეროვნული უსაფრთხოების ინდუსტრიის კონფერენციას 28 აგვისტოს უთხრა, რომ უკრაინის შეჭრის მნიშვნელობა, რომლის დროსაც რუსეთის პროვინციის 777 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, ჯერ კიდევ სრულად ცნობილი არ არის.
უკრაინულმა ძალებმა 6 აგვისტოს რუსეთის დასავლეთი საზღვარი გაარღვია და კურსკის რეგიონში მოულოდნელი იერიში დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება.
კიევმა განაცხადა, რომ დაკავებული ტერიტორიის ანექსიას არ აპირებს, მაგრამ უკრაინული ძალები თავდაცვით ზღუდეებს აშენებენ და როგორც ჩანს, განზრახული აქვთ „ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, გარკვეული დროით შეინარჩუნონ“, უთხრა კოენმა დაზვერვის და ეროვნული უსაფრთხოების კონფერენციას.
„შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი კონტრიერიშს დაიწყებს რათა ტერიტორია დაიბრუნოს, ვფიქრობ ჩვენ ველით, რომ ეს რუსებისთვის ძნელი ბრძოლა იქნება“, თქვა კოენმა.
კოენმა იქვე დაამატა: „პუტინი არა მხოლოდ იმ ფაქტის წინაშე აღმოჩნდება, რომ ფრონტის ხაზი რუსეთის ტერიტორიის შიგნითაა, რომელთან გამკლავებაც სჭირდება. მას ასევე მოუწევს საკუთარ საზოგადოებაში იმაზე გამოხმაურებასთან გამკლავებაც, რომ მან რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დაკარგა“.
დეტალებზე ყურადღების გამახვილების გარეშე მან გააგრძელა: კურსკში უკრაინის წარმატებას „აქვს პოტენციალი, რომ კონფლიქტის დინამიკა შეცვალოს, ცოტა წინ წაიწიოს“.
უკრაინამ განაცხადა, რომ კურსკში შეჭრის შედეგად, 100 დასახლებული პუნქტი დაიკავა. იმავდროულად, რუსეთის ძალები აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში მცირე წინსვლას აგრძელებს.
კოენმა თქვა, რომ რუსეთი იმ წინსვლას ჯარისთვის და აღჭურვილობისთვის „ექსტრაორდინარულ ფასად“ აღწევს და უკრაინული ლოგისტიკის საკვანძო პუნქტ, ქალაქ პოკროვსკს „ან დაიკავებს, ან ვერ დაიკავებს, თუმცა საბოლოოდ, სტრატეგიული აზრით, რუსებისთვის ეს ვერაფერი ვითარებას რადიკალურად ვერ შეცვლის“.
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან ომი საბოლოოდ დიალოგით დასრულდება, მაგრამ უკრაინას ძლიერი პოზიცია უნდა ჰქონდეს და ის თავის გეგმას პრეზიდენტ ბაიდენს და მის ორ პოტენციურ შემცვლელს წარუდგენს.
პუტინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება იმით უნდა დაიწყოს, რომ უკრაინამ „ადგილზე არსებული რეალობა“ მიიღოს, ანუ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი და ყირიმი დარჩეს.
უკრაინა ამბობს, რომ კურსკის რეგიონში 1200 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებს.